Thumbnail

PREVIEW | მოულოდნელი ლიდერი და ლივერპული 2:7-ის შემდეგ - მაგარი დერბის მოლოდინში

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 📅 17 ოქტომბერი | ⌚ 15:30 | ⚽ ევერტონი V ლივერპული
  • კარლო ანჩელოტის გუნდი პრემიერლიგის მოულოდნელი ლიდერია
  • იურგენ კლოპსა და მის ბიჭებს რეაბილიტაცია მართებთ
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ

მერსისაიდულ დერბის ყურადღება არასდროს დაჰკლებია, შაბათს პრემიერლიგის მე-5 ტურის ეგიდით დაგეგმილი მატჩი კი განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. საქმე ის გახლავთ, რომ გასული 4 ტურის ეგიდით, ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი ევერტონი გახლავთ, რაც ხშირი ამბავი ნამდვილად არაა. კარლო ანჩელოტის ხელში გუნდმა სეზონი ძალიან ყოჩაღად დაიწყო და აქტივში 12 ქულა აქვს, თანაც გასულ მატჩებში 12 გოლის გატანა მოახერხა.

ცხადია, რომ ევერტონის პროგრესში იტალიელი მწვრთნელის დამსახურება უდიდესია. 61 წლის ანჩელოტიმ ინგლისური კლუბი შარშან ჩაიბარა და ახალი გუნდის მშენებლობას საფუძველი ჩაუყარა, მიმდინარე სეზონში კი გაცილებით სერიოზული მიზნები აქვს და იქნებ, ჩემპიონთა ლიგის საგზურზეც გაიწიოს. მომავალი დერბის წინ, ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ანჩელოტის ფაქტორს განსაკუთრებით გაუსვა ხაზი.

“ჩემი ანელოტისთან დამოკიდებულება საიდუმლო არასდროს ყოფილა. მისდამი მხოლოდ უდიდეს პატივისცემა გამაჩნია. ის დიდებული ადამიანია. როდესაც შევიტყვე, რომ კარლო ევერტონის მწვრთნელი ხდებოდა, ვიფოქრე, ოჰ, ჩვენ კიდევ ერთი სერიოზული კონკურენტი გამოგვიჩნდა. ზაფხულში მათ კარგად იმუშავეს. ზუსტად ის ფეხბურთელები იპოვეს, რომლებიც შემადგენლობის ხარისხიანად გაძლიერებისთვის იყო საჭირო. ახლა, როდესაც ანჩელოტიმ თავისი ხაზი გაატარა, ევერტონი საკმაოდ ძლიერ გუნდად იქცა”.

ლივერპულს ბირმინგემული 2:7-ის მერე რეაბილიტაცია მართებს

მომავალი შეხვედრის წინ, ტრავმირებულები ორივე გუნდს მრავლად ჰყავს. ევერტონს სხვადასხვა მიზეზების გამო ჩენკ ტოსუნი, ჟან-ფილიპ გბამინი, მეისონ ჰოლგეიტი, ჯარად ბრანტვეიტი და ჯონჯო კენი დააკლდებიან, ლუკას დინიე, სეამუს კოულმენი და იერი მინა კი მოშუშდნენ და სავარაუდოდ, თამაშიც შეეძლებათ. ლივერპულის რიგებში ნამდვილად ვერ ვიხილავთ საქმეში ალექს ოქსლეიდ ჩემბერლენს, კონსტანტინოს ციმიკასსა და ალისონს, ნაბი კეიტას ბედი კი, ჯერჯერობით, გაურკვეველია.

ცხადია, რომ კლოპის გუნდი რეაბილიტაციას ეცდება პრემიერლიგის გასულ ტურში ასტონ ვილასთან განადგურების გამო. შეგახსენებთ, რომ ლივერპული ბირმინგემში 2:7 დამარცხდა და ეს, ძალიან დიდი მოულოდნელობა იყო, რადგანაც ასტონ ვილა მიმდინარე სეზონის წინ აუტსაიდერთა რიგებში მოიაზრებოდა. კლოპს რომ ის თამაში დღემდე არ დავიწყებია, ამ კომენტარშიც კარგად სჩანს.

“იმ მატჩის მერე ღამე ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე იყო. ბიჭებთან საუბარი დილასვე მინდოდა, თუმცა, ისინი ჩემთან არ იყვნენ. მაშინ მათ გრძელი შეტყობინება მივწერე და დაგროვილი აზრები გავუზიარე. ამის შემდეგ თავი გაცილებით უკეთ ვიგრძენი, რადგანაც ემოციებისგან დავიცალე. მაშინ შევატყვე, რომ წინ მოძრაობა ისევ შეგვეძლო. ის მარცხი სწორედაც რომ საპირისპირო იყო, რისკენაც ვისწრაფოდით. ანგარიში 2:7 საერთოდ არაფერში ჯდებოდა, თუმცა, ზოგჯერ ასეთი გამოცდილება საჭიროა. ახლა, ყველას უნდა ვაჩვენოთ, რეალობაში რა შეგვიძლია და ევერტონთან შაბათის მატჩი ამის კარგი შანსია”.

საინტერესო ფაქტები

⚽ ევერტონს ლივერპულთან ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 8 მატჩიდან 7 ფრედ აქვს დასრულებული.

⚽ ლივერპულს ევერტონთან ყველა ტურნირზე ჩატარებულ უკანასკნელ 22 მატჩში წაგება არ აქვს.

⚽ ევერტონს ლივერპულთან ყველა ტურნირზე გამართულ ბოლო 6 საშინაო შეხვედრაში 2.5-ზე ნაკლები გოლი აქვს გატანილი.

⚽ ლივერპულს ევერტონთან ყველა ტურნირზე გამართულ უკანასკნელ 4 საგარეო მატჩში გოლი არ აქვს გაშვებული.

⚽ ევერტონი ლივერპულთან ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 6 მატჩიდან ხუთში ფრეს აფიქსირებდა როგორც ტაიმში, ასევე მთლიანად თამაშში.

⚽ ევერტონს პრემიერლიგაში ბოლო 4 მატჩი აქვს მოგებული.

⚽ ლივერპულს პრემიერლიგის უკანასკნელ 6 შეხვედრაში მინიმუმ 2 გოლი აქვს გატანილი.

⚽ ევერტონს ლივერპულთან ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო 3 საშინაო მატჩში გოლი არ აქვს გაშვებული.

⚽ ევერტონს პრემიერლიგის ბოლო სამ მატჩში მოგებულ აქვს როგორც ტაიმი, ასევე – მთლიანად მატჩი.

⚽ ლივერპულის მონაწილეობით პრემიერლიგაში გამართულ უკანასკნელ 7 შეხვედრაში 2.5-ზე მეტი გოლი გადიოდა.

⚽ პრემიერლიგაში ევერტონის ბოლო სამ საშინაო მატჩში 2.5-ზე მეტი გოლი გადიოდა.

⚽ ევერტონს პრემიერლიგის უკანასკნელ სამ მატჩში მინიმუმ 2 გოლი აქვს გატანილი.

⚽ ევერტონს პრემიერლიგის ბოლო სამ საშინაო მატჩში მინიმუმ 2 გოლი აქვს გაშვებული.

 სავარაუდო შემადგენლობები

ევერტონი (4-3-3): პიკფორდი – დინიე, გოდფრი, კინი, კოულმენი – დუკურე, ალანი, გომესი – რიშარლისონი, კალვერტ-ლევინი, როდრიგესი.
ტრავმა: ტოსუნი, გბამინი, ჰოლგეიტი, ბრანტვეიტი, კენი.

ლივერპული (4-3-3): ადრიანი – ალექსანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დაიკი, რობერტსონი – ჰენდერსონი, ტიაგო, ვეინალდუმი – სალაჰი, ფირმინო, მანე.
ტრავმა: ოქსლეიდ ჩემბერლენი, ციმიკასი, ალისონი, კეიტა.

კომენტარები

ბოლო ამბები