Thumbnail

‘ამაზე არავინ ლაპარაკობს, ეს სიგიჟეა!’ - ზაზა ფაჩულია კავაისთან ინციდენტზე

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ზაზა ფაჩულიამ 3 წლის წინანდელ ამბავზე ისაუბრა
  • მან კავაი ლეონარდთან სკანდალური ინციდენტი გაიხსენა
  • ფაჩულია აცხადებს, რომ მაშინვე კავაის ნომერი გაიგო და მისწერა

ზაზა ფაჩულიას და კავაი ლეონარდის ცნობილი ინციდენტის შემდეგ 3 წელიწადზე მეტი გავიდა, მაგრამ ამაზე დღემდე საუბრობენ და ალბათ მომავალშიც ისაუბრებენ.

ეს არის ინციდენტი, რომელიც კავაის და ზაზას შორის 2017 წლის 14 მაისს, დასავლეთ კონფერენციის ფინალში მოხდა - ერთ ეპიზოდში, დახტომისას, ლეონარდმა ფეხი ფაჩულიას ფეხს დააბიჯა და ტრავმა მიიღო. ბევრის აზრით, ქართველმა ცენტრმა ეს მაშინ სან ანტონიოს ფორვარდის წინააღმდეგ განზრახ გააკეთა, თუმცა NBA-მ სხვაგვარად განსაჯა და ფაჩულია არც დაუჯარიმებია. ის სერია გოლდენ სტეიტმა იოლად მოიგო, კავაი ლეონარდმა კი დიდხანს ვეღარ ითამაშა.

ამერიკაში ბევრს მიაჩნდა, რომ კავაის ტრავმა ზაზას ბრალი იყო. მართალია, NBA-მ ფაჩულია არ დასაჯა, მაგრამ წესში შემდეგ ცვლილება შეიტანეს (არაოფიციალურად ამ წესს "ზაზას წესი" ეწოდა), ახლა ამ ფოლზე მსაჯებს განზრახ, ან ტექნიკური შენიშვნის მიცემა შეუძლიათ.

ფაჩულია ამბობს, რომ ეს იყო უნებლიე ინციდენტი და ლეონარდისთვის წინასწარ განზრახვით არ მიუყენებია ზიანი. სან ანტონიოს მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩი კი სულ სხვა აზრის იყო.

ფაჩულია დეტალებს იხსენებს

კავაისთან ინციდენტზე ფაჩულიამ ახლა გრანტ ლიფმანთან ისაუბრა. ზაზამ საუბარი დენი გრინის მაგალითით დაიწყო, რომელსაც ფანები ემუქრებოდნენ:

“დენის კომენტარები მოვისმინე და განვიცადე, რადგან ჩემს ოჯახთან ერთად, ასეთი რამ მეც გადატანილი მაქვს - სან ანტონიოსთან სერიის შემდეგ. გულახდილები ვიყოთ, 2020 წელია, ხომ იცით, სოციალური მედია და ინტერნეტი...  ვნახოთ, რამდენჯერ მოხდა ასეთი რამ მანამდე და მას შემდეგ. რამდენჯერ ხდება ეს ახლა, ამდენი სამქულიანის დროს. რეალურად, ნებისმიერი სამიანის დროს არის შანსი, რომ კალათბურთელი ისე დახტეს, როგორც მაშინ კავაი. როგორც თქვი, ასეთები მანამდეც ბევრჯერ მოხდა და მას შემდეგაც. მგონი, იმაზე უნდა ვილაპარაკოთ, რატომ მიექცა მაინცდამაინც ამ მომენტს ამხელა ყურადღება, რატომ ლაპარაკობდა ყველა ამაზე.”

ფაჩულიას აზრი ასეთია: “ფავორიტი გუნდი არავის მოსწონს. იმ სერიაში გოლდენ სტეიტი იყო ფავორიტი, სან ანტონიო კი - აუტსაიდერი. პირველი თამაში იყო, 20 ქულითაც კი იგებდნენ. კევინ დურანტი კარგად არ თამაშობდა. კავაიმ დიდი გავლენა იქონია პირველ ტაიმში KD-ის თამაშიდან გათიშვაზე. პასუხგაუცემელია კითხვა: “რა მოხდებოდა, რომ არა ის მომენტი?” ფიქრობენ, რომ შედეგი, შეიძლება, სხვანაირი ყოფილიყო, შესაძლოა, ფინალი სან ანტონიო-კლივლენდი ყოფილიყო. მჯერა: ჩემი და კავაის შემთხვევა რომ არა და პირველი თამაშიც წაგვეგო, მაინც დავბრუნდებოდით და სერიას მაინც მოვიგებდით. შესაძლოა, 4:1 მოგვეგო, ან 4:3, ან იქნებ 4:3 - რა მნიშვნელობა აქვს? ჩვენ აუცილებლად მოვიგებდით იმ სერიას.”

'ბევრი დეტალი შეგვიძლია მოვიგონოთ, მაგრამ ეს შემთხვევითობა იყო'

ზაზა მიაჩნია, რომ მისი და კავაის მომენტის გამძაფრებაში მედიამ დიდი როლი ითამაშა: “ჟურნალისტებს სხვა ბევრი არაფერი ჰქონდათ დასაწერი და სალაპარაკო. ჩემი და კავაის მომენტი დაიჭირეს და გადაწყვიტეს, უფრო საინტერესო გაეხადათ. ახალი ამბები ხომ უნდა გაეყიდათ?! ყველამ ვიცით, როგორ მსოფლიოში ვცხოვრობთ, იმდენი მედია არსებობს… მათთვის მთავარია, რომ ხალხმა დააკლიკოს. ვფიქრობ, რომ იმ სიტუაციაში ჩამითრიეს. რაც უნდა ყოფილიყო, თავს მართლაც ძალიან ცუდად ვგრძნობდი.”

“კიდევ ერთი მომენტი, პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალი: შემთხვევამდე 2 წუთით ადრე, კავაიმ თავის საკუთარ თანაგუნდელს დააბიჯა და ტერფი გადაუტრიალდა. ორი წუთით ადრე! ამაზე არავინ ლაპარაკობს, არავინ! ვფიქრობ, ეს სიგიჟეა. ბევრი დეტალი შეგვიძლია მოვიგონოთ, მაგრამ ეს შემთხვევითობა იყო.”

“ფანები იმას ამბობენ, რისი თქმაც სურთ, მე არ მაქვს მათთან პრობლემები, არ შემიძლია, დავეთანხმო, არ შემიძლია ვებრძოლო მათ იმაზე, ეს შემთხვევითობა იყო, თუ გამიზნული საქციელი ჩემი მხრიდან. პროფესიონალებისთვის და მათთვის, ვინც ამ თამაშს თამაშობს, სამწუხარო იყო იმის მოსმენა, თითქოს მე ეს განგებ ჩავიდინე.” 

“პირველი, რაც ამ ინციდენტის შემდეგ გავაკეთე ის იყო, რომ კავაის ნომერი გავიგე და მესიჯი გავუგზავნე. ბოდიში მოვუხადე და მივწერე, მომისმინე, ეს ნამდვილად არ იყო გამიზნული საქციელი-მეთქი. პარკეტზე მალე დაბრუნება ვუსურვე. მინდოდა, კავაის ჩემგან სცოდნოდა, რადგან იმდენი რამ ითქვა ყველა მხრიდან... მას არ უპასუხია. პასუხს არც ველოდი. ჩემი მთავარი მიზანი იყო, ლეონარდს ჩემგან გაეგო, რომ ვწუხდი იმის გამო, რაც მოხდა და რომ ეს განგებ არ გამიკეთებია. იმიტომ, რომ სამწუხაროდ, ბევრმა ჩვენმა კოლეგამაც თქვა, რომ თითქოს ეს განზრახ გავაკეთე.”

'ერთ-ერთი პირველი, ვინც მხარი დამიჭირა, კევინ დურანტი იყო'

“ჩემმა თანაგუნდელებმა იცოდნენ, რაც მოხდა. ერთ-ერთი პირველი, ვინც მხარი დამიჭირა, კევინ დურანტი იყო. იმავე ღამეს დამირეკა სტეფმაც. მგონი დღემდე მაქვს მისი მესიჯი შენახული - მწერდა, რომ არ მიმექცია ყურადღება, რომ დიდი მიზანი გვქონდა და ახლოს ვიყავით ჩემპიონობასთან. იმ უორიორსში მე სასტარტო ხუთეულის წევრი გახლდით. მწვრთნელებმაც მხარი დამიჭირეს… კონფერენციის ფინალი იყო, არ იყო იმის დრო, რომ ამისთვის დიდი ყურადღება და დრო დაგვეთმო.”

“პლეი ოფებს ვუყურე. კაილ კორვერი იდენტურ სიტუაციაში აღმოჩნდა ანდრე იგუდალასთან. სხვათა შორის, თამაშის მერე ანდრეს მივწერე, WOW კაილმა ზაზა ფაჩულია გაგიკეთა მეთქი. კაილი ბინძური მოთამაშეა? აბსოლუტურად არა! როგორც ვთქვი, ასეთები ხდებოდა, ხდება და სამწუხაროდ, კიდევ მოხდება. ამას თავიდან ვერ აიცილებ. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წესი შეიცვლება, ამას ვერ აიცილებ. ცხადია, ეს არ არის განზრახ ჩადენილი, ეს შემთხვევითობაა.”

კომენტარები

ბოლო ამბები