Thumbnail

ნიკოლოზ შერაზადიშვილი: საქართველო ძალიან მიყვარს და მას არასდროს დავივიწყებ

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ქართული წარმოშობის ესპანელმა ძიუდოისტმა ნიკოლოზ შერაზადიშვილმა ახლახან Olympic Channel website-ის პოდკასტში ისაუბრა, საიდანაც მსოფლიოს ჩემპიონის რამდენიმე ფრაზას შემოგთავაზებთ.

ნიკოლოზ შერაზადიშვილი: "ესპანეთში გადაბარგება არ იყო იოლი, რადგან მე ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო საქართველო და არასდროს დავივიწყებ მას. ყოველთვის ვამბობ, რომ ორი სამშობლო მაქვს - საქართველო და ესპანეთი. 

თავიდან მტკივნეული იყო მოწინააღმდეგე ბანაკში ქართული დროშის ან საქართველოს ნაკრების ყურება, მაგრამ, მეორე მხრივ, ძალიან ვამაყობ, რომ ესპანეთს წარმოვადგენ და მომწონს, როცა ჩემთან ერთად ესპანეთის დროშას ვხედავ. 
ესპანეთში თავიდან ენის შესწავლა გამიჭირდა, მაგრამ ვიცოდი ქართული, რუსული და ინგლისური, შეიძლება ესეც დამეხმარა, რომ ესპანურიც იოლად ავითვისე. ახლა ესპანეთში ვცხოვრობ და საშობაოდ საქართველოში ჩავდივარ ხოლმე. 

პანდემიის პერიოდში ვარჯიში არ შემიჩერებია, ჩემი მწვრთნელის, კინო რუისის სახლში გადავედი, რადგან მას აქვს ტრენაჟორების დარბაზი. რამდემინე თვე ფიზიკურად იქ ვემზადებოდი. ახლა უკვე ჩვეულებრივად ვვარჯიშობთ და ტურნირებისთვის მზად ვარ. 
რაც შეეხება ტოკიოს ოლიმპიადას, ყველაფერს გავიღებთ იმისთვის, რომ იაპონიაში გავიმარჯვო. მიზანი მხოლოდ ერთია - ოლიმპიური ჩემპიონობა.

კინო რუისმა დაამატა, რომ შერაზადაშვილმა ესპანეთში ძიუდოს ისტორია შეცვალა: "ესპანეთში ძიუდო ასე იყოფა - ნიკომდე და ნიკოს გამოჩენის შემდეგ, ის მთლიანად შეცვლის ამ სპორტის ისტორიას ქვეყანაში, რაც ალალად დაიმსახურა იმ დიდი თავდადებისა და მსხვერპლის გაღების გამო", - ამბობს შერაზადაშვილის მწვრთნელი.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ შერაზადიშვილი 2018 წელს გახდა პირველი ესპანელი ვაჟი ძიუდოისტი მსოფლიოს ჩემპიონი. ამ უქმეებზე ნიკოლოზი ბუდაპეშტის "გრანდ სლემზე" იასპარეზებს, 90 კგ. წონით კატეგორიაში შესაძლოა, მისი და ავთანდილ ჭრიკიშვილის ნახევარფინალი ვიხილოთ, თუ ორივე ძიუდოისტი საწყის ეტაპებზე წარმატებით იჭიდავებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები