Thumbnail

ზაფხულის სეზონის დასრულების შემდეგ პროექტი 'აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა' დაბრუნდა. ევროპაბეთის მხარდამჭერით მიმდინარე პროექტს ამჯერად კაჭრეთის 'ამბასადორმა' უმასპინძლა.

ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში 'ამბასადორის' რეკრეაციულ სივრცეში სხვადასხვა სახის სპორტული შეჯიბრება გაიმართა. აქტივობებში მონაწილეობა ვეტერანებმა, სამშვიდობო მისიებში დაჭრილმა ჯარისკაცებმა და შშმ პირებმა მიიღეს. მონაწილეებმა თავი მინი-გოლფში, ცხენოსნობაში, სასტენდო სროლასა და ბოულინგში გამოსცადეს.

📺 რეპორტაჟი კაჭრეთიდან

ვალერი ლომუაშვილი (თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი)
"მინდა გითხრათ, რომ შშმ პირებისათვის ეს არის საუკეთესო საშუალება რესოციალიზაციის პროცესისთვის. ეს არის საუკეთესო პლატფორმა იმისათვის, რათა დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები და ვეტერანები ერთმანეთს შეხვდნენ და საკუთარი გამოცდილება მრავალმხრივ გაუზიარონ, ერთობლივად ჩაერთონ აქტივობებში, რომელსაც ახალგაზრდული მედია კავშირი გვთავაზობს."

პირველი აქტივობა ცხენოსნობა იყო. პროექტის თითქმის ყველა მონაწილემ, მათ შორის ზურგის ტვინის დაზიანების მქონე და ამპუტანტმა პირებმა  საკუთარი ძალები ცხენოსნობაში მოსინჯეს. ბევრი მათგანი სპორტის ამ სახეობას პირველად ეზიარა.

ჯირითობის შემდეგ მინი-გოლფის ტურნირი გაიმართა. შეჯიბრი გუნდური პრინციპით ჩატარდა. 5-5-კაციანი გუნდები ცდილობდნენ, ბურთი რაც შეიძლება ცოტა ცდით ფოსოში ჩაეგდოთ. პირველობა და გარდამავალი თასი არავის დაუთმო პარამკლავჭიდელის, ნინო საბაშვილის გუნდმა და მისმა წევრებმა ტარიელ და ავთო აბაზაძეებმა, ნაომი გოგიბერიძემ და პაატა როსტობაიამ.

ნინო საბაშვილი (მინი-გოლფის ტურნირის გამარჯვებული)
"ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ჩემმა გუნდმა მოიგო. დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის ევროპაბეთს და სოკარს."

დღე სასტენდო სროლის შეჯიბრებით გაგრძელდა. ელიტური სპორტის ამ სახეობაში საპრიზო ადგილებისთვის 25-მა მონაწილემ იბრძოლა. პირველი ადგილი სამშვიდობო მისიაში დაჭრილმა გელა ხელაძემ დაიკავა, მეორეზე ვეტერანი ბადრი ტოგონიძე გავიდა, ხოლო მესამე - პროექტის სტუმარი ალექსანდრე იაკობაშვილი იყო.

გელა ხელაძე (სასტენდო სროლის ტურნირის გამარჯვებული)
"სასტენდო სროლის ტურნირში პირველი ადგილი დავიკავე - ემოციების ქვეშ ვარ, ძალიან გამიხარდა. დიდი მადლობა ახალგაზრდულ მედია კავშირს და ჩვენს სპონსორებს."

პროექტის მონაწილეები ბოლოს ერთმანეთს ბოულინგში შეეჯიბრნენ. ჩემპიონატში მონაწილეობა 6-მა გუნდმა მიიღო. გამარჯვებულები ორ კატეგორიაში - გუნდურში და ინდივიდუალურში გამოვლინდა. გუნდურ შეჯიბრში პირველობა ნაომი გოგიბერიძის კაპიტნობით ბუკა ობოლაძემ, ბადრი ტოგონიძემ და გიორგი ხინჩაგაშვილმა მოიპოვეს, ხოლო ინდივიდუალურ ასპარეზში საუკეთესო შედეგი გელა ხელაძემ აჩვენა. ყველა ტურნირის გამარჯვებულს სამახსოვრო დიპლომები და "კაჭრეთის ამბასადორი 2020" თასი გადაეცათ.

ბუკა ობოლაძე (ბოულინგის ტურნირის გამარჯვებული)
"მსგავსი ღონისძიებების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთი აქტივობები მათ რეალურ ცხოვრებასთან ადაპტირებაში ეხმარება. ისინი აქ იძენენ მეგობრებს და უფრო მეტად იხსნებიან."

ჩამოთვლილი ღონისძიები ევროპაბეთის პროექტის, "პასუხისმგებლიანი თამაშის" აქტივობების სერიის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს და უკვე მეორე წელია, კომპანიის აქტიური მხარდაჭერით მიმდინარეობს.

ღონისძიებას "ახალგაზრდული მედია კავშირი" საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ფონდ "პროდემოსის" და კომპანიების, "ევროპაბეთისა" და "სოკარის" მხარდამჭერით ახორციელებს. პროექტის მასპინძელი კი არის ლუდსახარში "ზედაზენი" პროექტი ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას. პროექტის მიზანია კონვენციის იმპლემენტაციის აღსრულების ხელშეწყობა საქართველოს მასშტაბით და შშმ პირთა საზოგადოებაში თანაბარ-უფლებრივი მდგომარეობის დამკვიდრება.

კომენტარები

ბოლო ამბები