Thumbnail

კუმანს მსაჯების კრიტიკის გამო ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ემუქრება

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ბარსელონას მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი შესაძლოა, ხანგრძლივი დისკვალიფიკაციით დაისაჯოს. Sport იტყობინება, რომ ნიდერლანდელს სასჯელი მადრიდის რეალთან მატჩის შემდეგ მსაჯების კრიტიკის გამო ემუქრება.

კუმანმა "ელ კლასიკოში" მარცხის შემდეგ განაცხადა, რომ მსაჯები VAR-ს მხოლოდ მისი გუნდის წინააღმდეგ იყენებენ. ამიტომ, არაა გამორიცხული, რომ ბარსას თავკაცის წინააღმდეგ საჩივარი სადისციპლინო კომიტეტს გადაეცეს და შესაბამისი პროცედურაც დაიწყება. სადისციპლინო კოდექსის თანახმად, მსაჯების პატიოსნებასა და მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის გამო კონკრეტული პირი შეიძლება დისკვალიფიცირებული იყოს 4-დან 12 მატჩამდე. აგრეთვე, დაისაჯოს ფინანსური ჯარიმით 3 000 ევროს ოდენობით.

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის მიმდინარე ტურში ბარსელონამ რეალთან 1:3 წააგო. "ბლაუგრანამ" მიმდინარე სეზონში ჩემპიონატში ზედიზედ მე-3 მოუგებელი თამაში ჩაატარა და მიჯრით მეორედ წააგო. კატალონიურმა გრანდმა სეზონი ძალიან არასტაბილურად დაიწყო  და 5 თამაშში მხოლოდ 7 ქულა აქვს მოპოვებული.

📺 ბარსელონა v რეალი [მიმოხილვა]

კომენტარები

ბოლო ამბები