Thumbnail
  • ქართველი მორაგბეების მონპელიემ მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა
  • 22 წლის გელა აფრასიძემ მეტოქე მოედანზე გამოჩენიდან სამიოდ წუთში დაალელოვა

ფრანგულმა მონპელიემ TOP 14-ის მიმდინარე გათამაშებაში პირველი გამარჯვება იზეიმა, რაშიც ქართველმა ლეგიონერებმა დიდი წვლილი შეიტანეს.

შეგახსენებთ, რომ მონპელიელებს ჩემპიონატის სტარტზე ზედიზედ 3 მატჩი ჰქონდათ წაგებული, ამჯერად კი, აჟენს უმასპინძლეს და 42:13 სძლიეს.

მასპინძლებმა მეტოქეს 5 ლელო დაუდეს, რომელთაგან ბოლო, შეხვედრის ბოლოსწინა წუთზე გელა აფრასიძემ მიითვალა. საქართველოს ნაკრების 9 ნომერი მოედანზე სამიოდ წუთის შესული იყო, როდესაც 5-მეტრიანი შერკინებიდან თავად შეუტია, ცრუმოძრაობით პირველი მცველი მოატყუა, შემდეგ კი, ბოჭვის მიუხედავად კი, ბურთი ლელოში დაამიწა. ეს, გელასთვის საფრანგეთის TOP 14-ში მე-2 ლელო გახლდათ.

მიხეილ ნარიაშვილი ტურის სიმბოლურ ნაკრებში ზედიზედ მეორედ მოხვდა

ჩინებულ ფორმაში იმყოფება მონპელიეს ქართველი ბურჯი მიხეილ ნარიაშვილიც, რომელიც საფრანგეთის პირველობის სიმბოლურ ნაკრებში მიჯრით მეორედ მოხვდა. ნარიაშვილი ტრადიციულად სასტარტო შემადგენლობაში იყო და 72-ე წუთამდე, სანამ შეცვლიდნენ, უდიდესი სამუშაო გასწია.

მონპელიეს 4 ტურში 7 ქულა მოუგროვდა და მე-11 ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა, ისიც სათქმელია, რომ გატანილი ბურთებით (103) ლიგაში მხოლოდ 5 გუნდს ჩამორჩება. მონპელიე მომდევნო მატჩს 25 ოქტომბერს შინ ბრივთან ჩაატარებს, რომელიც ქართველი მორაგბეების სიმცირეს ასევე არ უჩივის.

აქვე ვთქვათ, რომ გასულ ტურში ბრივმა ლიდერ ტულუზს უმასპინძლა და 16:36 დამარცხდა. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო ვასილ ლობჟანიძე, რომელიც 56-ე წუთზე შეცვალეს. თამაშში 51-ე წუთიდან ჩაერთვნენ პირველხაზელები ბადრი ალხაზაშვილი და ლუკა ჯაფარიძე. ბრივი 9 ქულით მე-7 პოზიციაზეა.

📺 აფრასიძის ლელო აჟენთან

კომენტარები

ბოლო ამბები