Thumbnail

იურგენ კლოპი ისედაც ვერ იყო ხასიათზე, საკმაოდ გაბრაზებული ჩანდა, ნიდერლანდელ ჟურნალისტს კი მისთვის “ცეცხლზე ნავთის დამსხმელი” კითხვა ჰქონდა მომზადებული: “ფიქრობთ, რომ ტიაგოს და ვან დაიკის გარეშე აიაქსთან შანსი გაქვთ?”

“არა” - უპასუხა კლოპმა. მერე კი შუბლზე დემონსტრაციულად მიირტყა ხელი და თქვა: “ღმერთო, ჩემო. თქვენ ჟურნალისტი ხართ?” - მერე თავი გადააქნია და დაამატა: “ხალხს სულაც არ აინტერესებს, რას ვაკეთებთ. მათთვის ეს მხოლოდ გართობაა.” კლოპისთვის კი ეს გართობა უკვე აღარ არის.

გერმანელი ჟურნალისტები წერენ, რომ დიდი ხანია, კლოპი პრესკონფერენციაზე ასეთი მრისხანე არ უნახავთ. როგორც ჩანს, კლოპს ხასიათი მას შემდეგ წაუხდა, რაც გაირკვა, რომ ვირჯილ ვან დაიკის ტრავმა სერიოზულია და ეს უკანასკნელი ლივერპულს თვეების მანძილზე ვერ დაეხმარება.

'მხოლოდ ერთი მიზეზი არსებობს, რის გამოც ისინი ჩემს ადგილზე კი არ არიან, არამედ თავიანთ ადგილებზე'

იზრუნებენ მერსისაიდელები იანვარში ახალი მცველის შეძენაზე? კლოპს ამ კითხვამაც ნერვები მოუშალა. “ჩვენ სხვადასხვანაირი პრობლემები გვაქვს. ერთ-ერთი პრობლემა ის არის, რომ თქვენ ყოველთვის უადვილესი სამუშაო გაქვთ. თქვენ ჩვენს სამუშაოს განსჯით, ყველას განსჯით.”

მერე იურგენმა თქვა, რომ სეზონი სამი ცენტრალური მცველით დაიწყო - ვან დაიკი, გომესი, მატიპი. პლუს ფაბინიო, რომელსაც დაცვის ცენტრში თამაში ასევე შეუძლია. “ეს საკმაოდ ნორმალური რაოდენობაა, - დასძინა კლოპმა, - თუ ვინმეს იმის თქმა უნდა, რომ სატრანსფერო ბაზარზე შეცდომა დავუშვით... როგორც ვიცი, ჯეიმი კარაგერს უთქვამს ასე.” კლოპის პასუხი ლივერპულის ლეგენდას ყველა სატელევიზიო ექსპერტს: “მხოლოდ ერთი მიზეზი არსებობს, რის გამოც ისინი ჩემს ადგილზე კი არ არიან, არამედ თავიანთ ადგილებზე.”

ვირჯილ ვან დაიკი ლივერპულს თვეების მანძილზე ვერ დაეხმარება

თუმცა, იურგენი აუცილებლად ეთანხმება იმას, რომ ვან დაიკის ტრავმა ლივერპულისთვის ნამდვილი Worst Case-ია. “ფეარ პლეის ცხრილში პირველ ადგილზე ვართ და ამის სანაცვლოდ არაფერს ვიღებთ. ამაზე ხალხი ხშირად იცინის კიდეც. არადა, ზუსტად ჩემმა გუნდმა დაამტკიცა, რომ ფეხბურთის თამაში უხეშობების გარეშეც შეიძლება,” - ესეც კლოპის სიტყვებია.

სხვათა შორის, აიაქსთან ლივერპულს ჯოელ მატიპიც არ ეყოლება. “მე მომწონს ის სასტარტო შემადგენლობა, რომლის დაყენებაც შემიძლია,” - აღნიშნა კლოპმა მატიპის სასხვათაშორისოდ ხსენების შემდეგ და დაამატა: “შესაძლოა, ერთადერთი ვარ, მაგრამ მომწონს.”

 

კომენტარები

ბოლო ამბები