Thumbnail
  • დორტმუნდის ბორუსიაში მან ყველას იმედები გაუცრუა
  • ახლა რომის ლაციოშია და რეკორდებს ამყარებს
  • ჩირო იმობილე დღეს ყოფილი კლუბის წინააღმდეგ ითამაშებს
  • ეს მისთვის დამატებითი, განსაკუთრებული მოტივაციაა

დორტმუნდის ბორუსისთვის ჩირო იმობილეს ყოველ მეორე თამაშში გაჰქონდა გოლი. უფრო ხშირადაც კი. ოღონდ, ეს ჩემპიონთა ლიგას ეხება და არა ბუნდესლიგას. ჰო, 2014/2015 წლების სეზონში იმობილე დორტმუნდისთვის ჩემპიონთა ლიგაში ძალიან კარგად თამაშობდა. 6 თამაშში 4 გოლი გაიტანა. ასეთი კვოტა მას ბუნდესლიგაშიც რომ ჰქონოდა, აღარავინ იტყოდა, რომ იტალიელმა დორტმუნდში ყველას იმედები გაუცრუა. და ჩიროც ბორუსიაში უფრო დიდხანს დარჩებოდა.

4 გოლი იმასაც ნიშნავს, რომ ჩირო იმობილემ დორტმუნდში თამაშის დროს ჩემპიონთა ლიგის 6 თამაშში უფრო მეტი გაიტანა, ვიდრე ბუნდესლიგის 24 მატჩში. და მისი დორტმუნდული კარიერა მოსალოდნელზე გაცილებით ადრე დასრულდა. ახლა, იმ ამბებიდან 5 წლის შემდეგ, იმობილე დორტმუნდის წინააღმდეგ ითამაშებს.

ლაციოსა და ბორუსიას მატჩის წინ იმობილემ თქვა, რომ გერმანული კლუბიდან არავისთან უსაუბრია, მაგრამ: “მიხარია რამდენიმე ყოფილ თანაგუნდელთან და იმ ადამიანებთან შეხვედრა, რომლებიც ბორუსიაში დღემდე მუშაობენ.”

იმობილე დორტმუნდში დიდ შეცდომად შეირაცხა

ისე ჟღერს, თითქის ჩირო დორტმუნდში არავისზეა ნაწყენი. არადა იყო დრო, როცა იტალიელი ფორვარდი ასეთებს არ იტყოდა. მაშინ პირდაპირ ამბობდა, რომ თანაგუნდელებმა ადაპტაციაში ხელი არ შეუწყვეს, პირიქით გარიყეს, დორტმუნდის ფეხბურთელები ერთად არასდროს ვახშმობდნენ და ა.შ. ერთი სიტყვით, ძვირადღირებული იტალიელი, რომელსაც BVB-ში მაშინ რობერტ ლევანდოვსკი უნდა შეეცვალა, დიდ შეცდომად იქცა.

“ლევანდოვსკის დონეს ალბათ ვერ მივაღწევდი, მაგრამ დორტმუნდისთვის მეტის გაკეთება შემეძლო, - თქვა ერთხელ იმობილემ ‘კიკერთან’ ინტერვიუში, - სამწუხაროა, რაც მაშინ მოხდა. ამ ყველაფერს ცუდი გემო ჰქონდა.”

მაშინდელი ცუდი გემო დღეს ჩირო იმობილესთვის დამატებითი მოტივაციაა. იტალიის ნაკრების თავდამსხმელს მას მერე ჩემპიონთა ლიგაში გოლი არც გაუტანია. და არც უთამაშია. 5 წლის შემდეგ, დღეს პირველად მოისმენს ჩემპიონთა ლიგის ჰიმნს ცოცხლად. “ამ ტურნირზე თამაში ძალიან მაგარი რამეა. ლაციოში ამაზე დიდხანს ვოცნებობდით. წინა სეზონში ბევრი და მაგრად ვიბრძოლეთ აქ მოსახვედრად,” - ამბობს იმობილე.

სერია A-ში ჩატარებული სარეკორდო სეზონის შემდეგ, იმობილე შესანიშნავ ხასიათზეა და დორტმუნდთან თამაშის წინ ყოფილ გუნდზე ცუდი რაღაცების თქმა არ სურს. მატჩის წინ ჩირომ უფრო იმაზე ილაპარაკა, რომ ბორუსია პატივისცემას იმსახურებს და BVB-ს დიდებული გუნდი უწოდა.

'ჰაალანდს შეუძლია, ყველა დროის საუკეთესო გახდეს' - ჩირო იმობილე

“განსაკუთრებით ერლინგ ჰაალანდი უნდა შევაქო. მას შეუძლია, რომ მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო თავდამსხმელი გახდეს. ძალიან სტაბილურია, გადასარევი წელი ჰქონდა და ამ სეზონშიც ტოპ-ფორმაშია.” - თქვა ჩირომ პრესკონფერენციაზე.

თავად იმობილესთვის კი ბოლო კვირები არცისე კარგი იყო. მილანის ინტერთან მატჩში (1:1) იგი მოედნიდან გააძევეს, იტალიის ნაკრებში ნიდერლანდებს გოლი ვერ გაუტანა. შესაძლოა, დორტმუნდის ბორუსიას წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მატჩი ზუსტად ის იყოს, რაც ახლა ჩირო იმობილეს სჭირდება. ის, რომ ჩიროს ჩემპიონთა ლიგაში გატანა ეხერხება, დორტმუნდში ყველაზე უკეთ იციან...

 

კომენტარები

ბოლო ამბები