Thumbnail
  • საქართველოს მედროშე კარდიოლოგიის ცენტრში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება 
  • დავით ხახალეიშვილის მკურნალობა-რეაბილიტაცია 250 ათასი აშშ დოლარი ჯდება

დღეს, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა საგანგებო პრესკონფერენცია გამართა, რომელიც სახელოვანი ძიუდოისტის დავით ხახალეიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდებოდა. პრესკონფერენციას  ესწრებოდნენ ოლიმპიური ჩემპიონ-პრიზიორები, სპორტში მოღვაწე ადამიანები. ლერი ხაბელოვმა მედიის წარმომადგენლებს სეოკ-ის მიმართვის ტექსტი გააცნო.

ხახალეიშვილის მკურნალობა-რეაბილიტაციისთვის 250 000$  არის საჭირო

"ლეგენდარულ ძიუდოისტს, ბარსელონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს დავით ხახალეიშვილს შეექმნა ჯანმრთელობის უმძიმესი პრობლემა - დაუდგინდა დილატაციური კარდიომიოპათია რთული ფორმით. ქართველი და უცხოელი ექიმების დასკვნით, დავით ხახალეიშვილის სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთ გამოსავლად რჩება გულის ურთულესი და ძვირადღირებული ოპერაცია, რომელიც უნდა გაკეთდეს საზღვარგარეთ. ამჟამად, დავით ხახალეიშვილი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება თბილისის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში. დავით ხახალეიშვილი პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელსაც  ერგო მეტად საპატიო მისია - ისტორიაში პირველად დამოუკიდებელი საქართველოს დროშით ხელში გამოსულიყო ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე. დავით ხახალეიშვილი პირველი ქართველი ოლიმპიელია, რომლის გამარჯვების აღსანიშნავადაც ოლიმპიურ თამაშებზე აჟღერდა საქართველოს ჰიმნი და აღიმართა ქართული დროშა. დავით ხახალეიშვილის სიცოცხლე საფრთხეშია და ჩვენი თანადგომა სჭირდება. ოპერაცია და შემდგომი მკურნალობა-რეაბილიტაცია 250 ათასი აშშ დოლარი ჯდება. დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, მოკლე დროში შეგროვდება დავით ხახალეიშვილის საოპერაციოდ საჭირო თანხა."

საბანკო ანგარიში:

თიბისი ბანკის ანგარიშის ნომერი: GE18TB7618245166300002

მიმღები - დავით ხახალეიშვილი

შეგახსენებთ, რომ 49 წლის ხახალეიშვილი 1992 წლის ბარსელონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია. ასევე გახლავთ მსოფლიოს 2-გზის ვერცხლის (1991, 1993) და 2-გზის ბრინჯაოს (1993, 1995) პრიზიორი, ევროპის ჩემპიონი (1993, 1996) და ბრინჯაოს (1990) პრიზიორი, საბჭოთა კავშირისა (1991) და დსთ-ის (1992) ჩემპიონი. მონაწილეობდა 1996 წლის ატლანტის ოლიმპიურ თამაშებშიც, თუმცა აწონვაზე დააგვიანა და ტურნირიდან მოხსნეს. მიღებული აქვს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი 2018 წელს, ასევე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორდენი 2003 წელს.

კომენტარები

ბოლო ამბები