Thumbnail
  • ბუდუ ზივზივაძე უნგრეთში საკმაოდ კარგ სეზონს ატარებს
  • ჩემპიონატის 5 თამაშში 2 გოლი აქვს გატანილი და ფორმაშია
  • ვლადიმირ ვაისმა ნაკრებში ბოლოს 2018 წელს გამოიძახა
  • 26 წლის ცენტრფორვარდმა პოპსპორტის კითხვებს უპასუხა

უკვე მე-2 სეზონია, ბუდუ ზივზივაძე უნგრეთის ჩემპიონატში კარგად თამაშობს და გოლები გააქვს. შარშან მეზოკოვეშდში თამაშობდა, მაგრამ ზაფხულში გაცილებით ძლიერ ფეჰერვარში გადავიდა, რომელიც უნგრეთის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური გუნდია და მიზნად ჩემპიონობას ისახავს.

ბუდუმ მიმდინარე სეზონიც კარგად დაიწყო, უნგრეთის ჩემპიონატის 5 შეხვედრაში თავი 2-ჯერ გამოიჩინა. გარდა ამისა, ევროპალიგაზე ითამაშა, სადაც მის გუნდს ჯგუფურ ეტაპამდე ერთადერთი ნაბიჯი დააკლდა და პლეი ოფში ლიეჟის სტანდარდთან დამარცხდა. ცხადია, 26 წლის ცენტრფორვარდს აქვს იმის ამბიცია, რომ საქართველოს ნაკრების წევრი იყოს და ეს ჩვენთან საუბარშიც არ დაუმალავს. ზივზივაძე ფიქრობს, რომ შანსის მიცემას იმსახურებს, მაგრამ ვლადიმირ ვაისს ის ეროვნულ გუნდში ბოლოს 2018 წელს ჰყავდა მიწვეული. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა მისთვის ნაკრების კარი აღარ გაღებულა.

სხვათა შორის, ბუდუს თანაგუნდელები არიან ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ფეხბურთელები - ვისარ მუსლიუ, რომელიც თბილისში გააძევეს და ბობან ნიკოლოვი. ქართველმა შემტევმა მათ შესახებაც ისაუბრა.

POPSPORT: პირველ რიგში, როგორ შეეწყვე ახალ გუნდს, რამდენად გაგიჭირდა ადაპტაცია და რამდენად კმაყოფილი ხარ არჩევანით?

ბუდუ ზივზივაძე: ადაპტაცია არ გამჭირვებია, რადგან ერთი წელი აქ ვთამაშობდი და ფეხბურთელებმა იცოდნენ, რას წარმოვადგენ. ამიტომ ძალიან კარგად და სწრაფად მიმიღეს გუნდის წევრად და მეც ამის გამო გამიადვილდა გუნდთან შეეჩვევა. არჩევნით კმაყოფილი ვარ, რადგან ძალიან კარგ გუნდში მოვხვდი. მშვენიერი პირობებია იმისთვის, რომ თავი ფეხბურთელად იგრძნო.

📺 ვიდეო: ბუდუ ზივზივაძის 2 გოლი მიმდინარე სეზონში

POPSPORT: რა არის გუნდის მიზანი მიმდინარე სეზონში? ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპამდე ერთი ნაბიჯი დაგაკლდათ.

ზივზივაძე: ამ სეზონის მზადებისთვის გუნდი, როცა პირველად შეიკრიბა, პირველ და უმთავრეს მიზნად ჩემპიონობა დასახელდა, რადგან უკვე ორი წელია არ გამხდარა ჩემპიონი და წელს მთავარი მიზანი ეს არის. რაც შეეხება ევროტურნირებს: ძალიან ცოტა დაგვაკლდა და ჯგუფურ ეტაპზეც ვითამაშებდით, თუმცა ასეა თუ ისე, გუნდი მაინც ახალია, ახალი მწვრთნელით და ასე უცებ ყველაფერი არ მოდის. გვქონდა კარგი შანსი, სტანდარდთან პირველი ტაიმი მოვიგეთ, მაგრამ მეორე ტაიმში ცოტა უყურადღებობა იყო და ამიტომ დავისაჯეთ, თან მსაჯმაც ორი პენალტი დანიშნა და ამით ჩვენთვის ყველაფერი დამთავრდა.

