Thumbnail

NBA-ს მთავარი არქიტექტორი მიდის - ჰიუსტონს კრიზისი ემუქრება

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • დერილ მორი ჰიუსტონ როკეტსიდან მიდის
  • ის პირველი იყო, ვინც ლიგაში დეტალური სტატისტიკა და ანალიტიკა შეიტანა
  • მუშაობა ექსტრემალურ პირობებში უწევდა
  • მის გარეშე ჰიუსტონს კრიზისი ექნება

‘ის ბიჭი ისევ შენთან მუშაობს? ამბობენ, რომ ძალიან მაგარია,’ - ამ კითხვით დონალდ ტრამპმა ჰიუსტონ როკეტსის მფლობელ ტილმან ფერტიტას მიმართა.

‘ის ბიჭი’ ისევ ჰიუსტონში მუშაობდა - მიუხედავად მის მიერ გაკეთებული განცხადებისა, როდესაც მან ჰონგკონგის აქციებს დაუჭირა მხარი და ამით მთელ NBA-ს და განსაკუთრებით კი ჰიუსტონს, ჩინეთის მთავრობა გადაკიდა და მთელი ჩინეთის ბაზარი დააკარგვინა.

ამის მიზეზი მხოლოდ ის არ არის, რომ ტილმან ფერტიტა ტექსასელი, რესპუბლიკელი და ტრამპისტია და ამერიკის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული ‘სავაჭრო ომი’ ჩინეთთან მისთვის პირადული ამბავია. ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ დერილ მორი ლიგის საუკეთესო მენეჯერია - კაცი, რომელმაც NBA შეცვალა. აღმოჩნდა, რომ მორი უფრო მეტი ღირს, ვიდრე თუნდაც ჩინეთის მრავალმილიარდიანი ბაზარი.

კაცი, რომელმაც ლიგა შეცვალა

NBA-ში საშუალო სტატისტიკურ გულშემატკივარს ლებრონ ჯეიმსი და სტეფ კარი აინტერესებს. მორისნაირ ხალხს კი ოფისის კედლები მალავს. არადა, ამ კაცს NBA-ს განვითარებაში არანაკლები წვლილი აქვს შეტანილი.

როდესაც მას 13 წლის წინ ჰიუსტონი ჩააბარეს, ეს ნონსენსი იყო, ორგანიზაციულ სუიციდს ჰგავდა. მანამდე, NBA-ს სამყაროში გადაწყვეტილებები და მენეჯმენტი ყოფილ ლეგენდებს და ზოგადად კალათბურთის სამყაროდან წამოსულ ხალხს ებარა. არ დაგავიწყდეთ, რომ მეჯიქ ჯონსონი, აიზია ტომასი და ლარი ბერდი ორგანიზაციებს მართავდნენ. კალათბურთი ასე ვითარდებოდა.

ამ დროს ლიგის ერთ-ერთი სახელიანი გუნდი 30-იოდე წლის კომპიუტერული მეცნიერებების ბაკალავრმა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (MIT) ყოფილმა სტუდენტმა ჩაიბარა.

დერილ მორი და ტილმან ფერტიტა

მორის რევოლუცია სტატისტიკას და ანალიტიკას ეყრდნობოდა. მას არ სჭირდებოდა, რომ მეჯიქ ჯონსონივით ეთამაშა კალათბურთი იმისთვის, რომ ეს სპორტი კარგად გაეგო. მორი სხვა გზით წავიდა, უფრო ზუსტ რაღაცას ენდო, ვიდრე ადამიანის შეფასებაა - მათემატიკას.

დერილ მორი: ‘წარმოუდგენელია, თუ რამდენად სუბიექტურია ერთი ადამიანის მიერ მოთამაშის შეფასება. შემდეგ კი ორგანიზაცია ამ შეფასების მიხედვით მრავალმილიონიან ინვესტიციას ახორციელებს. ეს არ არის ნორმალური.’

მორიმ ჰიუსტონში ის მიიტანა, რასაც ახლა დეტალურ სტატისტიკას უწოდებენ. დღეს ლიგაში ეს ნორმაა, მაშინ რევოლუცია იყო. თუკი მაგალითად, დღეს ჯეიმს ჰარდენი მხოლოდ სამქულიანებს და ჯარიმებს ისვრის და გრძელ ორქულიანებს თავს არიდებს, ეს ჰიუსტონის ანალიტიკური სისტემის შედეგია. მათ ზუსტად აქვთ დათვლილი, თუ რა წერტილიდან უნდა ისროლო და რა წერტილიდან - არა.

მორიმ NBA შეცვალა. დღეს დეტალური ანალიტიკა კალათბურთის განუყოფელი ნაწილია. მენეჯერები ამ კრიტერიუმით აფასებენ მოთამაშეებს, იღებენ გადაწყვეტილებებს და თავად ლიგაშიც სულ უფრო და უფრო ხშირად მოდიან არასაკალათბურთო ხალხი, რომლებსაც ორგანიზაციები გუნდების მართვას ავალებენ. თავად მორის ორი მოწაფე უკვე სხვა გუნდების მენეჯერები არიან. ეს მისი მემკვიდრეობაა - მუდამ თავისუფლად ჩაცმული მოჰიპსტერო ელემენტი, რომელსაც გეიმინგი, კომპიუტერები და მათემატიკა უყვარს.

დიდი გუნდი ღარიბის ჩვევებით

დერილ მორის მენეჯმენტის სტილი კარგი ცხოვრებით არ არის განპირობებული. ჰიუსტონი ამერიკის სიდიდით მეოთხე ქალაქია, ანუ, ‘როკეტსი დიდ ბაზარს წარმოადგენს. მორიმ ამ 13 წელიწადში ორი მფლობელი გამოიცვალა - ზემოთ ხსენებული ტილმან ფერტიტა და ლეს ალექსანდერი. ეს მფლობელები ფულს საერთოდ არ ხარჯავდნენ. ჰიუსტონი ისე იქცეოდა, როგორც დიდი ქალაქის გუნდები არ იქცევიან - არასოდეს დებდა დამატებით ინვესტიციებს და არ არღვევდა ე.წ. სახელფასო ჭერს. არადა, ამბიციები ამ ორგანიზაციას ყოველთვის საჩემპიონო ჰქონდა. ასე მუშაობდა მორი დიდ გუნდში, რომელიც პატარა გუნდივით იქცეოდა, თუმცა ამბიციებზე უარს არ ამბობდა.

13 წლის განმავლობაში ჰიუსტონმა მხოლოდ ერთხელ, ისიც 3.65 მილიონით გადაჭარბა სახელფასო ჭერს. არადა, საჩემპიონო გუნდები მუდამ ასე იქცევიან იმისთვის, რომ თავისი გუნდი უკეთ დააკომპლექტონ. მაგალითად, გოლდენ სტეიტი ბოლო 5 წელიწადში 49 მილიონით აცდა სახელფასო ჭერს, პროვინციული ოკლაჰომა კი - 33 მილიონით. ანუ, მორის საჩემპიონო გუნდი მუდამ დამატებითი ფინანსების გარეშე უნდა ეშენებინა. მას სხვა გზა არ ჰქონდა: სხვებზე უფრო მეტად ეშმაკი, ჭკვიანი და ინოვაციური უნდა ყოფილიყო.

საჩემპიონო ამბიციებიდან გამომდინარე, ჰიუსტონი მუდამ უარს ამბობდა სეზონის სპეციალურად ჩაგდებაზე, დრაფტის მაღალი პიკების მოპოვებაზე და ეტაპობრივად, ახალგაზრდა ტალანტების შეკრების გზით გუნდის მშენებლობაზე. ჰიუსტონის მფლობელები მორის ჩემპიონობას სწრაფადვე სთხოვდნენ.

დერილ მორის ბოლო ბევრი წელია, დრაფტის ნორმალური პიკები საერთოდ არ ჰქონია. ის პიკებს მუდამ ასხვისებდა, რათა იმ სეზონშივე საჭირო მოთამაშეები ეპოვნა.

კრის პოლი და ჯეიმს ჰარდენი მორის ჰიუსტონის ლიდერები იყვნენ

ამ პირობებში მორის მხოლოდ ორი გზა ჰქონდა: დიდი ტრეიდები და რადგან ჯეიმს ჰარდენი მის ხელში და მის სისტემაში იქცა სუპერვარსკვლავად, დუაიტ ჰოვარდს და კრის პოლს არ დაზარებიათ ჰიუსტონში წასვლა და ჩამოწერილი მოთამაშეების პოვნა და მათთვის ახალი როლის მოძიება. ამ უკანასკნელს მორი ყველაზე კარგად აკეთებდა. დეტალური ანალიტიკის წყალობით მას შეეძლო, ჩამოწერილი მოთამაშისთვის კონკრეტული როლი ეპოვა. მაგალითად, ფი ჯეი ტაკერი ასე იქცა ძალიან გამოსადეგ ‘დიდად’, კლინტ კაპელამ ვარსკვლავური სეზონი ითამაშა, ოსტინ რივერსი ახლიდან გაცოცხლა. მორი ამაშია დიდოსტატი - მას შეუძლია, სეზონის წინ ‘მეორადი მოთამაშეებით’ საჩემპიონო გუნდი ააწყოს.

