Thumbnail

საქართველოს ჩემპიონატის მე-13 ტურის ერთ-ერთ ცენტრალურ მატჩში დინამო ბათუმმა თბილისში საბურთალოს დამარცხება და ლიდერობის შენარჩუნება შეძლო. გია გეგუჩაძის გუნდმა ასევე მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი მეტოქე მინიმალური ანგარიშით (1:0), მაგრამ დამაჯერებელი თამაშით დაამარცხა. გამარჯვების გოლი ჯაბა ჯიღაურმა მეორე ტაიმის დასაწყისში გაიტანა.

საფინალო სასტვენის შემდეგ გოლის ავტორმა და გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა მატჩი შეაფასეს.

ჯაბა ჯიღაური (დინამო ბათუმი): “სამწუხაროდ, მინდორი არასახარბიელო მდგომარეობაშია... მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ვიბრძოლეთ და მინდა, ყველა თანაგუნდელს მადლობა გადავუხადო ამისთვის. ვფიქრობ, რომ გამარჯვება დავიმსახურეთ, საბურთალოს კი წარმატებას ვუსურვებ - ნამდვილად კარგი გუნდია.”

გია გეგუჩაძე (დინამო ბათუმის მთავარი მწვრთნელი): “უშუალო კონკურენტთან, გასვლით მატჩში 3 ქულა ავიღეთ და, რა თქმა უნდა, კმაყოფილები ვართ. ძალიან რთული თამაშის მოლოდინი გვქონდა და ასეც იყო. მოხარული ვარ, რომ დავიხარჯეთ და მაქსიმუმი გავაკეთეთ. მიზანი, რა თქმა უნდა, ჩემპიონობაა. მოვლენებს წინ არ უნდა გავასწროთ - ძალიან რთული ჩემპიონატია, ახლა უკვე ნებისმიერ ქულას ოქროს ფასი აქვს. პირველ რიგში საკუთარი თავის იმედი უნდა გვქონდეს. მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ თამაშში მოსაგებად გავიდეთ მოედანზე და ქულები არ დავკარგოთ.”

ლადო დვალიშვილი, ლევან კორღალიძე და გია გეგუჩაძე

ლევან კორღალიძე (საბურთალოს მთავარი მწვრთნელი): “დინამო ბათუმმა, რა თქმა უნდა, დამსახურებულად გაიმარჯვა და წარმატებას ვულოცავ. ამ მარცხზე ჩვენ სათანადო რეაგირება გვექნება, სწორ დასკვნებს გამოვიტანთ და იმედია, შემდეგ თამაშში ასეთ შეცდომებს აღარ დავუშვებთ. წინ საკმარისი დრო და თამაშებია, რომ მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ, მოედანზე ყველა შეხვედრაში მოსაგებად გავალთ და ვნახოთ, სეზონის ბოლოს რომელ ადგილს დავიკავებთ. წინასწარ ასე არ ვგეგმავ, რომელ ადგილზე უნდა გავიდეთ, ყოველი მატჩის მოსაგებად ვიბრძვით. დანარჩენს დრო და თამაშები გვიჩვენებს.”

დინამო ბათუმი მომდევნო მატჩს 26 ოქტომბერს, თბილისის ლოკომოტივთან გამართავს, საბურთალო კი 23 ოქტომბერს დინამო თბილისს შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები