Thumbnail

'თემურ, თქვენ უკვე აჭარბებთ' - ქეცბაიას თანამდებობას დაატოვებინებენ?

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ფამაგუსტას ანორთოსისის ქართველი მწვრთნელი თემურ ქეცბაია კვიპროსის საფეხბურთო ჩემპიონატის რეგულაციების დარღვევას დემონსტრაციულად განაგრძობს, რასაც შესაძლოა, მისთვის არასახარბიელო შედეგები მოჰყვეს. ყოველ შემთხვევაში, კვიპროსულ პრესაში უკვე დაიწერა, რომ თუკი ასე გაგრძელდა, არაა გამორიცხული კლუბმა კვიპრული ფეხბურთის ხელმძღვანელების ზეწოლას ვერ გაუძლოს და ქეცბაიას თანამდებობის დატოვება მოუწიოს.

მაგალითად, Themasports-მა ქართველი მწვრთნელის მორიგი არაფრისმთქმელი პრეს-კონფერენციის შემდეგ, სტატია ასე დაასათაურა – “ბატონო თემურ, თქვენ უკვე აჭარბებთ”. ქეცბაია ყურადღების ცენტრში მორიგ ჯერზე გუშინდელი თამაშის შემდეგ მოექცა, რომელშიც ანორთოსისმა სტუმრად ნეა სალამინას 4:1 სძლია. აი, როგორ წარიმართა თემურისა და ჟურნალისტების ურთიერთობა.

ანორთოსისს მატჩის სოლიდური ნაწილის ჩატარება რიცხობრივ უმცირესობაში მოუწია. ეს გამარჯვებას უფრო მეტ მნიშვნელობას სძენს?

კარგია, რომ მოვიგეთ.

შემადგენლობაში არაერთი ცვლილება განახორციელეთ, თუმცა, მაინც იმარჯვეთ. ამას ელოდით?

რაც გვინდოდა, ის მივიღეთ.

თვლით, რომ ანორთოსისი ამჟამად უკეთესია, ვიდრე – გასულ სეზონში?

დიახ.

სათქმელია ისიც, რომ ამ უცნაური პრეს-კონფერენციის დროს ქეცბაია დროდადრო ჟურნალისტებს თვალს უკრავდა. შეგახსენებთ, რომ მსგავსი დამოკიდებულების გამო, ქართველი მწვრთნელი მიმდინარე სეზონში უკვე 3-ჯერ დააჯარიმეს და ჯამში 13 ათასი ევრო აქვს გადახდილი.

პირველად ქართველი მწვრთნელი ყურადღების ცენტრში სექტემბერში მოექცა, როდესაც ომონიასთან ფრედ დასრულებული თამაშის მერე კვიპროსული ფეხბურთის ხელმძღვანელების მიმართ მკვახე სიტყვები არ დაუშურებია. თემურმა ბოლო სეზონი გაიხსენა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყდა და კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციამ ჩემპიონად ომონია გამოაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ანორთოსისსაც იმდენივე ქულა ჰქონდა. ქეცბაიამაც რამდენჯერმე მინიშნება გააკეთა მომხდარის შესახებ და იმედი გამოთქვა, რომ წელს მსგავსი რამ აღარ მოხდებოდა.

ქეცბაია დროდადრო ჟურნალისტებს თვალს უკრავდა

მეორედ ქართველ სპეციალისტს ფულადი ჯარიმა ლიმასოლის აპოლონთან მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე რეგლამენტის დარღვევის გამო დააკისრეს. ქეცბაიამ ხსენებული თამაშის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარზე უარი თქვა. “კომენტარს არ გავაკეთებ” – აღნიშნა თემურმა და საპრესკონფერენციო დარბაზი დატოვა.

კვიპროსის პირველი დივიზიონის მე-6 ტურში ანორთოსისმა ნიქოზიის ოლიმპიაკოსი გიორგი ქვილითაიასა და თორნიკე ოქრიაშვილის გოლების წყალობით, 2:0 დაამარცხა. თამაშის შემდეგ თემურ ქეცბაია პრესკონფერენციაზე კი გამოცხადდა, მაგრამ მან მხოლოდ ორი სიტყვა თქვა: “ყველაფერი კარგადაა”, ეს ფრაზა მან 6-ჯერ გაიმეორა და გავიდა.

თუ რას ცდილობს ამგვარი ქცევით ქეცბაია და რას ემსახურება მისი მრავალჯერადი პროტესტი, კვიპროსული პრესისთვისაც გაუგებარია, მითუმეტეს, რომ ანორთოსისმა ახალი სეზონიც კარგად დაიწყო და ამ დროისთვის, 6 მატჩში მოპოვებული 13 ქულით, აპოლონთან ერთად პირველ-მეორე ადგილებს იყოფს.

თუკი თემურს ანორთოსისში რაიმე პრობლემა შეექმნა, ეს, ძალიან ცუდი უნდა იყოს საქართველოს ნაკრებისთვის, რადგანაც კვიპროსულ გუნდში სათამაშო პრაქტიკა ერთბაშად 4 ქართველ ფეხბურთელს აქვს. ესენი გიორგი ლორია, თორნიკე ოქრიაშვილი, ბუბა დაუშვილი და გიორგი ქვილითაია არიან.

📺 თემურ ქეცბაიას უცნაური პრეს-კონფერენცია

კომენტარები

ბოლო ამბები