Thumbnail

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 23 ოქტომბერს, შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ ტესტ-მატჩს გამართავს. მატჩი ედინბურგში, "მარიფილდზეა" დაგეგმილი და 22:30-საათზე დაიწყება. გულშემატკივარი მატჩის ტელეტრანსლაციას ტელეკომპანია იმედის ეთერში იხილავს.

"ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა, სადაც ერთი დებიუტანტია - ბორდოს 28 წლის მარჯვენა ბურჯი ლექსო ყაულაშვილი, რომელსაც მარცხენა ბურჯადაც შეუძლია თამაში. ამ მორაგბეს ეს შანსი დიდი ხანია ეკუთვნოდა და სასიამოვნოა, რომ მაისაშვილმა ასეთი დონის მატჩებისთვის ნაკრებში უხმო.

ყაულაშვილი მატჩს ძირითად შემადგენლობაში მიხეილ ნარიაშვილთან ერთად დაიწყებს, რომელიც საოცარ ფორმაშია და TOP 14-ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში ზედიზედ მეორედ მოხვდა. კვაჭის პოზიციაზე ჯაბა ბრეგვაძე ბრუნდება, რომელსაც ნაკრებში 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ არ უთამაშია. მეორე ხაზში ნოდარ ჭეიშვილი და გრიგორ ქერდიყოშვილი დადგებიან, მესამე ხაზში კი თამაშს ოთარ გიორგაძე, ბექა საღინაძე და ბექა გორგაძე იწყებენ.

9 ნომერზე ვასილ ლობჟანიძე იქნება, ხოლო 10 ნომერზე თედო აბჟანდაძე დადგება. ნაკრებს დაუბრუნდა კაპიტანიც - მერაბ შარიქაძე ცენტრში დემე თაფლაძესთან ერთად ითამაშებს. ფრთებზე სანდრო თოდუასა და ახალგაზრდა აკა ტაბუცაძეს ვიხილავთ, რომელმაც ორ თამაშში 5 ლელოს გატანა მოახერხა. ფულბეკი სოსო მათიაშვილი იქნება.

მაისაშვილმა სათადარიგო შემადგენლობა გამოცდილი და ახალგაზრდა მორაგბეებით დააკომპლექტა: შალვა მამუკაშვილი, გურამ გოგიჩაშვილი, გიორგი მელიქიძე, გიორგი ჯავახია, გიორგი თხილაიშვილი, გელა აფრასიძე, გიორგი კვესელაძე და თამაზ მჭედლიძე.

'ბორჯღალოსნებმა' მზადების ბოლო ეტაპი საფრანგეთში გაიარეს
📸 | ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირი

ნაკრების მწვრთნელმა მოთამაშეთა მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბექა გიგაშვილმა ჩელენჯ ქაფის ფინალი ტრავმიანმა ითამაშა, რის გამოც მას გარისკვა არ სურს. მაისაშვილს გული წყდება, რომ შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ ლეგიონერები კლუბებში მიდიან და ფაქტობრივად, ორკვირიანი შეკრება წყალში იყრება. სამწუხაროდ, რუსეთთან მატჩი რაგბი ევროპამ ისევ გადადო და "ბორჯღალოსნებს" პირველ ნოემბერს მატჩის ჩატარება აღარ უწევთ, რაც შემომდგომის ერთა თასისთვის მოსამზადებლად კარგი შანსი იქნებოდა.

შოტლანდიის ნაკრებში რამდენიმე ცვლილებაა. გრეგორ თაუნსენდმა აღნიშნა, რომ ნაკრებს კაპიტანი სტიუარტ ჰოგი დააკლდება, თუმცა ფინ რასელი, რომელიც რასინგის ღირსებას იცავს, მატჩში სათადარიგო სკამიდან ჩაერთვება და შოტლანდიას მნიშვნელოვნად გააძლიერებს. რასელმა ჩემპიონთა თასის ფინალი ითამაშა და მწვრთნელმა მისი დასვენება გადაწყვიტა. ჰოგის არყოფნაში, ნაკრებს ფრეიზერ ბრაუნი უკაპიტნებს, რომელიც კაპიტნის სამკლავურს პირველად მოირგებს, ხოლო ნაკრებში 51-ე კეპს მოიხვეჭს.

საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებთა დაპირისპირების ისტორია

შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრებების ისტორიაში სულ 4-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. პირველად ეს 2011 წელს მოხდა. ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიო თასზე, B ჯგუფის მატჩში, შოტლანდიამ 15:6 მოიგო. 2016 წელს ნაკრებებმა კილმარნოკში ითამაშეს. შოტლანდიამ ტესტ-მატჩი 43:16 მოიგო, ხოლო ვასილ ლობჟანიძემ "ნარშავებს" 2 ლელო დაუდო. 2019 წლის მსოფლიო თასამდე, საქართველო და შოტლანდია ერთმანეთს 2-ჯერ გაეჯიბრნენ. შოტლანდიამ თბილისში 44:10 მოიგო და პირველი ნაკრები გახდა 6 ერიდან, რომელმაც თბილისში მატჩი ჩაატარა, ხოლო მეორე ტესტში მათ 36:9 იმარჯვეს.

საინტერესო ფაქტები და სტატისტიკა

🏉 შოტლანდიის ნაკრებს საქართველოსთვის 138 ქულა აქვს გატანილი.

🏉 საქართველოს ნაკრებმა შოტლანდიას 4 თამაშში 41 ქულა გაუტანა.

🏉 "ბორჯღალოსნებმა" შოტლანდიელებს 3 ლელო დაუდეს - ორი ვასილ ლობჟანიძის ანგარიშზეა, ერთიც - კარლენ ასიეშვილის.

🏉 დარსი გრეჰემი ერთადერთი მორაგბეა, რომელმაც საქართველოს ბოლო ორ მატჩში ლელო დაუდო.

🏉 ბექა გორგაძეს ნაკრების ბოლო 8 მატჩში 4 ლელო აქვს დადებული - შოტლანდიელები მასზე დიდ ყურადღებას ამახვილებენ.

🏉 2019 წელს საქართველოს ნაკრების მატჩების მეორე ტაიმები პირველ ნახევარზე მეტად შედეგიანი იყო.

🏉 შოტლანდიის ნაკრების მიერ 2020 წელს ჩატარებულ მატჩებში, ლელო პირველი 8 წუთის შემდეგ დაიდო.

🏉 ფრეიზერ ბრაუნი შოტლანდიის ნაკრებს პირველად უკაპიტნებს.

🏉 ლექსო ყაულაშვილს ბორჯღალოსნებში დებიუტი ექნება.

შოტლანდია

ძირითადი: 1. რორი საზერლენდი, 2. ფრეიზერ ბრაუნი, 3. ზანდერ ფაგერსონი, 4. ბენ ტულისი, 5. სკოტ კამინგსი, 6. ჯეიმი რიტჩი, 7. ჰემიშ უოტსონი, 8. მეტ ფაგერსონი, 9. ალი პრაისი, 10. ადამ ჰასტინგსი, 11. დუან ვან დერ მერვე, 12. ჯეიმს ლანგი, 13. კრის ჰარისი, 14. დარსი გრეჰემი, 15. ბლეირ კინგჰორნი.

სათადარიგო: 16. სტიუარტ მაკკინალი, 17. ოლი კებლე, 18. საიმონ ბერგანი, 19. რობ ჰარლი, 20. ნიკ ჰეინინგი, 21. კორნელ დუ პრიზი, 22. ჯორჯ ჰორნი, 23. ფინ რასელი.

საქართველო

ძირითადი: 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. ლექსო ყაულაშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. გრიგორ ქერდიყოშვილი, 6. ოთარ გიორგაძე, 7. ბექა საღინაძე, 8. ბექა გორგაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე, 10. თედო აბჟანდაძე, 11. სანდრო თოდუა, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 13. დემე თაფლაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 15. სოსო მათიაშვილი.

სათადარიგო: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. გიორგი მელიქიძე, 19. გიორგი ჯავახია, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. გელა აფრასიძე, 22. გიორგი კვესელაძე, 23. თამაზ მჭედლიძე.

კომენტარები

ბოლო ამბები