Thumbnail
  • ფორმულა 1: ჩინეთის გრანპრი დანიელ რიკარდომ მოიგო.
  • სებასტიან ფეტელი ავარიამ დაამარცხა.
  • ლუის ჰემილტონი მხოლოდ მე-4 პოზიციაზე გავიდა.

ფორმულა 1-ის მოყვარულებს სწორედ ასეთი რბოლების ხილვა სურთ! შანხაიში საქმეს ისეთი პირი უჩანდა, რომ ეს ისევ მხოლოდ ფერარის და მერსედესის დუელი იყო, მაგრამ მერე რედ ბულმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. თუმცა რედ ბულს გაუმართლა, რადგან Safety Car-მა დამატებითი პიტ-სტოპის შანსი მისცა, რამაც რბოლის შედეგზე დიდი გავლენა იქონია: დანიელ რიკარდო მე-6 პოზიციიდან პირველზე გადავიდა!

გამორიცხული არც ის იყო, რომ მაქს ფერსტაპენი მეორე ადგილზე გასულიყო და ჩინეთის გრანპრი რედ ბულის ტრიუმფით დასრულებულიყო, მაგრამ ლუის ჰემილტონთან ბრძოლაში შეცდომა დაუშვა, მერე კი სებასტიან ფეტელს შეეჯახა. ფერსტაპენი 10 წამით დააჯარიმეს და რბოლის დასრულების შემდეგ ჰემილტონის უკან, მე-5 ადგილზე აღმოჩნდა. მე-6 ადგილი ნიკო ჰიულკენბერგმა დაიკავა - ფერნანდო ალონსოს და სებასტიან ფეტელის წინ. საუკეთესო ათეული საინსმა და მაგნუსენმა დააკომპლექტეს.

რაც შეეხება დანიელ რიკარდოს: ავსტრალიელმა კარიერაში მე-6 გამარჯვება იზეიმა! ამის მთავარი მიზეზი ტორო როსოს პილოტების, პიერ გასლისა და ბრენდონ ჰარტლის ავარია გახდა - სიტუაციაში ყველაზე კარგად სწორედ რედ ბულის გუნდი გაერკვა, თავის პილოტებს საბურავები შეუცვალეს და დანიელ რიკარდომ ყველას აჯობა!

მეორე ადგილი ვალტერი ბოტასმა დაიკავა, რომელმაც მხოლოდ 2 წამით აჯობა ფერარის მეორე პილოტ კიმი რაიკონენს. როგორც უკვე ვთქვით, ფინიშის ხაზზე მეოთხე ფერსტაპენი იყო, მაგრამ ჯარიმის გამო, მეოთხე ადგილი ჰემილტონმა დაიკავა.

რბოლის ყველაზე უიღბლო მონაწილე კი ფეტელი გახლდათ. ფერარის გერმანელმა პილოტმა სტარტი პირველი პოზიციიდან აიღო, მაგრამ პირველი პიტ-სტოპის შემდეგ ბოტასმა გაასწრო. მერე კი იყო ფერსტაპენთან შეჯახება და ფეტელისთვის ყველაფერი დასრულდა - სება მე-8 ადგილით კმაყოფილი ვერ იქნება. თუმცა ფეტელს იმაში გაუმართლა, რომ ჰემილტონმაც დაკარგა ქულები.

სამი რბოლის შემდეგ, ცხრილს ისევ სებასტიან ფეტელი ლიდერობს (54 ქულა). ჰემილტონი 45 ქულით მეორე ადგილზეა და მხოლოდ 5 ქულით უსწრებს ბოტასს. დანიელ რიკარდოს ახლა უკვე 37 ქულა აქვს და მე-4 ადგილზე აღზევდა. რაიკონენი 30 ქულით მეხუთეა.

1. სებასტიან ფეტელი (ფერარი, გერმანია) - 54

2. ლუის ჰემილტონი (მერსედესი, ბრიტანეთი) - 45

3. ვალტერი ბოტასი (მერსედესი, ფინეთი) - 40

4. დანიელ რიკარდო (რედ ბული, ავსტრალია) - 37

5. კიმი რაიკონენი (ფერარი, ფინეთი) - 30

6. ფერნანდო ალონსო (მაკლარენი, ესპანეთი) - 22

7. ნიკო ჰიულკენბერგი (რენო, გერმანია) - 22

8. მაქს ფერსტაპენი (რედ ბული, ჰოლანდია) - 18

9. პიერ გასლი (ტორო როსო, საფრანგეთი) - 12

10. კევინ მაგნუსენი (ჰაასი, დანია) - 11

კონსტრუქტორთა თასი

1. მერსედესი - 85
2. ფერარი - 84
3. რედ ბული - 55
4. მაკლარენი - 28
5. რენო - 25
6. ტორო როსო - 12
7. ჰაასი - 11
8. ალფა რომეო ზაუბერი - 2
9. ფორს ინდია - 1
10. უილიამსი - 0

კომენტარები

ბოლო ამბები