Thumbnail

'გავძლებ იქამდე, სანამ ხაბიბი გაძლებს' - ჯასტინ გეიჯის პრესკონფერენცია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

25 ოქტომბერს, აბუ დაბიში, "მებრძოლთა კუნძულზე" MMA-ის მოყვარულებისთვის წლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბრძოლა გაიმართება - UFC 254 ქარდის სათავეში მსუბუქ წონაში მოქმედი ჩემპიონის, რუსი ხაბიბ ნურმაგომედოვისა და დროებითი ჩემპიონის ქამრის მფლობელის, ამერიკელი ჯასტინ გეიჯის ბრძოლაა წარმოდგენილი. 32 წლის დაღესტნელ მებრძოლს პროფესიულ კარიერაში 28-ვე შეხვედრა მოგებული აქვს, ამერიკელის ანგარიშზე კი 22 გამარჯვება და 2 მარცხია.

ბრძოლის წინ არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯასტინ გეიჯიმ თავის მოლოდინზე ისაუბრა: 

"ხაბიბი დარწმუნებულია იმაში, რასაც აკეთებს. მე მზად ვარ იმისთვის, რომ ის ჩემს დაქანცვას შეეცდება. როდესაც მომენტი დგება, ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებ. გავძლებ იქამდე, სადამდეც ის გაძლებს. 

არ მიყურებია ხაბიბის ორთაბრძოლებისთვის. მისი ჩხუბები ნანახი მქონდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩემი მეტოქე გახდა, აღარ მიყურებია. ფოკუსირებული საკუთარი თავის საუკეთესოდ წარმოჩენაზე ვარ. არ მივცემ უფლებას, კიდესთან მომიწყვდიოს. თუკი ჩემს დაჭერას შეეცდება, ფეხებში ვურტყამ და ზიანს მივაყენებ", - თქვა ამერიკელმა.

გეიჯიმ პრესკონფერენციაზე თავის მშობლებზეც ისაუბრა, რომლებიც ბრძოლას დაესწრებიან:

"ჩემი მშობლები არასდროს მიემგზავრებოდნენ საზღვარგარეთ, არ დაფრინავდნენ ბიზნესკლასით. მამაჩემი პენსიაზე ერთი წლის წინ გავიდა, დედაჩემი კი ამას მაშინ გააკეთებს, როდესაც ორთაბრძოლის გონგს ჩამოკრავენ. თითოეული ცენტი, რომელიც გამოიმუშავეს, მათ ჩემში ჩადეს. 

როდესაც სხვა ბავშვები მაღაზიებისკენ საჩუქრებზე მიემართებოდნენ, ჩვენ დარბაზში მივდიოდით. არაფერია იმაზე უკეთესი, როდესაც შეგიძლია მათ ამაგი დაუფასო. მოვუსმენ მხოლოდ ჩემს მწვრთნელს, მაგრამ მიხარია, რომ აქ ჩემი მშობლებიც იქნებიან". 

აღსანიშნავია, რომ ხაბიბთან მზერით დუელის შემდეგ, ჯასტინ გეიჯიმ არ მოინდომა მისი კუთვნილი დროებითი ჩემპიონის ქამრით ფოტოსურათის გადაღება. თავდაპირველად გეიჯიმ ხელში დაიკავა თავისი ქამარი, მაგრამ შემდეგ ის გვერდით მყოფს მიაწოდა და ნურმაგომედოვთან ერთად კამერების წინ მის გარეშე იპოზიორა.

კომენტარები

ბოლო ამბები