Thumbnail
  • 📅 20 ოქტომბერი | ⌚ 23:00 | ⚽ პსჟ V იუნაიტედი | 📺 SILK UNIVERSAL
  • ოლე გუნარ სულშერმა მატჩის წინ დანაკლისზე ისაუბრა

ყველაფერი იდეალურად ემთხვეოდა: ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მანჩესტერ იუნაიტედში გადასულ ედინსონ კავანის დებიუტი პირდაპირ პარი სენ-ჟერმენთან ჩემპიონთა ლიგის მატჩში უნდა ჰქონოდა. მაგრამ ეს ზედმეტად სრულყოფილი ამბავი იყო იმისათვის, რომ მართლაც მომხდარიყო - 33 წლის ურუგვაელმა თავდამსხმელმა მართალია, გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო, მაგრამ ოლე გუნარ სულშერმა პარიზში არ წაიყვანა. იუნაიტედის მწვრთნელმა განმარტა, რატომ მოიქცა ასე.

“ძალიან გვინდოდა, რომ ჩვენთან ერთად ყოფილიყო, მაგრამ დიდი ხანია, არ უთამაშია. ვფიქრობთ, უკეთესია, რომ ჯერ ვარჯიში გააგრძელოს. ყველასათვის ასე აჯობებს,” - განაცხადა სულშერმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის ცენტრალური მატჩის წინ. კავანის გარდა, იუნაიტედს ჰარი მაგუაირიც დააკლდება, ასევე მეისონ გრინვუდი, ერიკ ბეილი და ჯესი ლინგარდიც ვერ ითამაშებენ. “იმედი გვაქვს, რომ ეს ფეხბურთელები დიდხანს არ დაგვაკლდებიან,” - აღნიშნა სულშერმა.

შეგახსენებთ, რომ მანჩესტერ იუნაიტედმა ედინსონ კავანი ზაფხულში უფასოდ გადაიბირა, რადგან მას პსჟ-სთან კონტრაქტი დაუმთავრდა. ურუგვაელი პარიზულ გრანდში 2013-დან 2020 წლამდე თამაშობდა და 301 მატჩში 200 გოლის გატანა შეძლო.

 

კომენტარები

ბოლო ამბები