Thumbnail
  • ტოტენჰემი 3:3 ვესტ ჰემი
  • ჟოზე მოურინიოს გუნდმა სამბურთიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა

ინგლისის პრემიერლიგის მე-5 ტურში ლონდონური დერბი შედგა - ტოტენჰემმა ვესტ ჰემს უმასპინძლა და საოცრად დრამატული დაპირისპირება ვიხილეთ, რომელიც 3:3 დასრულდა.

ჟოზე მოურინიოს გუნდმა თამაში იდეალურად დაიწყო და მე-16 წუთისთვის სამბურთიანი უპირატესობა ჰქონდა. პირველივე წუთზე ანგარიში ჰონ მინ სონმა გახსნა, რასაც ჰარი კეინის დუბლი მოჰყვა და თამაშის ბედი პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო. "დეზები" ამ უპირატესობას 81-ე წუთამდე ინარჩუნებდნენ, მაგრამ "ჩაქუჩებმა" თითქმის შეუძლებელი შეძლეს და ქულა მოიპოვეს.

ფაბიან ბალბუენასა გოლითა და დევინსონ სანჩესის ავტოგოლით სტუმრებმა ჩარმოჩენა მინიმუმამდე შეამცირეს, ხოლო მსაჯის კომპენსირებულ ბოლო წუთზე მანუელ ლანსინიმ შორეული დარტყმით ფანტასტიკური სილამაზის გოლი გაიტანა და წონასწორობა აღადგინა - 3:3.

ვესტ ჰემი პრემიერლიგის ისტორიაში პირველი გუნდი გახდა, რომელიც 81-ე წუთამდე 0:3 მარცხდებოდა, მაგრამ წაგება თავიდან აიცილა. ტოტენჰემს კი ჩემპიონატში აქამდე 87 თამაში ჰქონდა მოგებული, რომელშიც 3-ბურთიან უპირატესობას ფლობდა. ბოლოს ლონდონელებმა ასეთი სოლიდური ჰადიკაპი 2001 წელს მანჩესტერთან გაანიავეს (3:5).

საინტერესოა, რომ გასულ მატჩში შეცვლაზე გამოჩნდა ტოტენჰემელთა უელსელი ლეგიონერი გარეთ ბეილი. ის თამაშში 72-ე წუთზე ჩაერთო და “დეზების” მაისურით 2 709 დღის განმავლობაში პირველად ითამაშა. შეგახსენებთ, რომ 31 წლის ბეილი მადრიდის რეალიდან ტოტენჰემში იჯარის წესით მიმდინარე წლის სექტემბერში დაბრუნდა. 

ტოტენჰემს 5 ტურში 8 ქულა აქვს და მე-6 ადგილზეა, ვესტ ჰემი კი 7 ქულით მე-8 პოზიციას იკავებს.

ტოტენჰემი 3:3 ვესტ ჰემი

გოლები: 1:0 სონი (1), 2:0 კეინი (8), 3:0 კეინი (16), 3:1 ბალბუენა (82), 3:2 სანჩესი (85, ა.გ), 3:3 ლანსინი (90)

კომენტარები

ბოლო ამბები