Thumbnail

მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ბარსელონასთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. ფრანგი სპეციალისტის ყურადღებას არ აქცევს იმ ჭორებს, რომლის თანახმად, მას გათავისუფლება ემუქრება.

ზიდანი წარსულში არ იყურება და მხოლოდ მოახლოებულ მნიშველოვან თამაშზე ფიქრობს. "ზიზუს" განცხადებით, მდგომარეობის გამოსასწორებლად "ელ კლასიკოში" გამარჯვება იდეალური იქნება.

ზინედინ ზიდანი (რეალის მთავარი მწვრთნელი): "გათავისუფლება მემუქრება? ამას ამბობს ის ხალხი, რომელიც იგივეს ამბობდა ერთი წლის წინ, ან ჩემი აქ მუშაობის პირველი ეტაპის დროს. რა უნდა გავაკეთო, ეს ჩემი საქმეა, დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს. სეზონი ცუდად დავიწყეთ. ყოველთვის გვიჭირს გუნდების წინააღმდეგ, რომლებიც დაცვაში დგებიან. ბარსელონას დამარცხება საუკეთესო გზა იქნება რეაბილიტაციისთვის. ყველა თამაშს თავისი ისტორია აქვს. ფეხბურთის ხიბლი იმაშია, რომ ყველაფრის შეცვლა სწრაფად შეგიძლია . პოზიტიურად უნდა ვიფიქროთ.

საკუთარ თავს ყოველთვის კრიტიკულად ვუყურებ, მაგრამ ვიცით, რომ ყველაფრის შეცვლა ერთად შეგვიძლია. წაგების შემდეგ კრიტიკა ძირითადად ჩემსკენ არის მომართული და ეს ნორმალურია. თუმცა მინდა ვთქვა, რომ მე ვარ ადამიანი, ვინც წარსულით არ ცხოვრობს. ყველაზე მნიშვნელოვანია, წინ რა არის. გვინდა, რომ ხვალ კარგი თამაში ჩავატაროთ.

სერხიო რამოსი? ჩვენი ლიდერი და კაპიტანი გამოჯანმრთელდა და 100%-ით მზად არის. ფეხბურთელები დამეხმარნენ, რომ ბევრი ტიტული მომეგო და სიკვდილამდე ყოველთვის მათ გვერდით ვიქნები, რადგან ისინი იბრძვიან, თამაშობენ, დარბიან. "ელ კლასიკო" ცარიელ სტადიონზე? მიუხედავად იმისა, რომ დახურულ კარს მიღმა ვითამაშებთ, ეს ყოველთვის განსაკუთრებული მატჩია და მნიშვნელოვანი იქნება კარგი დასაწყისი".

შეგახსენებთ, რომ რეალს ბოლო ორი მატჩი წაგებული აქვს (კადისთან 0:1 და შახტართან 2:3), ბარსელონას კი 24 ოქტომბერს, სტუმრად დაუპირისპირდება. თამაში თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები