Thumbnail

'ფლირტაობას არ ვაპირებ' - შოთა არველაძეს ოფიციალური წინადადებით მიმართეს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ტრაბზონსპორში მთავარ მწვრთნელად შოთა არველაძის მიწვევაზე ისევ ფიქრობენ 
  • თურქული კლუბი ცუდი შედეგების გამო ინგლისელი ედი ნიუტონი გაშვებას აპირებს 
  • 47 წლის ქართველი სპეციალისტი ფახთაქორის დატოვებაზე ჯერჯერობით არ ფიქრობს 

ტრაბზონსპორი მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე შოთა არველაძის კანდიდატურას კარგა ხანია განიხილავს, თუმცა სულ ახლახან თურქული კლუბი კონკრეტულ ნაბიჯებზე გადავიდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ტრაბზონმა ქართველ სპეციალისტს, რომელიც ამჟამად ტაშკენტის ფახთაქორს წვრთნის, ოფიციალური წინადადებით მიმართა. 

ტრაბზონს, რომელსაც ინგლისელი ედი ნიუტონი წვრთნის, ძალიან ცუდად გამოდის - გუნდმა სუპერლიგაში ჩატარებული ხუთი მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო, ორი ფრედ დაასრულა და ამდენივე წააგო. როგორც თურქული გაზეთი Hurriyet წერს, არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო, კლუბი ედი ნიუტონის თანამდებობიდან გაშვებას და მის ნაცვლად 47 წლის ქართველი სპეციალისტის მიწვევას განიხილავს. 

თურქები წერენ, რომ შოთას ანაზღაურება ფახთაქორში წელიწადში 1,5 მილიონ ევროა, კონტრაქტი კი წლის ბოლოს იწურება და მის გახანგრძლივებაზე საუბარი ამის შემდეგ შედგება. 

ქართული ლეგიონი ტაშკენტის ფახთაქორში წარმატებით მუშაობს

ტრაბზონსპორის ვარიანტთან დაკავშირებით შოთა არველაძეს კომენტარი უზბეკურმა KUN.uz-მა სთხოვა: 

"დიახ, ამის შესახებ მსმენია, მაგრამ რაც შეეხება ამ ბოლო ცნობას, ჯერჯერობით არავისთან მისაუბრია. არაფერი ვიცი და ახლა ამაზე არც ვფიქრობ. ნებისმიერ მწვრთნელს აქვს შესაძლებობა, წინადადებები მიიღოს, მაგრამ მოდით, ასე ვთქვათ - ფლირტაობა არავისთან მსურს. არც აქამდე მიფლირტავია და არც ახლა ვიფლირტავებ. ვიღაც რაღაცას წერს და ყველას მადლობა ნდობისთვის, მაგრამ ამაზე წინასწარ საუბარი, როგორ მოვიქცევი, გამართლებული არ არის. შესაძლოა ეს ჭორებია და ვფიქრობ, ჭორებზე კომენტარის გაკეთება არასწორია", - ამბობს შოთა. 

შოთა და არჩილ არველაძეები 90-იანებში ტრაბზონის ვარსკვლავები იყვნენ

შოთა არველაძე ტაშკენტის ფახთაქორს 2017 წლის ზაფხულიდან წვრთნის. უზბეკურმა გუნდმა, რომელშიც შოთასთან ერთად არჩილ არველაძე და გოჩა ტყებუჩავაც მუშაობენ, შარშან ჩემიონობასთან ერთად, ქვეყნის თასი და ლიგის თასი მოიგო. 

საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ტრაბზონსპორის ღირსებას, როგორც ფეხბურთელი, 1993-97 წლებში იცავდა, მოგვიანებით, 2015 წელს, კი ამ გუნდში მთავარ მწვრთნელად დაბრუნდა. შოთას ასევე გაუწვრთნია თურქული გუნდები - კაისერისპორი და კასიმპაშა, ასევე - თელ ავივის მაკაბი.

კომენტარები

ბოლო ამბები