Thumbnail

მადრიდის რეალი ბოლო რამდენიმე თამაშია მძიმედ გამოიყურება. ლა ლიგაში კადისთან განცდილი მარცხის შემდეგ, "სამეფო გუნდმა" ჩემპიონთა ლიგაზე შახტართან 2:3 წააგო და ცუდი თამაშის გამო მათ ბევრი აკრიტიკებს. გაზეთი Marca ყველაფერს დიდწილად გუნდის მთავარ მწვრთნელს ზინედინ ზიდანს აბრალებს და გვთავაზობს 5 მთავარ შეცდომას, რომელიც ფრანგმა სპეციალისტმა რეალში დაუშვა.

სატრანსფერო პოლიტიკა

'მარკა' წერს, რომ ამ შემთხვევაში, ზიდანთან ერთად, პასუხისმგებლობა პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს ეკისრება. გუნდმა სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში რამდენიმე მოთამაშე დაიმატა, მაგრამ არცერთი არ იყიდა! კლუბში სიახლე მარტინ ოდეგორისა და ალვარო ოდრიოსოლას იჯარიდან დაბრუნება იყო. რაც არ უნდა ირონიული იყოს, ორივე მათგანი ტრავმირებულია და გუნდს ვერ ეხმარებიან. ამიტომ, რეალმა ახალი 'სისხლი' ვერ მიიღო.

ისკო და ხამესი

ხამეს როდრიგესმა რეალი დატოვა და ახალი სეზონი ევერტონტან ერთად დაიწყო. თამამად შეიძლება ითქვას, რომ პირველი მატჩების შემდეგ კოლუმბიელი პრემიელრიგის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა, მას ინგლისში ძალიან კარგი სტარტი აქვს. საპირისპირო ხდება ისკოს შემთხვევაში. ესპანელს სათამაშო ფორმას უწუნებენ და ბევრს აკრიტიკებენ. არადა, თეორიულად ისკომ ზუსტად იგივე უნდა აკეთოს, რასაც ხამესი ევერტონში აკეთებს. ზიდანი ხამესს არ ენდო და ფსონს ისკოზე ჩავიდა. ჯერ-ჯერობით, ეს გადაწყვეტილება ცუდი ჩანს.

ბრმა ნდობა მარსელოს მიმართ

მარსელო მადრიდის რეალის თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. მიუხედავად ამისა, იგი ასაკში შესვლასთან ერთად, ნელ-ნელა უკლებს და ძველებურად ვეღარ თამაშობს. ბრაზილიელი დაცვაში ხშირად უშვებს შეცდომებს და შეტევაშიც ისეთი აქტიური ვეღარაა. ზიდანი კი მას ისევ ბოლომდე ენდობა.

ჰაკიმი და რეგილონი

აშრაფ ჰაკიმისა და სერხიო რეგილონის გაყიდვა - ეს კიდევ ერთი შეცდომაა, რომელშიც დამნაშავე ზიდანთან ერთად პერესიცაა. კლუბს ზაფხულში ფული სჭრდებოდა და ჰაკიმი 40 მილიონ ევროდ, ხოლო რეგილონი 30 მილიონ ევროდ გაყიდა. ეს ორი მოთამაშე მადრიდულ კლუბში 9 წლის ასაკიდან იყვნენ და ისინი თამაშობენ იმ პოზიციებზე, სადაც რეალს სერიოზული პრობლემები აქვს.

უნდობლობა ფეხბურთელების მიმართ

ზინედინ ზიდანი გარკვეულ ფეხბურთელებს არ ენდობა. მას ჰყავს თავისი ფავორიტები. კურტუა, რამოსი, ვარანი, კარვახალი კაზემირო, კროოსი, მოდრიჩი და ბენზემა - ისინი ზიდანის საყვარელი მოთამაშეები არიან. სხვებს ფრანგი ნაკლებად ენდობა. განსაკუთრებით ეს ლუკა იოვიჩს ეხება, რომელსაც ზიზუ პრაქტიკულად საერთოდ არ ათამაშებს. ნდობის ნაკლებობა რეალის მატჩებში ხშირად ვლინდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ზიდანი ცდილობს, როტაციას მიმართოს. 48 წლის სპეციალისტს როტაცია არ უყვარს და ამ ცივ დამოკიდებულებას ფეხბურთელებიც გრძნობენ. და ეს გუნდზე კარგად არ აისახება.

კომენტარები

ბოლო ამბები