Thumbnail
  • გელა ზაალიშვილსა და ლევან მატიაშვილს კვარცხლბეკზე ასვლის შანსი აქვთ
  • ავთანდილ ჭრიკიშვილი პირველივე შეხვედრაში რუს ძიუდოისტთან დამარცხდა

ქართველი მძიმეწონოსანი ძიუდოისტები გელა ზაალიშვილი და ლევან მატიაშვილი (+100 კგ.) უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე გრანდ სლემის ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ.

ზაალიშვილმა ყირგიზ იური კრაკოვეცკის იპონით სძლია, უნგრელ რუჩარდ სიპოჩთან კი ვაზარით აგებდა, თუმცა, მეტოქეს მე-3 შიდო აჰკიდა და მეითხედფინალში გავიდა, სადაც რუს ინალ ტასოევთან იპონზე დაეცა. ქართველი ძიუდოისტი ამ ორთაბრძოლას ვაზარით იგებდა, თუმცა, საქმის ბოლომდე მიყვანა ვერ მოახერხა. ამგვარად, გელა რეპეშაჟში გადაერთო, სადაც უზბეკი ბეკმუროდ ოლტიბოევი დააიპონა და ბრინჯაოს მედლისთვის ნიდერლანდელ იურ სპიიკერს დაუპირისპირდება.

📺 გელა ზაალიშვილი V  ბეკმუროდ ოლტიბოევი

მსგავსი გზა გაიარა მატიაშვილმაც, რომელმაც საწყის წრეში იპონით ყაზახ იერასილ კაჟიბაიევს აჯობა, ბრაზილიელ დავიდ მოურას 3 შიდო მიაღებინა, მეოთხედფინალში კი რუს ტამერლან ბაშაევთან ვაზარით დამარცხდა. ლევანიც სანუგეშო რაუნდში აღმოჩნდა, სადაც ბრაზილიის ნაკრების კიდევ ერთი წევრი რაფაელ სილვა იპონზე დასცა და კვარცხლბეკზე ასასვლელად ებრაელ ორ სასონს გაეჯიბრება.

📺 ლევან მატიაშვილი V რაფაელ სილვა

დღესვე, 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ავთანდილ ჭრიკიშვილმა ვერცერთი ბრძოლის მოგება ვერ მოახერხა, რადგანაც საწყის ორთაბრძოლაში რუს მიხაილ იგოლნიკოვთან იპონით დამარცხდა. ფინალური ბლოკი სტარტს თბილისის დროით 20:00 საათზე აიღებს.

კომენტარები

ბოლო ამბები