Thumbnail

ცნობილი სარაგბო ვებ-გვერდი Planetrugby შოტლანდიისა და საქართველოს მორაგბეთა ნაკრებების ხვალინდელ მატჩს გამოეხმაურა და თავისი პროგნოზიც შემოგვთავაზა. აღნიშნულმა საიტმა გუნდების შანსებზე ვრცლად დაწერა და ისიც გვირჩია, “ბორჯღალოსნების” მხრიდან განსაკუთრებით ვის უნდა დავაკვირდეთ. აი, ქართველი ქომაგებისთვის განსაკუთრებით საინტერესო ამონარიდები:

“შოტლანდიის ნაკრები საშემოდგომო მატჩების სერიას საქართველოსთან დაპირისპირებით ხსნის, რომელიც ეცდება უმაღლეს დონეზე თავის წარმოჩენა შესძლოს. სქოთებისთვის ეს შეხვედრა მოსამზადებელი ეტაპი იქნება 6 ერზე უელსთან თამაშისთვის, ქართველები კი, თავის მხრივ, ისტორიაში მნიშვნელოვან პერიოდს ხსნიან, რადგანაც მცირე ხანში “შემოდგომის ერთა თასზე” მონაწილეობა ელით. არაერთი წელია, “ლელოები” 6 ერში მოხვედრაზე პრეტენზიას აცხადებენ და ოქტომბერში, ნოემბერსა და დეკემბერში კარგი შედეგები ზურგს მნიშვნელოვნად გაუმაგრებთ, ამდენად, ეს მათი შანსია. ამის საპირისპიროდ, დიდი ანგარიშით წაგებებმა, შესაძლოა, მათი იმედები დიდი ხნით დაასამაროს. ქართული რაგბის ლეგენდის მამუკა გორგოძის წასვლის შემდეგ, ნაკრებში დიდი სიცარიელე გაჩნდა, რომლის ამოვსებაც აუცილებელია. ამისკენ პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა ოთარ გიორგაძემ, რომელიც მხოლოდ 24 წლისაა და მომავალ შეხვედრებში თავის წარმოჩენის საუკეთესო შანსი ეძლევა. საერთოდაც, წლეულს მისი საერთაშორისო რეპუტაციის საგრძნობი ზრდაა მოსალოდნელი. შეჯამების სახით უნდა ითქვას, რომ ევროპული რაგბის სეზონი იმ მატჩით იხსნება, სადაც ძალისმიერი ბრძოლა მრავლად იქნება. შოტლანდიელი მორაგბეები ეცდებიან, სამომავლოდ, უფრო მნიშვნელოვანი თამაშებისთვის შემადგენლობაში თავი დაიმკვიდრონ, საქართველო კი, ტრადიციულად, იოლად არაფერს დათმობს. ვფიქრობთ, მასპინძლები 18 ქულით მოიგებენ”.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები შოტლანდიის წინააღმდეგ შეხვედრას 23 ოქტომბერს გამართავს. მატჩი “მარიფილდზე” 22:30-საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას ტელეკომპანია “იმედი” გეგმავს. “ბორჯღალოსნებს” “ნარშავებთან” სულ 4-ჯერ უთამაშიათ და ყველა შემთხვევაში დამარცხდნენ. შეგახსენებთ, რომ შოტლანდია არის პირველი ქვეყანა 6 ერიდან, რომელმაც საქართველოს ნაკრებთან მატჩი თბილისში გამართა.

კომენტარები

ბოლო ამბები