Thumbnail
  • შოტლანდია 48:7 საქართველო
  • საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებებმა ისტორიაში მეხუთედ ითამაშეს
  • შოტლანდიელებმა 'ბორჯღალოსნებს' 8 ლელო დაუდეს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 8-თვიანი პაუზის შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა. ლევან მაისაშვილის გუნდი შოტლანდიის ნაკრებთან ''მარიფილდზე'' 7:48 დამარცხდა.

''ბორჯღალოსნებმა'' პირველი ლელო უკვე მე-2 წუთზე გაუშვეს. საქართველოს ნაკრებმა ბურთი მალევე დაკარგა - დარსი გრეჰემმა კი ზედიზედ მესამედ მოახერხა საქართველოს ნაკრებისთვის ლელოს დადება, ადამ ჰასტინგსმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა და შოტლანდია 7:0 დაწინაურდა.

ამ მომენტის შემდეგ, შოტლანდიელებმა რამდენჯერმე შემოგვიტიეს, თუმცა საქართველომ თავის დაცვა მოახერხა. აღსანიშნავია, რომ ''ბორჯღალოსნები'' რამდენჯერმე შეცდნენ და ბურთი მეტოქეს ჩააბარეს. შეხვედრის 26-ე წუთზე შოტლანდიას ლელოს დადების კარგი შანსი მიეცა. ლექსო ყაულაშვილი დაჯარიმდა. თაუნსენდის გუნდმა ბურთი აუტში გადაიტანა, რის შემდეგაც აუტის მოგებაც მოახერხა და ქართველები მოლში საგრძნობლად დაჩაგრა. ბურთი ჩათვლის მოედანში ფრეიზერ ბრაუნმა დაამიწა, რომელმაც კაპიტნის რანგში შოტლანდიის ნაკრებში პირველი მატჩი ჩაატარა.

მასპინძლებმა მე-3 ლელო მატჩის 32-ე წუთზე დადეს. ჰემიშ უოტსონმა აკაკი ტაბუცაძეს აჯობა და ნაკრებში მე-4 ლელო მიითვალა. მასპინძლებმა პირველი ტაიმი 17:0 მოიგეს.

საქართველოს ნაკრებმა მატჩის მეორე ნახევარი შედარებით უკეთესად დაიწყო და 43-ე წუთზე ლელო დადო! შოტლანდიელებს ბურთი წინ დაუვარდათ, რის შემდეგაც შერკინება დაინიშნა, რომლის შემდეგაც ვასილ ლობჟანიძემ ტაბუცაძეს პასი მიაწოდა და აკამაც ნაკრებში მესამე თამაშში მე-6 ლელო გაიტანა, ხოლო თედო აბჟანდაძემ გარდასახვის გატანა შეძლო - 7:17 შოტლანდიის ნაკრების სასარგებლოდ. 

საქართველოს ნაკრებისთვის ეს შოტლანდიასთან დადებული მე-4 ლელოა ისტორიაში

მასპინძლებმა უპირატესობის სწრაფად დაბრუნება მოინდომეს. ისინი ლელოს დადებასთანაც ახლოს იყვნენ, თუმცა ნოდარ ჭეიშვილმა ბურთი თვითონ დაამიწა და საქართველომ შოტლანდიელთა ძალიან ძლიერი შეტევა მოიგერია. სამწუხაროდ, ზუსტად ერთ წუთში  შოტლანდიამ ლელო მაინც დადო. მეტოქემ აუტი მარტივად მოიგო და მოლი ძალიან სწრაფად დაძრა - ფრეიზერ ბრაუნმა პირველი საკაპიტნო კეპი დუბლით აღნიშნა, თუმცა ჰასტინგსმა გარდასახვა ისევ ვერ გაიტანა - 22:7.

შეხვედრის მე-60 წუთზე ცვლილებაზე შესულმა სტიუარ მაკკინალიმაც შეძლო ლელოს დადება და შოტლანდიის ნაკრების უპირატესობა 20 ქულამდე გაზარდა, რის შემდეგაც ადამ ჰასტინგსმა 5-დან მხოლოდ მეორე ლელოს გარდასახვა მოახერხა და ანგარიში 29:7 გახდა.

ზუსტად 10 წუთში შოტლანდიამ კიდევ მეექვსე ლელო გაიტანა. დუან ვან დერ მერვემ ნაკრებში სადებიუტო ლელოთი გამოიჩინა თავი - 36:7. დარსი გრემმა 75-ე წუთზე მატჩში დუბლი შეასრულა და 14 კაცით დარჩენილ საქართველოს მე-7 ლელო გაუტანა. ლელომდე რამდენიმე წუთით ადრე გელა აფრასიძე გაასინბინეს.

79-ე წუთზე გიორგი კვესელაძეს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრა და ბლეირ კინგჰორნმა მე-8 ლელო გაიტანა, რითიც მატჩიც დასრულდა. შოტლანდიამ საქართველოს 48:7 მოუგო და ისტორიაში ''ბორჯღალოსნებთან'' მეხუთე გამარჯვება იზეიმა. საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მორიგ მატჩს ინგლისის ნაკრებთან გამართავს. 14 ნოემბერს ''ბორჯღალოსნები'' 8 ერის გათამაშებაში ჩაერთვებიან.

შოტლანდია

ძირითადი: 1. რორი საზერლენდი, 2. ფრეიზერ ბრაუნი, 3. ზანდერ ფაგერსონი, 4. ბენ ტულისი, 5. სკოტ კამინგსი, 6. ჯეიმი რიტჩი, 7. ჰემიშ უოტსონი, 8. მეტ ფაგერსონი, 9. ალი პრაისი, 10. ადამ ჰასტინგსი, 11. დუან ვან დერ მერვე, 12. ჯეიმს ლანგი, 13. კრის ჰარისი, 14. დარსი გრეჰემი, 15. ბლეირ კინგჰორნი.

სათადარიგო: 16. სტიუარტ მაკკინალი, 17. ოლი კებლე, 18. საიმონ ბერგანი, 19. რობ ჰარლი, 20. ნიკ ჰეინინგი, 21. კორნელ დუ პრიზი, 22. ჯორჯ ჰორნი, 23. ფინ რასელი.

საქართველო

ძირითადი: 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. ლექსო ყაულაშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. გრიგორ ქერდიყოშვილი, 6. ოთარ გიორგაძე, 7. ბექა საღინაძე, 8. ბექა გორგაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე, 10. თედო აბჟანდაძე, 11. სანდრო თოდუა, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 13. დემე თაფლაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 15. სოსო მათიაშვილი.

სათადარიგო: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. გიორგი მელიქიძე, 19. გიორგი ჯავახია, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. გელა აფრასიძე, 22. გიორგი კვესელაძე, 23. თამაზ მჭედლიძე.

კომენტარები

ბოლო ამბები