Thumbnail

'ვიცით, ვინ ვართ და რა გვსურს' - ზინედინ ზიდანის ამბიცია ჩემპიონთა ლიგაში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მადრიდის რეალი ჩემპიონთა ლიგაში გამოსვლას შახტართან თამაშით იწყებს
  • მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა მატჩის წინ თავის მოლოდინზე ისაუბრა

მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპზე ჩასატარებელი პირველი მატჩის წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა. მადრიდელები პირველ ტურში დონეცკის შახტარს დაუპირისპირდებიან, რომლის ღირსებას დავით ხოჭოლავა იცავს. შეხვედრა 21 ოქტომბერს, მადრიდში, არენა "ალფრედო დი სტეფანოზე" გაიმართება.

"მნიშვნელოვანი მატჩია. ვემზადებით შახტართან სათამაშოდ და მოგება გვსურს. ჩემპიონთა ლიგა მორიგი მნიშვნელოვანი ტურნირია რეალისთვის და გვსურს, რომ ის კარგად დავიწყოთ", - განაცხადა ზიდანმა.

აღსანიშნავია, რომ მადრიდის რეალი შახტართან მატჩს ლა ლიგაში განცდილი მარცხით ხვდება - გასულ უქმეებზე ზიდანის გუნდმა კადისთან ანგარიშით 0:1 წააგო და კრიტიკა დაიმსახურა.

მადრიდელები შახტართან სათამაშოდ ემზადებიან

"როდესაც წაგების შემდეგ გაკრიტიკებენ, საშიში არაფერია. დავკარგეთ სამი ქულა, მაგრამ ამას უკვე აღარაფერი ეშველება. გვინდა კარგად ვითამაშოთ და მოვიგოთ, მაგრამ ზოგჯერ ყველაფერი ისე არ გამოდის. ხვალინდელ თამაშზე უნდა ვიფიქროთ. ერთად ვმუშაობთ და ხვალ სხვა მატჩი იქნება. ამ სეზონში რეალი ყველა ტიტულისთვის იბრძოლებს", - ირწმუნება ფრანგი სპეციალისტი, რომელმაც რეალს ჩემპიონთა ლიგაში უკვე სამჯერ გაამარჯვებინა და ამის გაკეთებას ახლა მეოთხედ შეეცდება:

"ვიცით, ვინ ვართ და რა გვსურს. მნიშვნელოვანია ჩემპიონთა ლიგისთვის მზადყოფნა, თუმცა ტურნირის მოგებას მიზნად არაერთ გუნდი ისახავს. ამას ჩვენც შევეცდებით. ეჭვგარეშეა, რომ ეს ძნელი იქნება, მაგრამ გამარჯვება სირთულეების დაძლევის გარეშე წარმოუდგენელია. ამ სეზონის მიმართ დიდი მოლოდინი გვაქვს". 

ფრანგმა ჩემპიონთა ლიგის თასი ბოლოს 2018 წელს ასწია

მადრიდის რეალი ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფში გამოდის, სადაც შახტარის გარდა მეტოქეებად მილანის ინტერი და მიონხენგლადბახის ბორუსიაც ჰყავს. 

კომენტარები

ბოლო ამბები