ჰარდენი და ჰიუსტონის სისტემა თითქმის არავის მოსწონს და უყვარს, თუმცა ძალიან ცოტა სვამს კითხვას: რატომ თამაშობს ასე ჰიუსტონი? იმიტომ, რომ ეს მათი ერთადერთი ოპციაა. შეზღუდული რესურსების პირობებში მხოლოდ ეს სისტემა მუშაობს.

თამაში, რომელმაც ყველაფერი შეცვალა

მორის 13 სეზონის განმავლობაში ჰიუსტონზე მეტი თამაში მხოლოდ სან ანტონიოს აქვს მოგებული. ტექსასელები 10-ჯერ გავიდნენ პლეი ოფში. ანუ, მორიმ ის გააკეთა, რასაც გენერალური მენეჯერი უნდა აკეთებდეს - მის გუნდს მუდამ საჩემპიონო ამბიცია აქვს. აი ჩემპიონობას კი მოთამაშეები იგებენ და არა მენეჯერები.

არადა, ჰიუსტონს ჩემპიონობა შეეძლო. ორი სეზონის წინ, მორიმ მოიფიქრა ის, რომ კრის პოლს და ჯეიმს ჰარდენს, ორ მოთამაშეს, რომელსაც ბურთი პათოლოგიურად უყვარს, ერთ სისტემაში ეთამაშა. შედეგად, როკეტსმა 65 თამაში მოიგო რეგულარულში, პირველ ადგილზე გავიდა და კონფერენციის ფინალში გოლდენ სტეიტს 3:2-ს უგებდა, თანაც ისე, რომ მეშვიდე თამაში სახლში ჰქონდა.

მეხუთე თამაშის დასრულებამდე 53 წამით ადრე, კრის პოლი დაშავდა. ჰიუსტონმა ამ სერიაში თავისი საუკეთესო მოთამაშე და ლიდერი დაკარგა. მასთან ერთად ჰიუსტონი იმ სერიის მომგებს ჰგავდა, მის გარეშე, გოლდენ სტეიტმა ზედიზედ ორჯერ მოიგო. არადა ფინალში აღმოსავლეთიდან ძალიან დასუსტებული კლივლენდი იყო - ოჰაიოში ლებრონის ბოლო სეზონში.

კრის პოლის ტრავმა გოლდენ სტეიტთან

შემდეგ წელს ჰარდენს და პოლს ურთიერთობა აერიათ და ჰიუსტონი ისევ ისეთი ძლიერი აღარ იყო. მორის კრის პოლის ვეტსბრუკის 132 მილიონიან კონტრატქში გაცვლა მოუწია. ამან ჰიუსტონის პიკები შემდეგ წლებში შეიწირა. ‘როკეტსი’ ის გუნდია, რომელსაც მომავალი არ აქვს. ამ პირობებში დარჩენა თვით დერილ მორიმაც კი არ მოისურვა. წასვლის ოფიციალური მიზეზი პირადულია: პანდემიის გამო მისი სტუდენტი შვილები სახლში არიან და მათთან უნდა დროის გატარება.

ნათელია, რომ ჰიუსტონს კარგი არაფერი ელის. მხოლოდ დროის ამბავია, როდის მოითხოვს ტრეიდს ჯეიმს ჰარდენი. ამ გუნდს საჩემპიონო ამბიციას მხოლოდ მორი აძლევდა.

ჩემპიონობა არ გამოვიდა, თუმცა Moreyball ლიგაში სამუდამოდ დარჩა. როცა და რომელ გუნდშიც დერილ მორი NBA-ს დაუბრუნდება, ეს დიდი ამბავი იქნება. ამჯერად მას ექსტრემალურ ვითარებაში მუშაობა ალბათ აღარ მოუწევს.

კომენტარები

ბოლო ამბები