Thumbnail
  • NBA-ს პლეი ოფის პირველი მატჩები.
  • ფილადელფიამ მაიამი გაანადგურა - ბენ სიმონსს სამმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა.
  • ტორონტომ საშინაო დავალება შეასრულა, პორტლენდმა - ვერა!

NBA-ს პლეი ოფი მოქმედმა ჩემპიონმა გოლდენ სტეიტმა სან ანტონიოსთან იოლი გამარჯვებით გახსნა, მაგრამ პირველი მატჩების გმირი უდავოდ ფილადელფია სიქსერსია, რომელმაც მაიამის მეორე ტაიმში შესანიშნავი საკალათბურთო გაკვეთილი ჩაუტარა.

ჯოელ ემბიიდის არყოფნაში, ბენ სიმონსი ფილადელფიას ლიდერია

მიუხედავად სუპერვარსკვლავ ჯოელ ემბიიდის არყოფნისა (ოლ სტარის მონაწილე ცენტრი ტრავმირებულია), ფილამ მაიამი 130:103 დაამარცხა და Best of Seven სერიაში 1:0 დაწინაურდა. შეგახსენებთ, რომ ფილადელფია პლეი ოფში 6-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად მონაწილეობს.

ბრეტ ბრაუნის გუნდიდან საუკეთესო, რა თქმა უნდა, ბენ სიმონსი გახლდათ. 21 წლის უნიჭიერესმა გამთამაშებელმა, რომელსაც უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებენ, 17 ქულა, 14 პასი და 9 მოხსნა გააკეთა - სამმაგ დუბლამდე მას მხოლოდ 1 მოხსნა დააკლდა.

“ვგრძნობ, რომ ამ გუნდს რაღაც განსაკუთრებული აქვს და ბევრის მიღწევა შეუძლია,” - განაცხადა ბრეტ ბრაუნმა მატჩის შემდეგ. მისმა შეგირდებმა განსაკუთრებით კარგად 3-ქულიანები ისროლეს - 28 მცდელობიდან 18 ჩააგდეს! სამქულიანებში განსაკუთრებით კარგად ჯეი ჯეი რედიკი (4), მარკო ბელინელი (4) და დარიო სარიჩი (4) გამოიყურებოდნენ. რედიკმა საბოლოოდ ყველაზე მეტი, 28 ქულა დააგროვა, ბელინელიმ კი - 25 ქულა.

ფილადელფიას გამარჯვება ცხადი მესამე პერიოდში გახდა, როცა ბრაუნის გუნდმა 15:0 გაქცევა მოახერხა. საქმე ისაა, რომ პირველი ტაიმი მაიამიმ 60:56 მოიგო. ფლორიდელთა ტოპ-მოთამაშე კელი ოლინიკი იყო (26 ქულა).

ამ წყვილში მომდევნო მატჩი სამშაბათს გამთეენისას, ისევ ფილადელფიას უელს ფარგო ცენტრში გაიმართება.

ტორონტომ ვაშინგტონთან მოგებით დაიწყო

აღმოსავლეთ კონფერენციის მეორე საპლეიოფო შეხვედრაში, პირველადგილოსანმა ტორონტომ მე-8 ადგილზე გასული ვაშინგტონი 114:106 დაამარცხა. მატჩის ტოპ-მოთამაშე რეპტორსის მძიმე ფორვარდი სერჟ იბაკა გახდა - 23 ქულით, 12 მოხსნით და 1 პასით. აღსანიშნავია, რომ ვაშინგტონელმა ჯონ უოლმაც 23 ქულა გააკეთა (პლუს 15 პასი და 3 მოხსნა).

ვის რა შანსი აქვს პლეი ოფში - დეტალური ანალიზი

პორტლენდის მოულოდნელი მარცხი

მიუხედავად იმისა, რომ ნიუ ორლეანსი საკმაოდ კარგი გუნდია, რასაც დასავლეღ კონფერენციაში მე-6 ადგილის დაკავებაც მოწმობს, მაინც ცოტა თუ ელოდა, რომ პელიკანსი პლეი ოფის პირველ შეხვედრაში, სტუმრად პორტლენდის (მე-3 ადგილი დასავლეთში) დამარცხებას მოახერხებდა.

დამიან ლილარდი და კომპანია დაძაბულ ბრძოლაში 95:97 დამარცხდნენ. პელიკანსს ბოლო ფაზაში გამარჯვება ჯრუ ჰოლიდეიმ, კარგი დაფარებით გადაურჩინა. მატჩის ტოპ-მოთამაშე ენტონი დევისი გახლდათ - 35 ქულით, 14 მოხსნით და 4 დაფარებით.

კომენტარები

ბოლო ამბები