Thumbnail
  • ქართველმა ცენტრმა ხუვენტუტთან თამაში 16 ქულით დაასრულა
  • გიორგი შერმადინმა 3-ვე ორქულიანი და 10-ვე საჯარიმო ჩააგდო

გიორგი შერმადინის იბეროსტარ ტენერიფემ ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში ზედიზედ მე-5 გამარჯვება იზეიმა და სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულ ლიდერობას ინარჩუნებს, ქართველმა ცენტრმა კი წარმატებაში ამჯერადაც დიდი წვლილი შეიტანა.

ტენერიფელებმა ბადალონას ხუვენტუტს 86:82 სძლიეს, შერმადინი კი სასტარტო ხუთეულში იყო და 28:05 წუთში 16 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. საინტერესოა, რომ ქართველ ლეგიონერს შეტევა არ გაუცუდებია. გიორგიმ 3-ვე ორქულიანი და 10-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 8-ჯერ დაჯარიმდნენ.

შედეგად, შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტი 25-ს გაუტოლდა და ეს, მასპინძელთა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ, ამდენად, ის შეხვედრას უძვირფასეს მოთამაშედ (MVP) აღიარეს. ბადალონელთა მხრიდან ხორვატი ანტე ტომიჩი გამოირჩა, რომელმაც თამაში ორმაგი დუბლით (18 ქულა, 11 მოხსნა) დაასრულა.

როგორც აღვნიშნეთ, იბეროსტარი 5 გამარჯვებით პირველ ადგილზეა, შერმადინის საშუალო სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 23.8-ს უტოლდება და ეს, მთელს ლიგა ენდესაში საუკეთესო მაჩვენებელია. ქართველი ლეგიონერის კლუბი მომდევნო შეხვედრას 25 ოქტომბერს, სტუმრად, გიორგის ყოფილ კლუბ მალაგას უნიკახასთან გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები