Thumbnail

დინამო ბათუმი კვლავ საქართველოს ჩემპიონატის ლიდერია! გია გეგუჩაძის გუნდმა მე-13 ტურში თბილისის საბურთალო სტუმრად 1:0 დაამარცხა და 26 ქულით პირველ ადგილს ინარჩუნებს. აღსანიშნავია, რომ ბათუმელებს დინამო თბილისთან შედაერებით, 1 მატჩით მეტი აქვთ ჩატარებული. 

საბურთალოს მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ 4-2-3-1 ტაქტიკური სქემა აირჩია - გამოკვეთილი ცენტრფორვარდი ბექა ქავთარაძე გახლდათ, რომელსაც ფლანგებიდან ლევან მაჭარაშვილი და გიორგი გულიაშვილი, ხოლო ცენტრიდან კი ოლივიე ბუმალი ეხმარებოდნენ. შეგახსენებთ, რომ საბურთალოს ლიდერი გიორგი კოხრეიძე ტრავმირებულია.

დინამო ბათუმის დამრიგებელმა გია გეგუჩაძემ კი არჩევანი 4-3-3 სქემის სასარგებლოდ გააკეთა - წინა ხაზზე, ფლანგებზე თორნიკე გაფრინდაშვილითა (მარჯვნივ) და ჯაბა ჯიღაურით (მარცხნივ), ხოლო ცენტრში კი - გიორგი ნიქაბაძით. მათ უკან ვლადიმერ მამუჩაშვილი, გიული მანჯგალაძე და ბენჟამინ ტეიდი მოქმედებდნენ - ეს უკანასკნელი გამოკვეთილი ცენტრალური საყრდენი ნახევარმცველი გახლდათ.

თამაში, როგორც მოსალოდნელი იყო, ორივე გუნდმა ფრთხილად და ზედმეტი რისკის გარეშე დაიწყო. ტემპი არც საწყისი წუთების შემდეგ მომატებულა, თბილისელებიცა და ბათუმელებიც მეტოქის ნახევარზე აგრესიულ პრესინგს ერიდებოდნენ.

პირველივე რეალურ საგოლე მომენტში ბურთი კარშიც აღმოჩნდა, მაგრამ გოლი არ ჩაითვალა - ეს ტაიმის შუაში მოხდა, როდესაც ჯაბა ჯიღაურის პასის მომენტში გიორგი ნიქაბაძემ თამაშგარე მდგომარეობიდან გაიტანა.

მომენტი, როდესაც ნიქაბაძემ ოფსაიდიდან გაიტანა

თამაში ვერც თუნდაც არჩათვლილმა გოლმა გამოაცოცხლა. დაბალი ტემპი მომდევნო წუთებშიც შენარჩუნდა. შესვენებაზე საგოლე მომენტიც აღარ შექმნილა.

მეორე ტაიმი ფაქტობრივად ბათუმელთა გოლით დაიწყო: საბურთალოს საჯარიმოსთან ვითარება გაფრინდაშვილმა გაამწვავა, რომლის დარტყმაც კუპატაძემ მოიგერია, თუმცა ბურთი ძელს მოხვდა და დამატებაზე ჯიღაურმა თავით ზუსტად დაარტყა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელისთვის ეს ამ სეზონში მე-7 გოლია.

გოლიდან ორ წუთში ბათუმელებს მეორე გოლის გატანაც შეეძლოთ: ჯიღაურის პასის შემდეგ ნიქაბაძემ კარგად იმოქმედა, მაგრამ ცუდად დაარტყა. 57-ე წუთზე უკვე მამუჩაშვილს შეექმნა მომენტი: გაფრინდაშვილის მაღალი პასის შემდეგ, ნიკა მალიმ ბურთზე ვერ ითამაშა და ბათუმელთა ნახევარმცველი დასარტყმელ პოზიციაზე აღმოჩნდა, მაგრამ ვერ დაარტყა (გაფრინდაშვილმაც შეუშალა ხელი). ეს უკვე იმის დასტური იყო, რომ მეორე ტაიმი გეგუჩაძის გუნდმა გაცილებით აქტიურად და ეფექტიანად დაიწყო.

მამუჩაშვილი, ტრადიციულად აქტიური იყო

65-ე წუთზე საბურთალოს საკმაოდ სახიფათო კონტრშეტევაზე ანგარიშის გათანაბრების შანსი მიეცა, მაგრამ ბუმალმა კარგად ვერ დაარტყა. საბურთალომ აქტიურად შეტევა სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ბათუმელებმა ზონები კარგად გადაკეტეს და თამაში კონტრშეტევებზე გადააწყვეს. ბოლო წუთებშიც კი, საბურთალომ შტურმის განხორციელება ვერ შეძლო. სამწუხაროდ, მატჩის მიწურულს გიორგი ნავალოვსკი დაშავდა და შესაცვლელი გახდა - იმედია, საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდება.

დინამო ბათუმი მომდევნო მატჩს 26 ოქტომბერს, თბილისის ლოკომოტივთან გამართავს, საბურთალო კი 23 ოქტომბერს დინამო თბილისს შეხვდება.

საბურთალო 0:1 დინამო ბათუმი

გოლი: 0:1 ჯიღაური (51)

საბურთალო (4-2-3-1): კუპატაძე - მალი, მარგველაშვილი, კაკუბავა, გრიგალაშვილი - ტერა (75. ცნობილაძე), ალთუნაშვილი - მაჭარაშვილი (46. გოჩოლეიშვილი), ბუმალი, გულიაშვილი - ქავთარაძე (73. ჭანტურიშვილი).

დინამო ბათუმი (4-3-3): ლევჩენკო - მელიავა, კობახიძე, ობოაბონა, ნავალოვსკი (81. თევდორაძე) - მამუჩაშვილი, ტეიდი, მანჯგალაძე - გაფრინდაშვილი (93. გაგოშიძე), ნიქაბაძე (68. ჩალაძე), ჯიღაური.

კომენტარები

ბოლო ამბები