Thumbnail
  • Championat.com-ის სიაში ქართველი ტალანტი პირველ-მესამე პოზიციებს ინაწილებს
  • transfermarkt-ის მიხედვით, ხვიჩა 3 მილიონით გაძვირდა და უკვე 7 მილიონი ევრო ღირს

Championat.com-მა transfermarkt-ის მიხედვით, რუსული პრემიერლიგის 10 ყველაზე გაძვირებული ფეხბურთელი ჩამოწერა, სადაც ყაზანის რუბინის 19 წლის ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია პირველ-მესამე პოზიციებს ინაწილებს. განახლებული მონაცემების თანახმად, ქართველი ტალანტის ფასი 7.5 მილიონ ევროს აღწევს, როდესაც მანამდე 4.5 მილიონი გახლდათ.

“კვარაცხელია – რუსული პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელია. რუბინის მარცხენა გარემარბის აქტივში უკვე 2 გოლი და 4 საგოლე პასია, 14 ოქტომბერს კი, 19 წლის შემტევმა საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურითაც გაიტანა, ჩრდილოეთ მაკედონიასთან შეხვედრაში. თუკი ხვიჩა ასევე განაგრძობს, უდავოა, რომ ევროპული კლუბების ყურადღებას მალე მიიპყრობს” – წერს აღნიშნული ვებ-გვერდი.

წარმოდგენილ სიაში კვარაცხელიას მსგავსად, 3-3 მილიონით გაძვირდნენ მოსკოვის ცსკა-ს 23 წლის ხორვატი ნახევარმცველი ნიკოლა ვლაშიჩი (25 მილიონი გახდა) და ზენიტის ბრაზილიელი ლეგიონერი ვენდელი (15 მილიონი).

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ რუბინის მაისურით ბოლო მატჩი 17 ოქტომბერს ჩაატარა, როდესაც კრასნოდართან შეცვლაზე გამოჩნდა, თუმცა, ტრავმა მიიღო და მინდვრის დატოვება მალევე მოუხდა. ჯერჯერობით, მისი მდგომარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები