Thumbnail

'თუ მას პერიმეტრზე დაინახავთ, არ გამლანძღოთ' - მწვრთნელი გიგიბერიას პროგრესზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

NCAA-ს წევრ ჯორჯია ტექ-ის მთავარმა მწვრთნელმა ჯოშ პასტნერმა გუნდის ახალწვეულებზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება 19 წლის ქართველ ცენტრ საბა გიგიბერიაზე გაამახვილა. საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების კალათბურთელის სიმაღლე უკვე 2.16 მეტრია და ის ძალიან იმედისმომცემ კალათბურთელად ითვლება. როგორც პასტნერის მიერ The Atlanta Journal-Constitution-თვის მიცემულ კომენტარში სჩანს, საბას ოკეანის გაღმა გადაბარგების შემდეგ საგრძობლად აქვს მომატებული.

“იმ ქომაგებს, რომლებთან ურთიერთობაც მქონდა, უკვე ვუთხარი, რომ ლანძღვა არ დამიწყონ, თუკი საბას პერიმეტრზე გასულსა და სამქულიანი სროლისთვის მზადების პროცესში დაინახავენ. დამერწმუნეთ, მას ეს შეუძლია და სხვა ბევრი რამის კეთებაც იცის. ცხადია, მომავალ სეზონში მას აღმასვლაც ექნება და დაღმასვლაც. იქნება მატჩები, როდესაც თავს კარგად წარმოაჩენს და ზოგჯერ გაუჭირდება. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული რა ტაქტიკით ვითამაშებთ. გიგიბერია დეკემბერში მხოლოდ 19 წლის ხდება და მჯერა, რომ 21-22 წლის ასაკში მაგარი კალათბურთელი იქნება”.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელმა NCAA-ს ერთ-ერთ ცნობილ კლუბთან კონტრაქტს ხელი გაზაფხულზე მოაწერა, თუმცა, ის, რომ ჩვენებური "ყვითელი ჟაკეტების" წევრი გახდებოდა, ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში გადაწყდა. მიუხედავად იმისა, რომ გიგიბერიას სადებიუტო სეზონი ელის, მას უკვე, ჯორჯიელთა სასტარტო ცენტრად მოიაზრებენ.

საბა გიგიბერია ჯორჯიელთა ვარჯიშზე

შეგახსენებთ, რომ საბა ორი წლის განმავლობაში პროლიფიკ პრეპ აკადემიის უმაღლესი სკოლის გუნდში თამაშობდა. 2019/20 წლების სეზონში მისი საშუალო მონაგარი 8.5 ქულა, 6.0 მოხსნა და 1.5 დაფარება იყო. გიგიბერიას საქართველოს U16 და U18 წლამდე ნაკრებებში არაერთი მატჩი აქვს ჩატარებული.

ბოლო რეიტინგებით, ჯორჯია ტექი NCAA-ს TOP 25-ში ვერ ხვდება, თუმცა, ჩემპიონშიპში თამაშში ხელი ვერაფერმა უნდა შეუშალოს. თუკი არაფერი შეიცვალა, სტუდენტური ლიგის ახალი სეზონი 25 ნოემბერს დაიწყება და 5 აპრილს დასრულდება. ისიც ვთქვათ, რომ თავის დროზე ჯორჯიელთა მაისურით კენი ანდერსონს, დრუ ბერის, კრის ბოშს, ვილ ბინუმს, ჯარეტ ჯეკს, სტეფან მარბერის, მარკ პრაისს, დენის სკოტს, თადეუს იანგსა და სხვებს უთამაშიათ.

კომენტარები

ბოლო ამბები