Thumbnail
  • 'მთელი რიგი წამყვანი ფეხბურთელების არყოფნამ გუნდი კიდევ უფრო შეკრული გახადა'
  • დავით ხოჭოლავამ მადრიდის რეალთან სენსაციურად მოგებულ მატჩზე კომენტარი გააკეთა

დონეცკის შახტარის ქართველმა მცველმა დავით ხოჭოლავამ ჩემპიონთა ლიგის სასტარტო ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში რეალთან მოგებული მატჩი შეაფასა. შეგახსენებთ, რომ უკრაინული გუნდი მადრიდში 3:0-ს იგებდა, საბოლოოდ, 3:2 იმარჯვა, ქართველი ფეხბურთელი კი მინდორზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ხოჭოლავამ გასულ პერიპეტიებზე შახტარის ტელევიზიასთან ისაუბრა:

“ვფიქრობ, მთელი რიგი წამყვანი ფეხბურთელების არყოფნამ გუნდი კიდევ უფრო შეკრული გახადა. კარგად გვესმოდა, რომ წარმატების მიღწევა მხოლოდ მაშინ იყო შესაძლებელი, თუკი ბოლომდე დავიხარჯებოდით და ყველა ეპიზოდში ერთმანეთს დავაზღვევდით. ასეც გამოვიდა. ყველანი, ვინც მინდოტზე ვიყავით, თანაგუნდელების საქმესაც ვაკეთებდით. უკანასკნელ წუთებამდე ასე იყო და გავუძელით კიდეც”.

დავით ხოჭოლავამ რეალის ფეხბურთელებს გასაქანი არ მისცა

შეგახსენებთ, რომ დავითმა მადრიდულ მატჩში 90 წუთი ითამაშა და “ინსტატის” მონაცემებით, 338 ქულით, გუნდში მე-2 იყო. ის ჰაერშიც ბატონობდა – ორთაბრძოლების 86% მოიგო, ამას დამატებული კი, 15 ჩაჭრა მიითვალა, რაც მოგვიანებით ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში საუკეთესო მაჩვენებელი აღმოჩნდა. საბოლოო ჯამში, ხოჭოლავა სასტარტო ტურის საუკეთესო ათეულსაც (იმავე “ინსტატის” ვერსიით) დიდად არ ჩამორჩენილა. აი, საუკეთესოთა სიაც:

1. ლიონელ მესი (ბარსელონა) – 475 ქულა, 2. კინგსლი კომანი (ბაიერნი) – 450, 3. ტეტე (შახტარი) – 422, 4. ლუკ შოუ (მანჩესტერი) – 380, 5. ფრენკი დე იონგი (ბარსელონა) – 379, 6. კრისტიან რომერო (ატალანტა) – 378, 7. ჯოშუა კიმიხი (ბაიერნი) – 377, 8. ნეიმარი (პსჟ) – 376, 9. ბრუნო ფერნანდეში (მანჩესტერი) – 375, 10. ლეონ გორეცკა (ბაიერნი) – 371.

ვთქვათ ისიც, რომ შაბათს, 24 ოქტომბერს, შახტარი უკრაინის ჩემპიონატის ეგიდით პოლტავის ვორსკლას უმასპინძლებს და ხოჭოლავა ისევ სასტარტო შემადგენლობაში მოიაზრება. დონეცკელებს 6 ტურის თავზე 12 ქულა აქვთ და ლიდერ კიევის დინამოს 2 ქულით ჩამორჩებიან. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, შახტარს მე-2 ტურის შეხვედრა 27 ოქტომბერს, შინ, მილანის ინტერთან ელის.

📺 რეალი 2:3 შახტარი

კომენტარები

ბოლო ამბები