Thumbnail
  • ბევრ ქართველ ფეხბურთელს შეეძლო, რუსეთზე უკეთეს ლიგაში ეთამაშა
  • ახლა კვარაცხელიას და დავითვაშვილის საკითხია განსაკუთრებით აქტუალური  

ბოლო კვირებში ქართველი გულშემატკივრისთვის მთავარი ამბავი ალბათ ხვიჩა კვარაცხელიას თამაში იყო. 19 წლის ბიჭი მართლა მაგრად თამაშობს. თანაც ისიც ეტყობა, რომ მხოლოდ ტალანტის და ტექნიკის ხარჯზე კი არ გამოსდის ეფექტური რაღაცები, არამედ თამაში შიგნიდან იცის. მისგან ბევრს უნდა ველოდოთ. იქვე, რუსეთის პრემიერლიგაში, ვოლგოგრადის როტორში თამაშობს კიდევ ერთი ნიჭიერი ქართველი, ასევე 19 წლის ზურიკო დავითაშვილი.

რამდენად არის რუსეთი კარგი ადგილი იმისთვის, რომ ჩვენი ლეგიონერების კარიერული ზრდა მოხდეს? ეს ამბავი, ბუნებრივია, არ ეხებათ მხოლოდ კვარაცხელიას და დავითაშვილს. წლებია, ქართველი ლეგიონერები ყველაზე ბევრნი რუსეთში არიან.

რთული ლიგა

კვარაცხელიას თამაშში ყველაზე მეტად იმან გამაკვირვა, რომ ასე ის რუსულ პრემიერლიგაში თამაშობს, რომელიც სათამაშოდ ძალიან რთული ლიგაა.

მოგვწონს თუ არა, ფაქტია, რუსეთის ჩემპიონატი ევროპის დიდი ხუთეულის შემდეგ სათამაშოდ ერთ-ერთი ყველაზე ძნელია. საშუალო დონე მაღალია, გუნდები ათლეტურ, ძალისმიერ და კარგად ორგანიზებულ ფეხბურთს თამაშობენ, კლუბებს საკმარისი სახსრები აქვთ, რომ ხარისხიანი ლეგიონერებით გაძლიერდნენ. მოკლედ, ქართული რეალობისთვის, სათამაშო დონიდან გამომდინარე, რუსულ პრემიერლიგაში ბევრი ლეგიონერები ერთი შეხედვით კარგი უნდა იყოს, მაგრამ ეს ასე მარტივი ამბავი არ არის.

ხვიჩა კვარაცხელია ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი იმედია

იმ ფაქტორის მიღმა, რომ ქართველებს რუსები სრულიად სამართლიანად არ გვიყვარს, რუსული პრემიერლიგა ბიზნესის კუთხითაც არცთუ იდეალური ადგილია კარიერის გასაგრძელებლად.

გააჩნია, რა კუთხით შევხედავთ: თუ ჩვენი არსებული ადგილი ევროპული ფეხბურთის რუკაზე გვაკმაყოფილებს, ამისთვის რუსული პრემიერლიგის ლეგიონერები სრულიად საკმარისია. თუმცა, თუ პროგრესი, ფეხბურთის ევროპულად თამაში, სავსე ტრიბუნები ეროვნულ ჩემპიონატში და, რაც მთავარია, წამყვან ჩემპიონატებში ქართველების ნახვა გვინდა, მაშინ რუსული პრემიერლიგა არ ივარგებს. ახლავე ავხსნი, რატომ.

ცუდი ტრამპლინი

რუსული პრემიერლიგა რომ რთული სათამაშოა, ამაზე ზემოთ უკვე დავწერე. თუმცა ამის მიუხედავად, ის ბევრად უფრო ცუდი ტრამპლინია ტოპ-ევროპულ ჩემპიონატებში ვიდრე, სხვა, მასზე თუნდაც სუსტი ჩემპიონატები.

ფეხბურთი, განსაკუთრებით კი მისი სატრანსფერო ნაწილი, დიდი ბიზნესია. წამყვან ჩემპიონატებსაც თავიანთი სატრანსფერო ბაზრები აქვთ, სადაც ისინი უპირველეს ყოვლისა, ფეხბურთელებს ეძებენ. მაგალითად, პორტუგალიური კლუბები წლიდან წლამდე ყველაზე კარგად ახერხებენ, მოიძიონ ტალანტები სამხრეთ ამერიკის და აფრიკის ბაზარზე, მოამზადონ ისინი და გაყიდონ ტოპ-ჩემპიონატებში. გრანდები უბრალოდ ენდობიან პორტუს, ბენფიკას და სპორტინგის მიწოდებულ პროდუქტს.

ევროპული გრანდები ნაკლებად ინტერესდებიან რუსული საფეხბურთო რეალობით. ამას თავისი მიზეზები აქვს

პრემიერლიგა ამავე პრინციპით ძალიან კარგად მუშაობს სკანდინავიის და ბრიტანეთის ბაზარზე - მიუხედავად იმისა, რომ შოტლანდიის ან დანიის  ჩემპიონატი ევროპული სტანდარტით მაღალი დონის საერთოდ არ არის. იტალიელებს განსაკუთრებით კარგად აქვთ ათვისებული ბალკანეთის ბაზარი, გერმანელებს პოლონეთი და აღმოსავლეთ ევროპა, ფრანგები - ყველაზე მაგრად აფრიკულ ბაზარზე მუშაობენ ა.შ.

თითოეულ ამ არჩევანს თავისი მიზეზები აქვს: ენობრივი, კულტურული, მენტალური ფაქტორები, ბიზნესის კეთების ეთიკა და კონტაქტები. მაგალითად, აფრიკის კონტინენტზე ბევრია ფრანგულენოვანი ქვეყნები, ფრანგ მწვრთნელებს და სკაუტებს აფრიკაში კარგი კონტაქტები აქვთ და ლიგა 1-ის ათლეტურ სტილსაც აფრიკელები კარგად ერგებიან.

მაგალითად, ბარსელონას უკვე ათწლეულების მანძილზე გამოცდილი აქვს ჰოლანდიური, განსაკუთრებით კი აიაქსის ბაზარი. უბრალოდ იმიტომ, რომ ორივე ამ გუნდს მსგავსი სათამაშო პრინციპები აქვს. მეტიც, მსგავსი საბაზისო სქემით თამაშობს (კრუიფის 4-3-3) და ფეხბურთელების ინტეგრაცია იოლია.

რუსული პრემიერლიგა, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ძლიერია, წამყვანი ჩემპიონატების ბაზარს არ წარმოადგენს. ევროპული გრანდები უბრალოდ ნაკლებად ინტერესდებიან რუსული საფეხბურთო რეალობით. ამასაც თავისი მიზეზები აქვს, რომელსაც ქვემოთ შევეხებით.

ლუკა მოდრიჩი პირდაპირ დინამო ზაგრებიდან მოხვდა ტოტენჰემში, რობერტ ლევანდოვსკი პოლონური ლეხიდან გადავიდა დორტმუნდის ბორუსიაში, კევინ დე ბრუინე ბელგიური გენკიდან წავიდა ჩელსიში. მასთან ერთად, იგივე თაობის გენკმა კალიდუ კულიბალი, ტიბო კურტუა და სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი გაზარდა.

ბოლოს როდის გახსოვთ, რომ რუსეთიდან ევროპული ფეხბურთის გრანდში ვინმე გადავიდა, თანაც ისე, რომ იქ ფეხი მყარად მოიკიდა?

ამ საუკუნეში სულ ორი ასეთი მაგალითი მახსენდება: ნემანია ვიდიჩი სპარტაკიდან მანჩესტერ იუნაიტედში გადავიდა. ეს შორეულ 2005 წელს იყო. 2008 წელს კი ბრანისლავ ივანოვიჩი ჩელსიმ ლოკომოტივიდან იყიდა.

მას შემდეგ, რუსული პრემიერლიგის ვარსკვლავების რამდენიმე მცდელობა წარუმატებლად დასრულდა: არშავინმა არსენალში ვერ მოიკიდა ფეხი, პავლიუჩენკომ ტოტენჰემში, სმერტინმა - ჩელსიში. წლიდან წლამდე რუსული საფეხბურთო მიგრაცია მცირდება. ბოლო ასეთ მაგალითად ფიოდორ სმოლოვი მახსოვს, რომელმაც სელტაში განათხოვრების შემდეგ, 14 თამაშში 2 გოლი შეაგდო.

არადა, რუსული კლუბები ბევრად უფრო ძლიერები არიან, ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილი ლეხი, დინამო ზაგრები და გენკი.

მალხაზ ასათიანმა კარიერის საუკეთესო წლები მოსკოვის ლოკომოტივში გაატარა

ქართულ რეალობას დავუბრუნდეთ. დარწმუნებული ვარ, მალხაზ ასათიანს კარიერა სხვა ქვეყანაში რომ გაეგრძელებინა, ევროპული ფეხბურთის გრანდში აუცილებლად მოხვდებოდა. ასათიანი წლების მანძილზე პრემიერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო, მაგრამ როგორც გითხარით, რუსული პრემიერლიგა ევროპული გრანდებისთვის ნაკლებად საინტერესო ბაზარია. ზუსტად იგივე დონეზე ასათიანს სადმე ჰოლანდიაში ან ბელგიაში რომ ეთამაშა, გრანდების ყურადღებას უფრო იოლად მიიპყრობდა.

რატომ ხდება ეს?

ფულის ფაქტორი

რუსეთში კარგად იხდიან, თუმცა, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ეს ევროპული სატრანსფერო რეალობისთვის საკმაოდ დიდი პრობლემაა.

რუსული კლუბები უფრო მდიდრები არიან, ვიდრე მათ საკუთარი მარკეტინგული პოტენციალი (ტელეტრანსლაციები, ატრიბუტიკის გაყიდვა, ტრიბუნებზე დასწრება ა.შ.) აძლევს ამის უფლებას. ამის თავი და თავი რუსული ფეხბურთის დაფინანსების პრინციპია. რუსეთში ფეხბურთის მთავარი დამფინანსებელი სახელმწიფო და მასთან შეზრდილი დიდი ბიზნესია.

ევროპულ კლუბს შანსი აქვს, დაახლოებით იგივე კლასის ფეხბურთელი ბევრად უფრო იაფად ნახოს

საქართველოდან ან პოსტსაბჭოეთის სხვა ქვეყნიდან როცა მიდიხარ, რუსულ პრემიერლიგაში მოხვედრა კარგი ამბავია - კარგ კონტრაქტს ნიშნავს, მაგრამ წამყვანი ევროპული ჩემპიონატებისთვის ეს კონტრაქტი შეიძლება უკვე პრობლემას ქმნიდეს. რომელიმე ევროპულ კლუბს შანსი აქვს, დაახლოებით იგივე კლასის ფეხბურთელი ბევრად უფრო იაფად ნახოს. წამყვან რუსულ კლუბებში ისეთი ხელფასებია, რომ ტოპ- ჩემპიონატების აუტსაიდერებსა თუ საშუალო გუნდებს ხშირ შემთხვევაში აჭარბებს. ანუ, ფეხბურთელსაც ფინანსური ასპექტით ნაკლები მოტივაცია აქვს, რომ პრემიერლიგიდან წავიდეს და მყიდველმაც იცის, რომ მისთვის ეს ძვირი ბაზარია. იგივე ხარისხის პროდუქტი მას შეუძლია სხვაგან უფრო ნაკლებ ფასად ნახოს.

ჯანო ანანიძე უნიჭიერეს ფეხბურთელად მიიჩნეოდა

განსაკუთრებით პრობლემური რუსული პასპორტის მქონე მოთამაშეების შემთხვევაა. მათ არსებული ლიმიტის გამო კლუბები ჩვეულებრივზე მეტს უხდიან. რუსულპასპორტიანი მოთამაშე ლიმიტის პირობებში კლუბისთვის ორმაგად ფასობს. თუმცა შემდეგ, რომელიმე ძიუბას ან კოკორინის ტრანსფერი ევროპულ კლუბს უბრალოდ აღარ უღირს. 

სატრანსფერო ბაზრის სპეციფიკა

სატრანსფერო ბაზარი პირველ რიგში კონტაქტები და საქმის კეთების ეთიკაა. ამას მოქმედი და ყოფილი ფეხბურთელები, აგენტები და კლუბებში დასაქმებული ხალხი ქმნიან. სწორედ ამ კონტაქტების დამსახურება იყო გერმანულ ბაზარზე ქართველებით დაინტერესების შემთხვევები და ფრაიბურგის ქართული ლეგიონი.

იმავე კონტაქტებმა 90-იანებში, მაშინ, როდესაც რუსული საფეხბურთო მიგრაცია ბევრად უფრო დიდი იყო, ესპანეთში ხელი შეუწყო იმ თაობის რამდენიმე რუსი ვარსკვლავის (კარპინი, მოსტოვოი, ხოხლოვი, ონოპკო, ბესჩასტნიხი) ტრანსფერს.

