Thumbnail

'მასთან ფსიქოლოგიური კუთხით ვმუშაობთ' - გენტის მწვრთნელი ჩაკვეტაძეზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ვიმ დე დეკერმა გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა
  • 21 წლის ქართველი შემტევი ისევ ტრავმირებულია

გიორგი ჩაკვეტაძე ისევ ტრავმირებულია და გენტს უახლოეს ტურშიც ვერ დაეხმარება. ბელგიის ჟუპილერ ლიგის მე-9 ტურში ვიმ დე დეკერის გუნდი 17 ოქტომბერს სერკლ ბრიუგეს სტუმრად შეხვდება და გიორგი განაცხადში არაა.

გენტის მთავარმა მწვრთნელმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე 21 წლის ქართველი ნახევარმცველის შესახებ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მასთან ფსიქოლოგიური კუთხით მუშაობენ.

ვიმ დე დეკერი (გენტის მთავარი მწვრთნელი): "გიორგი ჩაკვეტაძისთვის სერკლ ბრიუგესთან თამაში ჯერ კიდევ ნაადრევია. მას მუხლზე პრობლემა ისევ აქვს და ტკივილი აწუხებს. თუმცა დადებითი მხარე ის არის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში გამორიცხულია დაზიანების გაუარესება. მასთან ძირითადად ფსიქოლოგიურად ვმუშაობთ".

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა 15 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე, ვენის რაპიდთან მიიღო. მას შემდეგ მან 4 ოქტომბერს, ბეერსხოტთან 30 წუთი ითამაშა და სანაკრებო მატჩებისთვის თბილისშიც ჩამოვიდა, მაგრამ გაირკვა, რომ ფეხი ისევ აწუხებდა და ნაკრებში არ უთამაშია.

 

კომენტარები

ბოლო ამბები