Thumbnail
  • ლა ლიგის პრეზიდენტმა ბარსადან ლეოს წასვლის შესაძლებლობაზე ისაუბრა
  • ხავიერ ტებასი კრიშტიანო რონალდოსა და ნეიმარის მაგალითებით მსჯელობს
  • მისი თქმით, ელ კლასიკო კვლავაც მსოფლიოს მთავარი საკლუბო დაპირისპირებაა

ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა ბარსელონადან ლიონელ მესის შესაძლო წასვლაზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვა. შეგახსენებთ, რომ 33 წლის არგენტინელი სუპერვარსკლავი გასულ ზაფხულს ახლოს იყო კატალონიური კლუბის დატოვებასთან, თუმცა საბოლოოდ ლეომ კიდევ ერთი წლით დარჩენა გადაწყვიტა. 

ტებასი მიიჩნევს, რომ ლეოს წასვლა ესპანეთის ჩემპიონატისთვის ტრაგედია არ იქნებოდა.

"არ ვიცი, დარჩება თუ არა ის ბარსელონაში კარიერის ბოლომდე. ამ სეზონში მესი აქაა და გააკეთებს იმას, რაც ევალება. სხვა მხრივ კი, ვფიქრობ, რომ მესი-ბარსელონა კომერციული ბრენდია, რომელიც არსებობს და მთელ მსოფლიოში კარგად მუშაობს. ვფიქრობ, რომ მესი კარგად უნდა დაფიქრდეს იმაზე, რა სურს. 

იმოქმედებს თუ არა ლა ლიგაზე მესის წასვლა? ეს ტრაგედია არ იქნება. კრიშტიანო რონალდო წავიდა, ნეიმარი წავიდა და ეს არ იყო ტრაგედია. ნეიმარი პსჟ-ში გადავიდა და არ ვფიქრობ, რომ ამით საფრანგეთის ჩემპიონატის სტატუსი საერთაშორისო დონეზე ამაღლდა. რეალობა ასეთია. ცდება ვინც ფიქრობს, რომ მხოლოდ ფეხბურთელები განსაზღვრავენ შეჯიბრების დონეს".

არგენტინელმა ბარსელონაში 6 ოქროს ბურთი მოიგო

ლა ლიგის ხელმძღვანელმა მომავალ "ელ კლასიკოზეც" ისუბრა - 24 ოქტომბერს, ბარსელონა ჩემპიონატის მე-7 ტურის მატჩში  "კამპ ნოუზე" მადრიდის რეალს უმასპინძლებს. 

"ლიგისთვის ეს კიდევ ერთი მატჩია, მაგრამ ინტრიგისა და მისადმი საერთაშორისო ინტერესის გამო, ეს მსოფლიოს უდიდესი კლუბების შეხვედრაა. ის ისევ რჩება მსოფლიოში უმთავრეს საკლუბო დაპირისპირებად", - ამბობს ტებასი, რომელიც წუხს, რომ შეხვედრა მაყურებლების გარეშე უნდა ჩატარდეს. 

ლიონელ მესი ბარსელონას მთავარი გუნდის ღირსებას 2003 წლიდან იცავს. არგენტინელმა კატალონიურ კლუბთან ერთად ლა ლიგა 10-ჯერ, ესპანეთის თასი - 6-ჯერ და 8-ჯერ ესპანეთის სუპერთასი მოიგო, ჩემპიონთა ლიგაში კი 4-ჯერ გაიმარჯვა. 

კომენტარები

ბოლო ამბები