'მთლიანობაში გარედან ნაკრების თამაშს დადებითად შევაფასებ'

POPSPORT: რა განსხვავებაა მეზოკოვეშდსა და ფეჰერვარს შორის, რაც თვალშისაცემია და ზოგადად, უნგრეთში ფეხბურთის დონეზე რას გვეტყვი?

ზივზივაძე: პირველ რიგში ვიტყვი ინფრასტრუქტურაზე. ფეჰერვარი ამ მხრივ ძალიან წინ არის მეზოკოვეშდთან შედარებით. ასევე გამოვყოფდი სამედიცინო სტაფს, რომლებიც ამ დატვირთული გრაფიკის დროს ძალიან გვეხმარებიან ფეხბურთელებს, რომ ტრავმები არ მივიღოთ. ჩემპიონატის დონე საკმაოდ კარგია და ყველა ხედავს, თუ სად არის ფერენცვაროში. ეს იმაზე მეტყველებს, რომ უნგრული ფეხბურთი ვითარდება და დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო განვითარდება.

ზივზივაძემ მიმდინარე სეზონში 2 გოლის გატანა მოასწრო

POPSPORT: თუ გაქვს უნგრეთში მოთამაშე სხვა ქართველ ფეხბურთელებთან კონტაქტი. მეზოკოვეშდში ლუკა ლაკვეხელიანი გადავიდა. რამდენად წაადგება ეს მის კარიერას და თუ მიეცი რჩევა?

ზივზივაძე: კი, რა თქმა უნდა, მაქვს ბიჭებთან კონტაქტი. ხშირად ვერ ვხდვდებით ერთმანეთს, რადგან სხვადასხვა ქალაქებში ვცხოვრობთ, მაგრამ ინტერნეტის საშუალებით ვკონტაქტობთ. ლუკას ვესაუბრე და თუ იშრომებს და მოინდომებს, შეუძლია, რომ ერთ წელში, ან წელიწად-ნახევარში უფრო კარგ გუნდში ითამაშოს, თუნდაც უნგრეთში ან უკეთესს ჩემპიონატში. ნიჭიერი ფეხბურთელია და ეს ნიჭი უნდა გამოიყენოს.

POPSPORT: საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალშია. გუნდთან ერთად არ ყოფილხარ, როგორ დაინახე ნაკრების თამაშები გარედან და რა შეფასებას გააკეთებდი?

ზივზივაძე: ვფიქრობ, რომ ამ სანაკრებო შეკრებაზე გუნდმა მთავარ შეხვედრაში სასურველ შედეგს მიაღწია, დანარჩენ ორ შეხვედრას რაც შეეხება, ვიტყვი, რომ სომხეთთან ბოლო წუთებზე არ გაგვიმართლა და ფრე გულდასაწყვეტია, თუმცა ვინარჩუნებთ შანსს, რომ C დივიზიონიც მოვიგოთ და ვფიქრობ, რომ მაკედონიაზე კარგი შანსი გვაქვს, რადგან დარჩენილ ორ თამაშს სახლში ვთამაშობთ, მთლიანობაში გარედან ნაკრების თამაშს დადებითად შევაფასებ.

'არ ვამბობ, რომ ნაკრებში აუცილებლად სასტარტო შემადგენლობაში უნდა ვითამაშო - მიმაჩნია, რომ განაცხადში ყოფნას ვიმსახურებ'

POPSPORT: ვლადიმირ ვაისი შანსს ჯერჯერობით არ გაძლევს...

ზივზივაძე: ბევრჯერ ვახსენე ინტერვიუებში, რომ გულდაწყვეტილი ვარ, რადგან ვფიქრობ, ამ ეტაპზე ვიმსახურებ ნაკრებში შანსს. არ ვამბობ, რომ თავდასხმის ხაზში ყველა პრობლემას მოვაგვარებ, ან ნაკრებში აუცილებლად სასტარტო შემადგენლობაში უნდა ვითამაშო - ვამბობ, რომ უბრალოდ 23-კაციანი იქნება, თუ 29-კაციანი განაცხადი, ჩემი აზრით, იქ ყოფნას ვიმსახურებ. პატივს ვცემ ვაისს და მთლიანად მისი გადასაწყვეტია, ვის გამოიძახებს და ვის არა, მაგრამ ვფიქრობ, როცა ფეხბურთელს კარგი სეზონი აქვს უკვე მეორე წელია და თან მითუმეტეს ახლა, როცა ხელწამოსაკრავ გუნდში არ თამაშობს, ერთხელ შანსი უნდა მიეცეს. თან, ჩემი გუნდიდან 2 ფეხბურთელი მაკედონიის ნაკრებში თამაშობს, 5 ფეხბურთელი უნგრეთის ნაკრებში თამაშობს და 1 სერბეთის ნაკრებში… ეს გუნდის სიძლიერეზე მეტყველებს.

POPSPORT: თუ ყოფილა ინტერესი ბოლო პერიოდში, ვაისთან თუ ისაუბრე, ან ნაკრების სამწვრთნელო შტაბის რომელიმე წევრთან, რატომ არ გიძახებს?

ზივზივაძე: როგორც თვითონ თქვა, ჩემს თამაშზე იყო სლოვაკეთში და მაშინ ვნახე მისი თანაშემწე, თუმცა ამ თემებზე არ გვისაუბრია. თავად ვაისთან არ მქონია კონტაქტი. ბოლოს 2018 წელს ვესაუბრე, როცა მალტასთან გვქონდა ამხანაგური მატჩი.

ნაკრებში შანსი 2 წელია არ მისცემია

POPSPORT: ფეჰერვარში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ორი წევრი თამაშობს. საქართველოსთან ფინალზე ალბათ ელაპარაკები ხოლმე. რას ამბობენ?

ზივზივაძე: ამის შესახებ თითქმის ყოველდღე ვსაუბრობთ. ძალიან უფრთხიან ხვიჩა კვარაცხელიას და გიორგი ჩაკვეტაძეს. იმედია, ჩაკვეტაძე მალე ჩადგება ფორმაში და შეძლებს 12 ნოემბერს თამაშს. მაკედონიელები თავდაჯერებულები არიან და ამბობენ, რომ აუცილებლად ისინი ითამაშებენ ევროპის ჩემპიონატზე. მე კი არ მინდა, რომ, როცა ნაკრებიდან გუნდში დაბრუნდებიან, ჩემთან იტრაბახონ. იმედი მაქვს, ფინალური თამაში ჩვენს სასიკეთოდ დასრულდება.

POPSPORT: როგორ დაახასიათებდი ვისარ მუსლიუს და ბობან ნიკოლოვს - როგორი ფეხბურთელები არიან?

ზივზივაძე: მუსლიუ ვფიქრობ, საკმაოდ კარგი და ფიზიკურად ძლიერი მცველია და თამაშის წაკითხვაც კარგად შეუძლია. თუმცა ჩემი აზრით, სისწრაფე აკლია. რაც შეეხება ნიკოლოვს, ჭკვიანი ნახევარმცველია, მაგრამ ხშირად ნელა მოქმედებს და შეტევებს ანელებს. ასევე ვფიქრობ, ფიზიკურად ვერ არის კარგ კონდიციებში. მთლიანობაში, ორივეს ძალიან კარგად შეუძლია თამაში, თუ ამის საშუალებას მისცემ. ამიტომ, უნდა ვეცადოთ, რომ თამაში ჩვენ გავაკონტროლოთ.

POPSPORT: რამდენი გოლის გატანა დაუსახე საკუთარ თავს ამ სეზონში?

ზივზივაძე: წინა სეზონში ჩემპიონატსა და თასის გათამაშებაში 12 გოლი გავიტანე. ამიტომ, წელს მსურს, რომ საერთო ჯამში წინა სეზონზე მეტი გავიტანო. მარტო ჩემპიონატში ჩემი მიზანია, რომ 15 გოლამდე შევაგდო. თუ ამას შევძლებ, ვიტყვი, რომ სეზონი წარმატებით დავასრულე და იმედია, ამასთან ერთად ჩემპიონობასაც მოვახერხებ და გუნდს ჩემი გოლებით დავეხმარები.

 

კომენტარები

ბოლო ამბები