Thumbnail
  • ბაიერნი 4:0 ატლეტიკო
  • ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა ტურნირი გამარჯვებით დაიწყო

ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლების სეზონში ტურნირის მოქმედი ჩემპიონიც ჩაება. მიუნხენის ბაიერნმა "ალიან არენაზე" A ჯგუფში მთავარ მეტოქეს - მადრიდის ატლეტიკოს უმასპინძლა. სათამაშო დღის ცენტრალურ დაპირისპირებაში, ბავარიელებმა საკადრო პრობლემების მქონე დიეგო სიმეონეს გუნდს დაძაბვის გარეშე მოუგეს. 

 ჰანსი ფლიკის შეგირდებმა ანგარიშის გახსნა პირველ ნახევარ საათში შეძლეს და ეს დიდწილად იოზუა კიმიხის გენიალური პასის დამსახურებაა, რომელმაც სტუმართა საჯარიმოს გარედან შესრულებული უზუსტესი გადაცემით, იან ობლაკთან პირისპირ კინგსლი კომანი დატოვა. ნიდერლანდელმა თავდამსხმელმა შანსი ხელიდან არ გაუშვა.

შესვენებამდე რეკორდმაისტერმა მეორედაც გაუტანა ატლეტიკოს და ამჯერად საგოლე გადაცემით კომანი გამოირჩა, გოლი კი ლეონ გორეტცკამ მიითვალა, რომელმაც მეკარისგან შორეულ კუთხეში ბურთი ძლიერად და ზუსტად დაარტყა. 

მეორე ტაიმში კინგსლი კომანმა, რომელიც უდაოდ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი იყო, ბრწყინვალე დრიბლინგის შემდეგ, დუბლი შეასრულა. თუმცა იქამდე სუპერგოლის გატანა კორენტინ ტოლისომ მოახერხა, რომელმაც იან ობლაკის კარში საკმაოდ შორი მანძილიდან შესრულებული უძლიერესი დარტყმით შეაგდო.  

A ჯგუფში ჰანსი ფლიკის გუნდი გალიდერდა, თითო ქულა აქვთ მოსკოვის ლოკომოტივსა და ზალცბურგს, რომლებმაც მანამდე "რედ ბულ არენაზე" ფრედ 2:2 ითამაშეს. 27 ოქტომბერს, მეორე ტურში, ბაიერნს მოსკოვში უწევს სტუმრობა, ხოლო ატლეტიკო შინ ზალცბურგს მიიღებს.

ნოიერის მე-200 მშრალი მატჩი ბაიერნში

ბაიერნი 4:0 ატლეტიკო

გოლები: 1:0 კომანი (28’), 2:0 გორეტცკა (42’), 3:0 ტოლისო (66'), 4:0 კომანი (72').  

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - პავარი (73' სარი), ზიულე, ალაბა, ერნანდესი - ხიმიხი, გორეტცკა (83' ხავი მარტინესი) - მიულერი (83' დევისი), ტოლისო, კომანი (73' დუგლას კოშტა) - ლევანდოვსკი (83' შუპო-მოტინგი). 

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ტრიპიერი, სავიჩი, ფელიპე, ლოდი - ლორენტე (79' ლემარი), ერერა, კოკე (79' ტორეირა), კარასკო (76' ვიტილო) - ფელიქსი, სუარესი (76' კორეა).

ზალცბურგი 2:2 ლოკომოტივი (მ)

გოლები: 0:1 ედერი (19’), 1:1 სობოსლაი (45'), 2:1 იუნოზოვიჩი (50'), 2:2 ლისაკოვიჩი (75').

კომენტარები

ბოლო ამბები