Thumbnail
  • რეალი 2:3 შახტარი
  • ზალცბურგი 2:2 ლომოტივი

ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩი B ჯგუფშიც გაიმართა, რომელშიც მადრიდის რეალმა "ალფრედო დი სტეფანოზე" დონეცკის შახტარს უმასპინძლა და სენსაციურად დამარცხდა, თანაც ისე, რომ სამივე გოლი შესვენებამდე გაუშვა. უკრაინის ჩემპიონთა შემადგენლობაში, რომელსაც COVID 19-ზე დადებითი ტესტების გამო, ძირითადის 10 მოთამაშე აკლდა, თავიდან ბოლომდე ითამაშა დავით ხოჭოლავამ. ქართველმა მცველმა "სამეფო კლუბის" წინააღმდეგ იდეალური მატჩი ჩაატარა და თავის გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.  

ზინედინ ზიდანმა, რომელსაც ლა ლიგაში "ელ კლასიკო" ელოდება, უკრაინულ გუნდთან არცთუ ოპტიმალური შემადგენლობა გამოიყვანა და ამისთვის მალევე დაისაჯა. შახტარმა და უშეცდომოდ მოთამაშე ხოჭოლავამ პირველ ტაიმში შანსი პრაქტიკულად არ მისცეს მეტოქეს (თუ არ ჩავთვლით ლუკა იოვიჩის თავით არცთუ სახიფათო დარტყმას), ტეტეს ეფექტურმა თამაშმა კი სტუმრებს სამბურთიანი უპირატესობა შესვენებამდე მოაპოვებინა.

მადრიდში ტეტეს დუბლის შესრულებაც შეეძლო

შახტარის ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ჯერ თავად გაიტანა, შემდეგ კი მის დარტყმულს რაფაელ ვარანის ავტოგოლი მოჰყვა. მესამე გოლის ეპიზოდში ტეტე ქუსლით შესრულებული ბრწყინვალე საგოლე გადაცემით გამოირჩა, რომელიც სოლომონმა ზუსტი დარტყმით დაასრულა.

მეორე ტაიმში ზინედინ ზიდანმა მოედანზე ქარიმ ბენზემა გამოიყვანა. გოლი მადრიდელებმა მალევე გაიტანეს, თუმცა ის მთლიანად ლუკა მოდრიჩის დამსახურება იყო - ხორვატმა საჯარიმოს გარედან უძლიერესი დარტყმით შეაგდო.

რეალი თამაშში მოედანზე იოვიჩის ნაცვლად შეცვლაზე იმ წუთას შემოსულმა ვინისიუსმა დააბრუნა, რომელმაც მარლოსს ბურთი მოპარა და გაიტანა. შახტარის მცველებმა მასპინძელთა ბრაზილიელი თავდამსხმელს ხელი ვერ შეუშალეს. 

რეალმა ტრუბინის კარში მესამე გოლის გატანაც მოახერხა - 90-ე წუთზე, კუთხურის გათამაშების შემდეგ, ვალვერდემ საჯარიმოს გარედან შეაგდო, თუმცა არბიტრმა VAR-ის გამოყენების შემდეგ, მასპინძლებზე თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და გოლი არ ჩათვალა.

ქართველი მცველი შახტარში ერთ-ერთი საუკეთესო იყო

მეორე ტურში, 27 ოქტომბერს, ზინედინ ზიდანის გუნდი სტუმრად გლადბახს დაუპირისპირდება, ლუის კასტროს შეგირდები კი ხარკოვში მილანის ინტერს უმასპინძლებენ. 

რეალი 2:3 შახტარი

გოლები: 0:1 ტეტე (29’), 0:2 ვარანი (ავტოგოლი, 33’), 0:3 სოლომონი (42’), 1:3 მოდრიჩი (54'), 2:3 ვინისიუსი (59')

რეალი (4-3-3): კურტუა - მენდი, ვარანი, მილიტაო, მარსელო - მოდრიჩი (70' კროოსი), კაზემირო, ვალვერდე - ასენსიო, იოვიჩი (59' ვინისიუსი), როდრიგო (46' ბენზემა).

შახტარი (4-2-3-1): ტრუბინი - დოდო, ბონდარი, ხოჭოლავა, კორნიენკო - ანტონიუ (90' ვიუნიკი), მაიკონი - მარლოსი, სოლომონი (90' ვიტაუ), ტეტე - დენტინიო (86' სუდაკოვი). 

ზალცბურგი 2:2 ლოკომოტივი (მ)

გოლები: 0:1 ედერი (19’), 1:1 სობოსლაი (45'), 2:1 იუნოზოვიჩი (50'), 2:2 ლისაკოვიჩი (75').

კომენტარები

ბოლო ამბები