Thumbnail
  • 'რეალურად საქართველოში ჩასვლა არავის სურს, მათ რომი ურჩევნიათ'
  • მარტინ კასტროჯოვანიმ იტალიელებისთვის მტკივნეულ თემაზე ისაუბრა

იტალიის სარაგბო ნაკრების ყოფილმა წევრმა მარტინ კასტროჯოვანიმ საქართველოს 6 ერში შესაძლო ჩართვაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი დიდი ხნის განმავლობაში საუბრის დონეზე დარჩება, რადგანაც “ბორჯღალოსნების” აღნიშნულ ტურნირში ხილვა რეალურად არავის სურს.

“გადამწყვეტი რომ გუნდის შედეგები და თამაში ყოფილიყო, სავარაუდოა, რომ საქართველოს 6 ერში აქამდეც ჩართავდნენ და მატჩებს თბილისში ვიხილავდით, თუმცა, ეს, ასე არაა. ხალხი ამაზე იმიტომ საუბრობს, რომ ლაპარაკში ფულს არავინ იხდის. აბა, სულელურ აზრებზე გადასახადი დააწესეთ, ვნახავდით, რა შედეგი გვექნებოდა. ვიცი, რომ რეალურად საქართველოს ტურნირზე ხილვა არავის უნდა. ირლანდია, ინგლისი... ხომ ცხადია, რომ მათ საქართველოში წასვლა არ სურთ. ურჩევნიათ იტალიაში იარონ, რადგანაც იქ რომი ელით”.

სახელოვან იტალიელ ბურჯს ირლანდიური The42 ესაუბრა, საქართველოზე კი იმიტომ ჰკითხა, რომ არსებობს შანსი ამ გუნდების დაპირისპირება ექსპერიმენტული “შემოდგომის ერთა თასის” (სტარტს 13 ნოემბერს აიღებს) ეგიდით ვიხილოთ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები A ჯგუფში ინგლისს, ირლანდიასა და უელსს ეთამაშება, იტალია კი B ჯგუფში საფრანგეთს, ფიჯისა და შოტლანდიას გაეჯიბრება. თუკი “ბორჯღალოსნები” და “აძური” ჯგუფებში ბოლო ადგილზე დარჩნენ, ტურნირზე მე-7 ადგილისთვის ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

იტალია და საქართველო ერთმანეთს მხოლოდ 2-ჯერ შეხვედრიან

“ნათელია, რომ საუბრები იტალიის საქართველოთი ჩანაცვლების შესახებ კიდევ ერთხელ განახლდება ამ ნოემბერს, როდესაც ეს გუნდები “შემოდგომის ერთა თასში” ჩაებმებიან. იტალია ტურნირზე უკვე 20 წელია თამაშობს და ვერ ვიტყვით, რომ ამ ნაკრებმა დიდი პროგრესი განიცადა. მათ “ხის კოვზი”, რომელიც შეჯიბრის ბოლოადგილოსანს ერგება ხოლმე, უკვე 14-ჯერ მიიღეს, უფრო მძიმე სანახავი კი ისაა, რომ 6 ერზე მატჩი 2015 წლის მერე არ მოუგიათ”, - წერს The42.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და იტალიის ნაკრებებს 2-ჯერ უთამაშიათ და ორივე შემთხვევაში, თამაში აპენინებზე შედგა. 2003 წლის 6 სექტემბერს მასპინძლებმა ასტიში 31:22 მოიგეს, 2018 წლის 10 ნოემბერს კი, ფლორენციაში – 28:17.

რაც შეეხება 38 წლის კასტროჯოვანის, მას ეროვნული ნაკრების მაისურით ჩატარებულ 119 მატჩში 12 ლელო აქვს დადებული. მარტინმა კარიერა მშობლიურ კალვიზანოში დაიწყო, ინგლისური ლესტერში 3 სეზონი გაატარა, შემდეგ კი, საფრანგეთში, ტულონისა და რასინგის ღირსებას იცავდა. იტალიელმა ბურჯმა კარიერა 2016 წელს დაასრულა.

კომენტარები

ბოლო ამბები