Thumbnail
  • შალკესთან მატჩის წინ ემრე ჯანს კოვიდ-19 დაუდასტურდა
  • რურის დიდ დერბის გადადების საფრთხე არ ემუქრება

რურის დიდ დერბიმდე ერთი დღით ადრე, დორტმუნდის ბორუსიას წამყვან ფეხბურთელ ემრე ჯანს კორონავირუსი დაუდასტურდა. 26 წლის ფეხბურთელი შალკესთან უმნიშვნელოვანეს მატჩს გამოტოვებს - გერმანიის ნაკრების მოთამაშე კარანტინშია.

ბორუსიას მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჯანს არანაირი სიმპტომები არ აქვს და იზოლაციაში მყოფი თავს კარგად გრძნობს. რაც მთავარია, BVB-ს ყველა სხვა თანამშრომლის ტესტების პასუხები უარყოფითია, რაც იმას ნიშნავს, რომ დორტმუნდისა და შალკეს დერბის გადადების საფრთხე არ ემუქრება.

ემრე ჯანი ამ სეზონში ბუნდესლიგის ყველა მატჩში ძირითად შემადგენლობაში იყო და ერთი გოლი გაიტანა. ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში, ლაციოსთან მან დისკვალიფიკაციის გამო არ ითამაშა. შესაბამისად, თანაგუნდელებთან ერთად იტალიაში არ ყოფილა.

დერბის შემდეგ დორტმუნდი სანკტ პეტერბურგის ზენიტთან მატჩისთვის დაიწყებს მზადებას - ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრა BVB-ს ოთხშაბათს ელოდება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები