Thumbnail

'როგორ შეიძლებოდა, ეს მომხდარიყო?' - პიკე ბარსელონას ბოსებს უტევს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

მაინცდამაინც რეალ მადრიდთან 'ელ კლასიკოს' წინ, ბარსელონას დაცვის შეფმა ჟერარდ პიკემ დუმილი დაარღვია. მან ბევრ რამეზე ისაუბრა - მათ შორის, კატალონიური გრანდის ხელმძღვანელებს ლიონელ მესის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო შეუტია. პიკე შეფებს ერნესტო ვალვერდეს გათავისუფლების გამოც აკრიტიკებს. ასევე მას უკვირს, რომ ბარსაში კლუბის ყოფილი ლეგენდები არ მუშაობენ - მაგალითად, პეპ გვარდიოლა ან კარლეს პუიოლი.

პიკეს აზრით, ბარსელონას ახალ სტადიონს ლიონელ მესის სახელი უნდა დაერქვას, რადგან არგენტინელი ამას იმსახურებს.

"იმ პერიოდში ლიონელთან პრაქტიკულად შეხება არ მქონია, რადგან ეს გადაწყვეტილება ძალიან პირადული იყო. მახსოვს, რომ მხოლოდ ერთი მესიჯი გავუგზავნე: "ლეო, ერთი წელიწადი დარჩა, შემდეგ ახალი ხალხი მოვა". ლეო სხვებზე მეტად იმსახურებდა არჩევანის უფლებას და თუ ის იფიქრებდა, რომ გუნდი უნდა დაეტოვებინა, მე პრეზიდენტის ადგილას სხვანაირად მოვიქცეოდი. ასეთ დროს უბრალოდ უნდა შეთანხმდე ფეხბურთელთან, რომელმაც 16 წლის განმავლობაში კლუბს ამდენი რამ მისცა.

'მესი ბევრს იმსახურებს. ახალ სტადიონს მისი სახელი უნდა დაერქვას!'

როგორ მოხდა, რომ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი ერთ დილით იღვიძებს და კლუბს ფაქსს უგზავნის? რა მოხდა? ეს შოკისმომგვრელია. მესი ბევრს იმსახურებს. ახალ სტადიონს მისი სახელი უნდა დაერქვას. ჩვენ ჩვენი ხალხი უნდა დავიცვათ და მათი დისკრედიტაცია არ უნდა დავუშვათ. მიკვირს, რომ ამ კლუბში არ მუშაობენ ისეთი ადამიანები, როგორებიც გვარდიოლა, ჩავი, პუიოლი და ვალდესი არიან. რაღაც შეცდომა მოხდა", - თქვა პიკემ.

პიკე ასევე უკმაყოფილოა ხელფასების საკითხით: "ყველა ფეხბურთელს შეუძლია, კლუბის შეთავაზება მიიღოს, ან უარი თქვას. სხვა საქმეა, როცა ხელმძღვანელები გაიძულებენ და ისინი სწორედ ასე იქცევიან."

ჯერარდ პიკე ვალვერდეს გათავისუფლებითაც უკმაყოფილოა: "ვერასდროს გავიგებთ, რა მოხდებოდა, მაგრამ ორი ჩემპიონობის შემდეგ და ლიდერობის დროს მწვრთნელის შუა სეზონში გათავისუფლება კარგ იდეად არ მიმაჩნდა," - დასძინა მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონმა.

შეგახსენებთ, რომ პიკემ ორი დღის წინ ბარსელონასთან კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა. კატალონური გრანდი 24 ოქტომბერს, "ელ კლასიკოში" მადრიდის რეალს უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები