Thumbnail

სოსო ფრუიძე: პენალტების სერია ჩვენთვის სასურველი იყო

საჩხერის ჩიხურა საქართველოს თასის მფლობელია და ზაფხულში ევროპალიგის გათამაშებაში ჩაერთვება. მანამდე კლუბში ბევრი საკითხი და პრობლემაა მოსაგვარებელი. ამ დროისთვის, ჩიხურასთან ხელშეკრულება მხოლოდ ერთ ფეხბურთელს, მეკარე დინო ჰამზიჩს აკავშირებს, დანარჩენებს კი კონტრაქტის ვადა ამოეწურათ. თასის ფინალზე, განვლილ სეზონსა და სამომავლო გეგმებზე ჩიხურას მთავარ მწვრთნელ სოსო ფრუიძეს ვესაუბრეთ...

პოპსპორტი: გილოცავთ საქართველოს თასის მოგებას. ფინალურ შეხვედრას როგორ შეაფასებთ?

ფრუიძე: დიდი მადლობა. საქართველოს თასის ფინალში ორჯერ დავმარცხდით და საბედნიეროდ, მესამე ცდა წარმატებული გამოდგა. ტორპედომ კარგად ითამაშა და ბევრ კომპონენტში გვაჯობა, თუმცა ეს ნაწილობრივ ჩვენი სათამაშო სტრატეგიით იყო განპირობებული. უმთავრეს მიზნად კარის მშრალად შენახვა დავისახეთ, რადგან გვეიმედებოდა, რომ თერთმეტმეტრიანების სერიაში ჩვენ გავიმარჯვებდით.

პოპსპორტი: რას ეფუძნებოდა თქვენი ოპტიმიზმი პენალტების სერიასთან დაკავშირებით?

ფრუიძე: კარგად ვიცოდით, როგორ ასრულებენ ტორპედოს ფეხბურთელები თერთმეტმეტრიანებს. ქუთაისელებმა თასის ნახევარფინალში დინამოსთან სწორედ პენალტების სერიაში გაიმარჯვეს. მთელი სეზონის განმავლობაში, ჩვენი გუნდიდან პენალტებს მხოლოდ დიმიტრი ტატანაშვილი ასრულებდა და ამიტომ, მეტოქე უფრო რთულ ვითარებაში იყო. ამასთან, ჩვენი მეკარის, დინო ჰამზიჩის იმედი მქონდა. ამიტომ, ჩვენთვის თერთმეტმეტრიანების სერია მისაღები იყო.

პოპსპორტი: მას შემდეგ, რაც გამოჩნდა, რომ ეროვნული ლიგიდან ევროსაგზურის მოპოვება შეუძლებელი იყო, გახდა თუ არა პრიორიტეტული საქართველოს თასის მოპოვება?

ფრუიძე: ჩვენი ვალია, რომ თითოეულ შეხვედრაში ბოლომდე ვიბრძოლოთ და ასეც მოვიქეცით. თასის ფინალამდე ჩატარებულ თამაშებს თუ ნახავთ, დარწმუნდებით, რომ თავი არ დაგვიზოგავს. სწიორედ ასე შეიძლება ფორმის შენარჩუნება გადამწყვეტი შეხვედრისთვის.

დიმიტრი ტატანაშვილი საქართველოს თასით

პოპსპორტი: სეზონი ტიტულით დაასრულეთ. როგორია სამომავლო გეგმები?

ფრუიძე: დინო ჰამზიჩის გარდა, კლუბთან აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელს კონტრაქტი დაუმთავრდა. თითოეულ მოთამაშესთან 1.5-წლიანი ხელშეკრულება გვქონდა, რომელიც გარდამავალი ჩემპიონატის დაწყებიდან, ამ სეზონის დასრულებამდე იყო გათვლილი. ახლა ის დროა, როდესაც სამომავლო გეგმები უნდა განისაზღვროს. პირველ რიგში, უნდა გავარკვიოთ, რომელ ფეხბურთელებს სურთ ჩვენთან დარჩენა და შემდეგ გაძლიერებაზეც ვიფიქრებთ. დასამალი არაა, რომ ჩვენთან არ არის საუკეთესო პირობები და ფეხბურთელებმა უნდა გადაწყვიტონ, სურთ თუ არა კარიერის ჩიხურაში გაგრძელება.

პოპსპორტი: ასეთ ვითარებაში, რამდენად რეალურია გაძლიერება. არადა, გუნდს ევროთასებზე მოუწევს ასპარეზობა...

ფრუიძე: ერთ კვირაში კლუბის მესვეურებს შევხვდები და ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი. დიდი ალბათობით, ევროთასებზე განთესილებში ვიქნებით და იმედი მაქვს, რომ ტურნირს კარგად მომზადებული შევხვდებით.

პოპსპორტი: ჩიხურამ სეზონი ტიტულით დაასრულა. თუ გამოეხმაურნენ ამ ფაქტს ქალაქის ხელმძღვანელები?

ფრუიძე: ქალაქის გამგეობის და საკრებულოს წევრები ყურადღებას იჩენენ კლუბის მიმართ და მონდომებულნი არიან, რომ ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალოს. პირველ რიგში, სტადიონის პრობლემა უნდა მოვაგვარიოთ. არ შეიძლება, რომ გუნდი საშინაო თამაშებს მშობლიურ ქალაქში არ ატარებდეს. მოსაწესრიგებელია ინფრასტრუქტურა, რომ ჩიხურას აკადემიამ გამართულად იმუშაოს და გუნდს ახალი ფეხბურთელები გაუზარდოს.

პოპსპორტი: ბავშვთა ფეხბურთის განვითარება აქტუალური თემაა. რა ვითარებაა ამ მხრივ საჩხერეში?

ფრუიძე: საჩხერეში დაახლოებით 500 ბავშვი და მოზარდია დაკავებული ფეხბურთით, მაგრამ მათი პირობები უნდა გაუმჯობესდეს. ქალაქში მხოლოდ ერთი ხელოვნურსაფარიანი მოედანია, რომელიც ჩიხურას 3 ასაკობრივ გუნდს ემსახურება. ასევე, სამ ბავშვთა გუნდს, რომლებიც იმერეთის ჩემპიონატში ასპარეზობენ. ეს ბავშვები სკოლაში დადიან და ყველა გუნდმა 3-დან 6 საათამდე უნდა ივარჯიშოს. წარმოიდგინეთ, ამ პერიოდში უნდა ივარჯიშოს 6-მა გუნდმა და ხშირად ისე ხდება, რომ ერთ მოედანზე ერთბაშად 2, ან 3 გუნდი ვარჯიშობს. ასეთ ვითარებაში, რეალურ წინსვლაზე ლაპარაკი შეუძლებელია.

პოპსპორტი: ეროვნული ლიგის ახალი ფორმატი თუ მოგწონთ?

ფრუიძე: მთლიანობაში, დადებითად ვაფასებ, რადგან ეროვნული ლიგა ბოლო ტურამდე დაძაბული იყო. უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობის შემცირებამ გაზარდა რანგით მეორე ლიგის დონეც. პლეი აუტის მატჩებმა გვიჩვენა, რომ ეროვნულ ლიგა 2-შიც ძლიერი გუნდები ასპარეზობენ. რაც შეეხება საერთო კლასის ამაღლებას და ქართული საკლუბო ფეხბურთის რეალურ პროგრესს, ამისთვის ძირეული ცვლილებებია საჭირო და იმ პრობლემების მოგვარება, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრე.

კომენტარები

ბოლო ამბები