რუსეთი დანარჩენი ევროპისგან მოწყვეტილია - როგორც პოლიტიკურად, ასევე კულტურულად და ეკონომიკურად. ფეხბურთშიც რუსეთი დანარჩენ ევროპასთან არცთუ ისე ინტეგრირებული სივრცეა.

სამაგიეროდ, რუსეთს შემორჩა კონტაქტები და კარგად აკონტროლებს პოსტსაბჭოეთის ბაზარს. ქართველებს ევროპაში არცთუ ისე ბევრი საფეხბურთო კონტაქტები გვაქვს. სამაგიეროდ, ეს კონტაქტები ბევრია რუსეთში - ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებილი და შემდეგ უკვე დამოუკიდებლობის წლებშიც, რუსულ საფეხბურთო სივრცეში ბევრი ქართველი ოპერირებდა. მაგალითად, სწორედ ამიტომ მოხვდა ჯანო ანანიძე სპარტაკში და არა, მაგალითად, სევილიაში. კონტაქტების ამბავია.

ისე გამოდის, რომ რუსებს ქართული ბაზარი ევროპელებისგან განსხვავებით, მეტ-ნაკლებად ისევ აინტერესებთ. ქართველებსაც იქით უფრო იოლად წაგვესვლება. თუმცა აი, უკვე რუსეთის გავლით ევროპაში წასვლა არცთუ ისე მარტივი ამოცანაა.

მყიდველი და არა გამყიდველი

რუსული პრემიერლიგის გუნდები ზემოთ აღწერილი დაფინანსების პრინციპის გამო უფრო მეტად მყიდველი გუნდები არიან, ვიდრე გამყიდველი. ანუ, ისინი უფრო მეტად ყიდვის სპეციფიკაზე არიან ორიენტირებულები, ვიდრე ფეხბურთელების გასაყიდად მომზადებაზე. 

რუსულ კლუბებს, უმეტეს შემთხვევაში, ფეხბურთელების გაყიდვით ფულის შოვნის აუცილებლობა არ აქვთ. ისინი ფეხბურთელებს შედეგისთვის ყიდულობენ და არა გასაყიდად, ახალგაზრდა ტალანტების მომზადება რუსული კლუბების ძლიერი მხარე არასოდეს ყოფილა. ეს ევროპაშიც იციან და სწორედ ეს არის რუსული ბაზრით ნაკლები დაინტერესების ერთ-ერთი მიზეზი. 

დავითაშვილი და კვერკველია ვოლგოგრადის როტორში თამაშობენ

თუ გადავხედავთ მთელი ისტორიის მანძილზე რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ლეგიონერებს, საერთო ტენდენციას შევამჩნევთ: რუსული კლუბები აკონტროლებენ პოსტსაბჭოეთის საფეხბურთო ბაზარს (უკრაინა 229 ლეგიონერი, ბელარუსი - 122 ლეგიონერი, საქართველო - 103 ლეგიონერი), მიჰყავთ იაფი სამხრეთამერიკელები (ბრაზილია 155 ლეგიონერი), აღმოსავლეთ ევროპელები (სერბეთი -107 ლეგიონერი), რომელთაც დიდ ჩემპიონატებში გზა ვერ გაიკვლიეს და ვეტერანები დიდი ჩემპიონატებიდან, რომლებიც იქ ხელფასის გამო მიდიან. საქართველო ზემოთჩამოთვილ ქვეყნებთან ერთად რუსული პრემიერლიგის ისტორიაში ლეგიონერების რაოდენობის მიხედვით მეხუთე პოზიციაზეა.

ცოტა ხნის წინ, დეიან ლოვრენი ლივერპულიდან ზენიტში გადავიდა. ბოლო წლებში ეს ინგლისური პრემიერლიგიდან რუსეთის ჩემპიონატში 24-ე გადასული ფეხბურთელია. ლოვრენმა ზენიტში ასევე ინგლისიდან წასული ბრანისლავ ივანოვიჩი უნდა შეცვალოს. ანუ, რუსულ კლუბებს აქვთ იმის ფინანსური რესურსი, რომ წამყვანი ჩემპიონატებიდან ასაკოვანი ვეტერანები, ან უბრალოდ ის ხალხი იყიდონ, რომელთაც იქ ადგილი ვერ იპოვეს და ახლა რუსეთში საკმაოდ კონკურენტულ ლიგაში თამაში და დიდი ხელფასის მიღება შეუძლიათ. მაგალითად, ედერი და პრემიერლიგიდან წამოსული ვედრან ჩორლუკა თამაშობენ. იქვეა პოლონელი ვეტერანი კრიხოვიაკი.

ქართული პერსპექტივიდან პრობლემა ის არის, რომ რუსული პრემიერლიგა წამყვან ჩემპიონატებში ფეხბურთელებს თითქმის არ ყიდის - რუსეთი უფრო ხშირად საბოლოო დანიშნულებაა, ვიდრე ტრამპლინი.

სათამაშო სტილი

რუსეთში რთული სათამაშოა, თუმცა ეს კოლექტიური და ათლეტური ფეხბურთია, რომელიც ინდივიდუალური ტალანტების განვითარებას ხელს ნაკლებად უწყობს. მაგალითად, ჰოლანდიის ჩემპიონატი სირთულით რუსეთს ჩამოუვარდება, თუმცა ინდივიდუალიზმს ბევრად უკეთ ავითარებს. დიდ ევროპულ გუნდებსაც უფრო მეტად გამორჩეული ინდივიდუალური თვისებები აინტერესებთ. ათლეტიზმით, დისციპლინით და ორგანიზაციით მათ ვერ გააკვირვებ, თუ, რა თქმა უნდა, ნემანია ვიდიჩი არ ხარ. 

მაგალითად, ჯანო ანანიძე რომელიმე სხვა ევროპულ ქვეყანაში რომ ყოფილიყო, თავისი სტილიდან და ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე, თავისი ტალანტის გახსნას დიდი ალბათობით ბევრად უკეთ შეძლებდა.

მენტალიტეტი და ცხოვრების წესი

რუსეთი თავისი მენტალიტეტით და ცხოვრების წესით პოსტსაბჭოეთია. ანდრეი არშავინს არსენალში რატომ არაფერი გამოუვიდა, ამის შესახებ ბევრი რამ წამიკითხავს. მათ შორის, მისივე გუნდელების და არსენ ვენგერის კომენტარები. ამ კომენტარებს საერთო ერთი შტრიხი აქვთ: ყველა აღნიშნავს, რომ არშავინს ინტეგრაციის პრობლემა ჰქონდა როგორც ენის, ასევე კულტურული გაუცხოების გამო. ის ზრდასრულ ასაკში, მისთვის სრულიად უცხო კულტურულ გარემოში მოხვდა და გუნდში ვერ გაიხსნა.

რუსულ პრემიერლიგას ეს პრობლემაც აქვს. რომელიმე ქართველი ლეგიონერისთვის შესაძლოა, პირველ ეტაპზე უფრო იოლად დასამკვიდრებელი სივრცე იყოს, თუმცა, რაც უფრო მეტად ეჩვევი ცხოვრების რუსულ სტილს, მით ნაკლებია ევროპულ რეალობაში ინტეგრაციის შანსი.

დასკვნა

ამ ფაქტორებიდან ერთი დასკვნა შეიძლება გავაკეთოთ. თუ ფეხბურთის ევროპულად თამაში და წამყვან ჩემპიონატებში ბევრი ქართველი ლეგიონერი გვინდა, ეს რუსეთის გავლით არ გამოვა. რუსული საფეხბურთო სამყაროს სპეციფიკა საფეხბურთო ევროპაში ინტეგრაციას ხელს არ უწყობს.

აგენტებმაც, კლუბებმაც, ფედერაციამაც ახალი კონტაქტები და ევროპულ ფეხბურთში ინტეგრაციის ახალი გზები უნდა ეძებონ. სტატია ხვიჩა კვარაცხელიათი დავიწყეთ. როგორც წავიკითხე, ამ ბიჭს ისეთი კონტრაქტი აქვს, რომ არა პრემიერლიგაში დარჩენას, არამედ დიდ ევროპულ ჩემპიონატებს უმიზნებს. ეს მისი, მისი აგენტების და მისი მრჩევლების სტრატეგიულად სწორი ნაბიჯია. თუმცა, ჩვენ უფრო სისტემურად სწორი მიდგომა გვჭირდება, ვიდრე ერთეული კარგი გამონაკლისები.

ზედმეტად ხშირად გვინახავს, თუ როგორ გაჩერდა ქართული საფეხბურთო ოცნებები რუსულ ჭაობში თუ სასაფლაოზე, რაც გინდათ, ის უწოდეთ. ქართველი ტალანტებისთვის მეტი გვინდა. ეს სტატიაც ამაზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები