- საქართველოს მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში შეკრებას აგრძელებს
- ლევან მაისაშვილმა ახალ მწვრთნელებსა და შოტლანდიის ნაკრებზე ისაუბრა
საფრანგეთში შეკრებაზე მყოფი ''ბორჯღალოსნები'' 23 ოქტომბერს ''მარიფილდზე'', შოტლანდიასთან გასამართი ტესტ-მატჩისთვის მზადებას აგრძელებენ. საქართველოში მყოფი მორაგბეები და სამწვრთნელო შტაბის წევრები მანდელიუში 11 ოქტომბერს გაემგზავრნენ.
მსოფლიო რაგბის მე-9 რეგულაციის თანახმად, ორშაბათიდან სამი დღით მათ ლეგიონერებიც შეუერთდნენ, რომელთა დიდი ნაწილი უკვე კლუბებს დაუბრუნდა. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა ლეგიონერებზე, ახალ მწვრთნელებსა და მომავალ მეტოქეზე ისაუბრა, რომელსაც ფინ რასელი და სტიუარტ ჰოგი დააკლდებიან.
ლევან მაისაშვილი ლეგიონერებსა და მზადებაზე: კლუბებს ვთხოვეთ, რომ ის მოთამაშეები, რომლებსაც ამ უქმეებზე თამაში არ უწევთ, ნაკრებში დაეტოვებინათ, მაგრამ სამწუხაროდ, უმრავლესობამ ჩვენი თხოვნა არ გაითვალისწინა. ჩემთვის გაუგებარია რას ემსახურება იმ მორაგბეების წინ და უკან ტარება, რომელთაც თამაში მაინც არ უწევთ. ლეგიონერებიდან შეკრებაზე მხოლოდ გიორგი ჯავახია, იოანე იაშაღაშვილი და შალვა მამუკაშვილი დარჩნენ.
ამ სამი დღის განმავლობაში გავიხსენეთ სისტემები და ვიმუშავეთ ახალი დეტალების დახვეწაზე. სამწუხაროდ, კოვიდ-სიტუაციიდან და დაუგეგმავი ტრავმებიდან გამომდინარე, ყველაფერი ისე არ წავიდა როგორც გვსურდა. ტრავმების გამო ორი ბურჯი მოვისაკლისეთ. ლექსო ყაულაშვილს მცირე ტრავმა აქვს და რეაბილიტაციას გადის. საზარდული აწუხებს ლევან ჩილაჩავას. გვქონდა იმედი, რომ ის მაინც შეძლებდა თამაშს, თუმცა ექიმთან ვიზიტის შემდეგ გაირკვა, რომ შოტლანდიასთან ვეღარ დაგვეხმარება. ასევე შეკრებაზე მოვისაკლისეთ ორი ბურჯი, რომელთა გუნდებს ამ უქმეებზე ევროთასების ფინალები აქვთ''.
ლევან მაისაშვილი ახალ მწვრთნელებზე: ამ სამი დღიდან ერთი, შერკინების ვარჯიშს დაეთმო. ამ ერთი ვარჯიშიდანაც შეიძლება ითქვას, რომ ბრუნო თავისი საქმის პროფესიონალია. აქტიურად იყო ჩართული სავარჯიშო პროცესში ნილ დოკი, რომელსაც შეტევის ორგანიზება ევალება. ჰემფრიზი კონსულტანტია და ვარჯიშის მართვასა და დაგეგმარებაში მეხმარება. ის ჩემთან ერთად ძალიან დიდ დროს ატარებს. შემოგვიერთდა ჩვენთვის კარგად ნაცნობი გიორგი ჩხაიძე, რომელმაც დერეფანსა და მოლზე იმუშავა.
ლევან მაისაშვილი შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებზე: რასელი და ჰოგი მსოფლიო დონის ვარსკვლავები არიან, ჩემი აზრით, საუკეთესოები თავიანთ პოზიციაზე. მათი არყოფნა ჩვენთვის კარგია, თუმცა არც შემცვლელებს აკლიათ ხარისხი და მოტივაცია, შესაბამისად, მოცემულობაც დიდად არ იცვლება. ზოგადად, შოტლანდიის ნაკრები იშვიათად ცვლის შემადგენლობას და ჩვენ კარგად ვიცით რას თამაშობენ, რა არის მათი ძლიერი მხარეები, თუმცა ამ ეტაპზე უფრო იმაზე ვარ ფოკუსირებული, ჩვენ რას გავაკეთებთ. დიდი ხნის შესვენების შემდეგ, ეს ჩვენი პირველი თამაშია და მოწინააღმდეგის ანალიზიდან გამომდინარე, უფრო მეტად ის გვაინტერესებს რას ვიზამთ დაცვასა და შეტევაში“.
კომენტარები