Thumbnail

Xbox-ის ახალი ინიციატივა: მალე, შესაძლოა, სათამაშოდ კონსოლები აღარ დაგჭირდეთ

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • ვიდეოთამაშებს პირდაპირ ტელევიზორზე ითამაშებთ
  • 2021 წელს, შესაძლებელია, ვიდეოთამაშების მხარდაჭერა ინტერნეტ ბრაუზერსაც ჰქონდეს

მალე, შესაძლოა, ვიდეოთამაშებით პირდაპირ ტელევიზორისა და ქლაუდ გეიმინგის სისტემის საშუალებით გაერთოთ: Xbox-ი CEO-მ, ფილ სპენსერმა მიანიშნა, რომ კომპანია ახალ პროდუქტზე, ე.წ. Streaming Sticks'-ზე მუშაობს. ამ მოწყობილობას ტელევიზორთან მიაერთებთ და  თქვენი Xbox-ის ექაუნთიდან თამაშებს პირდაპირ ქლაუდის საშუალებით ითამაშებთ. მათი გადმოწერა და კონსოლზე ინსტალაცია საჭირო აღარ იქნება.

''შესაძლოა, ასეთი რამე Xbox-ის გამომწერებისთვის, სულ მალე გახდეს ხელმისაწვდომი.'' განაცხადა ფილ სპენსერმა.

Xbox-ის CEO-მ ასეთი ტექნოლოგიის საჭიროება, გამოცემა The Verge-სთან ინტერვიუში შემდეგნაირად ახსნა:

ფილ სპენსერი XBOX-ის პრეზენტაციაზე

''ვფიქრობ, რომ გეიმინგის ბიზნესში სულ მალე გახდება საჭირო იაფფასიანი მოწყობილობები, რომელიც კონსოლებს, მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც ჩაანაცვლებს. წარმოიდგინეთ, რომ ამ მოწყობილობას პირდაპირ ტელევიზორზე მიაერთებთ და xCloud-დან ითამაშებთ. ამისთვის მხოლოდ ჯოისტიკის ყიდვა დაგჭირდებათ.''

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა სპენსერმა ტრადიციული Xbox-ის ჩანაცვლების შესაძლებლობა ახსენა. სპენსერი ამ მხრივ, თავისი გამორჩეული შეხედულებებით, დიდი ხანია ცნობილია. 

''ადამიანს აიძულო, რომელიღაც სპეციფიკური კონსოლის ან სხვა მოწყობილობის ყიდვა, იმისათვის, რომ საყვარელი თამაშებით გაერთოს, მერე კი კიდევ სხვა კონსოლი შესთავაზო: ეს დამოკიდებულება გეიმინგის ფილოსოფიას ეწინააღმდეგება. გეიმინგი მოწყობილობებს უნდა კარნახობდეს თამაშის წესებს და არა - პირიქით.'' განაცხადა მან რამდენიმე თვის წინ, GamesIndustry-სთან ინტერვიუში.

თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს,რომ სპენსერი კონსოლების გაქრობის მომხრეა. Stratechery-სთან ინტერვიუში, მან ახსნა, რომ, მისი აზრით, კონსოლი, როგორც მოწყობილობა, Xbox-ის გამომწერებისთვის, გამოწერის ფასში უნდა შედიოდეს და არა ცალკე იყიდებოდეს.

Xbox, კარგა ხანია, xCloud-ის სისტემაზე მუშაობს და ის, ნელ-ნელა მიიწევს წინ: ახლა უკვე თქვენი თამაშებით გართობა Xbox-თან დაკავშირებულ სხვადასხვა პლატფორმებზე შეგიძლიათ. კომპანია გვპირდება, რომ 2021 წელს ისეთ ოპერაციულ სისტემასაც გამოუშვებს, რომელიც ვიდეოთამაშებს პირდაპირ კომპიუტერის ინტერნეტ ბრაუზერში თამაშის საშუალებას მოგვცემს. 

თუმცა, ეს ყველაფერი, ჯერ სამომავლო პერსპექტივაა. იქამდე კი, თუ უახლესი კონსოლების შეძენა გსურთ, Xbox-ის ახალი თაობის Series X და Series S გაყიდვაში 10 ნოემბერს გამოდის. Series X-ის ფასი 499, ხოლო Series S-ის კი 299 დოლარია.

კომენტარები

ბოლო ამბები