Thumbnail

'ვფიქრობ, ასე სწორია' - მარჩელო ლიპი მწვრთნელობას აღარ აპირებს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • მარჩელო ლიპიმ სამწვრთნელო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა
  • 72 წლის სპეციალისტი უნიკალური მიღწევის ავტორია

იუვენტუსისა და იტალიის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ სამწვრთნელო კარიერა დაასრულა. 72 წლის სპეციალისტმა ამის შესახებ იტალიურ მედიასთან საუბარში განაცხადა და მიიჩნევს, რომ სწორი ნაბიჯი გადადგა.

მარჩელო ლიპი: "სამწვრთნელო კარიერა საბოლოოდ დავასრულე. ვფიქრობ, ეს სწორი გადაწყვეტილებაა. შეიძლება სხვა პოზიციაზე ისევ ვიმუშავო, ვნახოთ, მაგრამ გაზაფხულამდე არაფერს ვაპირებ".

ლიპიმ კიევის დინამოს წინააღმდეგ ყოფილი კლუბის, იუვენტუსის თამაში შეაფასა: "დინამო შიდა ჩემპიონატში ლიდერია, მაგრამ იუვესთან შიშით ითამაშა და კართან ახლოს თითქმის არ მისულა. იუვემ კი კარგი თამაში ჩაატარა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წამყვანი მოთამაშე აკლდა. დიბალა ფიზიკურად თუ კარგად იქნება, გუნდისთვის აუცილებელი ფეხბურთელია. ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად 3-4 ფეხბურთელის კარგ ფორმაში ყოფნაა საჭირო".

მარჩელო ლიპიმ სამწვრთნელო კარიერა 1985 წელს პონტედერაში დაიწყო, თუმცა პირველ სერიოზულ წარმატებას იუვენტუსში მიაღწია, სადაც 1994 წელს დინიშნა და პირველივე სეზონში გუნდს სკუდეტო 9-წლიანი პაუზის შემდეგ მოაგებინა. ლიპი იუვეში 1994-1999 და 2001-2004 წლებში მუშაობდა. ტურინულ გრანდში მან 5-ჯერ სკუდეტო მოიგო, 4-ჯერ იტალიის სუპერთასი, თითოჯერ კი იტალიის თასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და საკონინენტთაშორისო თასი.

იუვენტუსს ჩემპიონთა ლიგა ბოლოს ლიპიმ მოაგებინა

2004-2006 და 2008-2010 წლებში ის იტალიის ნაკრებს ხელმძღვანელობდა, რომელსაც 2006 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოაგებინა. კარიერის ბოლო წლები მან აზიის კონტინენტზე გაატარა, სადაც ჩინური გუანჯოუ 3-ჯერ ჩინეთის ჩემპიონი გახადა, თითოჯერ კი ჩინეთის თასი, სუპერთასი და აზიის ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა. მარჩელო ლიპი ერთადერთი მწვრთნელია ისტორიაში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ორ სხვადასხვა კონტინენტზე მოიგო (ევროპა და აზია). ლიპი ბოლოს ჩინეთის ნაკრებში მუშაობდა, რომელიც 2019 წლის ნოემბერში დატოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები