Thumbnail

ნილ დოკი: ვიმედოვნებთ, რომ შოტლანდია მთელი მატჩი წნეხის ქვეშ გვეყოლება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

შოტლანდიასთან მოახლოებული სარაგბო ტესტ-მატჩის წინ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ბანაკში მორიგი კომენტარები გაკეთდა. საქართველოს რაგბის კავშირის ვებ-გვერდთან ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, შეტევის ირლანდიელმა მწვრთნელმა ნილ დოკმა და ფიზ.მომზადების მწვრთნელმა ირაკლი ჭყონიამ ისაუბრეს.

ლევან მაისაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ესაა მოსამზადებელი მატჩი “შემოდგომის ერთა თასისთვის“ და შოტლანდიურ მხარეს ამ შესაძლებლობისთვის მადლობა გადაუხადა:

“შოტლანდიასთან მატჩი “შემოდგომის ერთა თასისთვის“ მოსამზადებლად შესანიშნავი შესაძლებლობაა. დიდი მადლობა შოტლანდიის რაგბის კავშირს მასპინძლობისთვის. ჩვენ მათგან მუდამ ვგრძნობთ პატივისცემას და მხარდაჭერას. ამ ტურნირში მონაწილეობა ჩვენთვის არის უდიდესი გამოცდილება და შესაძლებლობა, დროის მცირე მონაკვეთში რეგულარულად ვეთამაშოთ ისეთ ნაკრებებს, როგორებიცაა შოტლანდია, ინგლისი, უელსი და ირლანდია. ჩვენ ახალ გუნდს ვაშენებთ და ვეცდებით დავამტკიცოთ, რომ შეგვიძლია ვიყოთ კონკურენტუნარიანები და ვითამაშოთ კარგი რაგბი“.

'ბორჯღალოსნები' ფრანგულ შეკრებაზე
📸 | ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირი

შოტლანდიასთან გასამართი მატჩისა და “შემოდგომის ერთა თასის“ მოლოდინებზე ისაუბრა ირლანდიელმა ნილ დოკმაც, რომელიც გუნდს გასულ კვირაში, ფრანგულ შეკრებაზე შეუერთდა:

“მანდელიუში ნაყოფიერი შეკრება გვქონდა. მნიშვნელოვანია, კარგად შევასრულოთ მარტივი დავალებები და ვიყოთ ცივსისხლიანები. გველის დაძაბული, საერთაშორისო მატჩები, განსაკუთრებით შოტლანდიასთან, რომელიც ცდილობს ხელდახელ, მაღალ ტემპში ითამაშოს და კარგად იყენებს ფეხს. კონცენტრირებული ვართ საკუთარ თამაშზე და ვცდილობთ გამოვიყენოთ ჩვენი ძლიერი მხარეები, რაზეც შეკრების განმავლობაში ვიმუშავეთ. ვიმედოვნებთ, რომ შოტლანდია მთელი მატჩის განმავლობაში წნეხის ქვეშ გვეყოლება. ეს თამაში დაგვეხმარება შეთამაშებაში და სისტემებში მცირე ცვლილებების ათვისებაში. მნიშვნელოვანია, რომ თამაშიდან თამაშამდე გაუმჯობესება გვქონდეს“.

"ბორჯღალოსანთა" ფიზ.მომზადების მწვრთნელი ირაკლი ჭყონია იმედოვნებს, რომ მიუხედავად ხანგრძლივი პაუზისა, გუნდი ხარისხიან რაგბს ითამაშებს:

“როგორც მორაგბეებმა, ასევე შტაბმა, ბევრი ვიშრომეთ ამ თამაშისა და “შემოდგომის ერთა თასისთვის მოსამზადებლად“. ვიმედოვნებთ, რომ ხარისხიან რაგბს ვაჩვენებთ. უკანასკნელი 8 თვის განმავლობაში პირველად ვთამაშობთ, რაც პრობლემაა, თუმცა ვცდილობთ პოზიტიურები ვიყოთ“.

საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებების ტესტ-მატჩამდე ერთი დღე რჩება. ბორჯღალოსნები საფრანგეთიდან ედინბურგში გუშინ ჩავიდნენ, დღეს კაპიტნის ვარჯიში აქვთ, ხვალ, 23 ოქტომბერს, საქართველოს დროით 22:30 საათზე კი, “მარიფილდზე” თამაში იწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები