Thumbnail

ლოს ანჯელეს ლეიკერსის სუპერვარსკვლავ ლებრონ ჯეიმსს ყველაზე მაღალი რეიტინგი შეხვდა ახალ ვიდეოთამაშში NBA 2K21, რომლის შემქმნელიც დეველოპერული სტუდია 2K გახლავთ. განახლებული მდგომარეობით, ლებრონს 98-ქულიანი შეფასება აქვს (ამაზე მეტი მხოლოდ 2014 წელს ჰქონდა - 99) შესაძლებელი 100-დან და ეს ნამდვილად არაა გასაკვირი იმ თამაშების ფონზე, რომელიც ჯეიმსმა NBA-ს გასულ სეზონში ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ რეგულარული პირველობის განმავლობაში “მეფე ლებრონის” საშუალო მონაგარი 25.3 ქულა, 7.8 მოხსნა და 10.2 პასი იყო, პლეი ოფის თამაშებში – 27.6 ქულა, 10.8 მოხსნა და 8.8 პასი, კონკრეტულად ფინალურ სერიაში კი – 29.8 ქულა, 11.8 მოხსნა და 8.5 პასი. ლეიკერსმა გადამწყვეტი დაპირისპირება მაიამი ჰიტს 4:2 მოუგო და ლიგის ჩემპიონობა მეჩვიდმეტედ იზეიმა, ჯეიმსი კი, ფინალების MVP კარიერაში მეოთხედ გახდა და საჩემპიონო ბეჭედიც მეოთხედ მიიღო.

წაიკითხეეს უნდა მომხდარიყო - როგორ დაბრუნდა ჩემპიონობა კალიფორნიაში

საინტერესოა, რომ 96 ქულა მიენიჭა ფინალური სერიის კიდევ ერთ გმირ ენტონი დევისს და საგრძნობი წინსვლა აქვს მაიამის ლიდერ ჯიმი ბატლერსაც. მარცხის მიუხედავად, ის ლეიკერსთან მატჩებში შეუდარებელი (26.2 ქულა, 8.3 მოხსნა, 9.8 პასი) იყო და 93-ქულიან ნიშნულზეა. აქვე ვთქვათ, რომ 97 ქულა აქვს ბერძენ იანის ანტეტოკოუნმპოს (მილუოკი), ხოლო სლოვენიელ ლუკა დონჩიჩს (დალასი) 94 უწერია.

და რა ვითარება გვაქვს მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში მოთამაშე ერთადერთ ქართველ კალათბურთელთან დაკავშირებით? გოგა ბითაძის ბოლოდროინდელი რეიტინგი 73 (ჩატენვებში 65 ქულა დაუწერეს, სამქულიანებში – 60) იყო და სავარაუდოა, რომ ის უცვლელი დარჩებოდა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები