Thumbnail

'სასწრაფოდ ციხეში!' - ბრაზილიის მინისტრი რობინიოს დასჯას ითხოვს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფორვარდი გაუპატიურებაშია ბრალდებული
  • 36 წლის ფეხბურთელს ჩადენილი დანაშაულისთვის 9-წლიანი ციხე ემუქრება 

ბრაზილიის ნაკრების ყოფილ თავდამსხმელს რობინიოს, რომელსაც თავის დროზე რეალში, მანჩესტერ სიტისა და მილანში უთამაშია, ციხე ემუქრება. 36 წლის ფეხბურთელის პასუხისგებაში მიცემას, რომელიც გაუპატიურებაშია ბრალდებული, ბრაზილიის ქალთა, ოჯახისა და ადამიანის უფლებების მინისტრი დამარეს ალვესი კატეგორიულად მოითხოვს.

"სასწრაფოდ ციხეში! სხვა არაფერი მაქვს სათქმელი. აპელაცია ჯერ კიდევ შესაძლებელია, მაგრამ არსებობს აუდიო მასალა, არიან ადამიანები. კიდევ რა გინდათ? ციხე! ტაში არცერთ მოძალადეს უნდა დავუკრათ. ბიჭს მოედანზე დაბრუნება სურს, რათა გმირის როლი მოირგოს", - აქვეყნებს ალვესის სიტყვებს ბრაზილიური მედია. 

რობინიო მილანის ღირსებას 2010-15 წლებში იცავდა

ინციდენტი მილანში 2013 წლის 22 იანვარს მოხდა, 2017 წლის ნოემბერში კი მილანის სასამართლომ ფებურთელი და კიდევ ხუთი ადამიანი დამნაშავედ 22 წლის ალბანელი გოგონას ჯგუფურად გაუპატიურებაში ცნო. რობინოს 9 წლით ციხე მიუსაჯეს, მაგრამ რამდენადაც ფეხბურთელი ბრაზილიაში ცხოვრობდა და ამ ქვეყანას იტალიასთან დამნაშავეთა გადაცემაზე შეთანხმება არ აქვს, რობინიო, რომელმაც სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, პასუხისგებაში მიცემული ამ დრომდე არ არის. ამჟამად სასამართლო ყველა ბრალდებულის აპელაციას განიხილავს და პროცესი შესაძლოა კიდევ რამდენიმე წელიწადი გაიწელოს.

რობინიომ, რომელიც კარიერის დასაწყისში სანტოსთან ერთად ორჯერ გახდა ბრაზილიის ჩემპიონი, რეალში, მანჩესტერ სიტისა და მილანში თამაშის შემდეგ, ცოტა ხნის წინ სტამბოლის ბაშაქშეჰირთან ერთად კლუბის ისტორიაში პირველად მოიგო თურქეთის ჩემპიონატი. ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ახლახან კონტრაქტი სანტოსთან გააფორმა, თუმცა 6 დღის შემდეგ კლუბმა ის გაწყვიტა, რათა ფეხბურთელს უკეთესად მოეხერხებინა სასამართლოში თავისი სიმართლის დაცვა. 

კომენტარები

ბოლო ამბები