Thumbnail

კორონა-სიგიჟე საფრანგეთში - რატომ იქცეოდნენ რენის ფანები ასე?!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

რატომაა სტადიონზე ამდენი ფანი? რატომ არიან ისინი ერთმანეთთან ასე ახლოს?

რენისა და კრასნოდარის მატჩისთვის მომენტების ნახვისას ასეთი რეაქცია ბევრ მაყურებელს ექნებოდა. სტადიონზე დაახლოებით 5 000 ფანი იყო და აბსოლუტური უმრავლესობა მინიმალურ დისტანციასაც კი არ იცავდა!

არადა, საფრანგეთი სარისკო ზონადაა მიჩნეული - დედაქალაქ პარიზის მაცხოვრებლები განსაკუთრებული მიზეზის გარეშე 21:00-ის შემდეგ სახლიდან არ გადიან. ამ დროს, დაახლოებით 350 კილომეტრში ისეთი ამბები ხდება, როგორსაც ფოტოებზე ხედავთ. რენში ქომაგები ისე მოქმედებდნენ, როგორც პანდემიამდე - არანაირი დისტანცია, ნიღბები ნიკაპზე, დაუცველი პირი და ცხვირი…

56-ე წუთზე, როცა რენმა ანგარიში გახსნა, გულშემატკივრებმა გოლი ემოციურად იზეიმეს და მაშინ განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო, რომ წესებს არავინ იცავდა.

ფაქტია, რომ სტადიონებზე ფანების შეშვების საკითხში ბოლო სიტყვას ყველგან ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს. უეფას მითითება მხოლოდ ის არის, რომ სტადიონის ტევადობის 30 პროცენტამდე შევსება შეიძლება - ოღონდ მინიმუმ 1,5-მეტრიანი დისტანციით და ნიღბით.

რენში კორონა არ არსებობს? სოციალურ მედიაში ეს კითხვა ბევრმა დასვა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები