Thumbnail
  • ზურიკო ძალიან აქტიური იყო და გატანა არაერთხელ შეეძლო
  • ქართველების როტორი პრემიერლიგაში მოგების გარეშე რჩება

ვოლგოგრადის როტორი, რომელიც ქართველი ფეხბურთელების სიმცირეს არ განიცდის, რუსულ პრემიერლიგაში ერთადერთ მოუგებელ გუნდად რჩება. როტორს წარმატების შანსი ტამბოვთან მატჩში ჰქონდა და დაწინაურებაც შეეძლო, თუმცა, ზურიკო დავითაშვილმა პენალტი ვერ გაიტანა და მასპინძლები 0:2 დამარცხდნენ.

19 წლის ქართველი ფეხბურთელი ვოლგოგრადელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და მარცხენა ფლანგიდან სტუმრებს ბევრი პრობლემა შეუქმნა. ზურიკოს გატანა 25-ე წუთზე შეეძლო, როდესაც ცენტრისკემ შეიწია და მისი დარტყმული ბურთი სერგეი რიჟიკოვმა თითების წვერებით ძელის გავლითღა მოიგერია.

ტამბოველთა მეკარემ დავითაშვილი სამიოდ წუთშიც დაამწუხრა, როდესაც პენალტის კუთხეს მიუხვდა და გოლი არ გაატანინა. ამ ეპიზოდში ზურიკოს გამხნევება პირველ რიგში ბათუმის დინამოს ყოფილმა ფეხბურთელმა, ბრაზილიელმა ფლამარიონ ჯოვინომ ითავა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა.

თავად დავითაშვილმა მოედანზე 76 წუთი გაატარა (Championat-მა მას საუკეთესო შეფასება - 6.5 დაუწერა) და შემდეგ ადგილი ბექა მიქელთაძეს დაუთმო, თუმცა, მანამდე გატანა კიდევ ერთხელ შეეძლო. ქართველმა გარემარბმა ფლანგზე მცველი მოატყუა, საჯარიმოში შეიჭრა და შორეულ კუთხეს უმიზნებდა, თუმცა, კარს მცირედით ააცილა.

ფლამარიონ ჯოვინო ტამბოველთა გარემოცვაში

აქვე ვთქვათ, რომ როტორის სათადარიგოთა სკამზე დარჩა სოლომონ კვერკველია, ტამბოვის მაისურით კი ქართული წარმომავლობის მქონე ორმა რუსმა ფეხბურთელმა (გურამ თეთრაშვილი და ვლადიმირ კაბახიძე) ითამაშა.

როტორს რუსული პრემიერლიგის 11 ტურის თავზე მხოლოდ 3 ქულა აქვს და ბოლო მე-16 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 24 ოქტომბერს, მოსკოვში, ლოკომოტივთან ჩაატარებს. მანამდე, 21-ში, ვოლგოგრადელებს ქვეყნის თასზე კრილია სოვეტოვთან თამაში ელით.

კომენტარები

ბოლო ამბები