Thumbnail

PREVIEW | ტურის მთავარი მატჩი - 3 ქულა ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • 📅 18 ოქტომბერი | ⌚ 14:30 | ⚽ საბურთალო V დინამო ბათუმი | 📺 SILK UNIVERSAL
  • საბურთალო და დინამო ბათუმი ჩემპიონობისთვის იბრძვიან
  • ახალგაზრდა ლევან კორღალიძე გამოცდილი გია გეგუჩაძის წინააღმდეგ
  • დინამო ბათუმიდან ეროვნულ ნაკრებში სამი ფეხბურთელი იყო გამოძახებული
  • მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს Silk Universal შემოგთავაზებთ 

სანაკრებო პაუზა დასრულდა, საკლუბო ფეხბურთი ბრუნდება! 

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-13 ტურის ცენტრალური მატჩი თბილისში, საბურთალოსა და დინამო ბათუმს შორის შედგება. ლიდერი უშუალო კონკურენტს სტუმრობს - სასწორზე ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა დევს!

დინამო ბათუმი საბურთალოს 2 ქულით უსწრებს, მაგრამ თბილისურ გუნდს თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული (დინამო თბილისთან მატჩი გადაიდო). აქედან გამომდინარე, გამარჯვების ფასი მართლაც ძალიან დიდია.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • საბურთალო
  • ფრე
  • დინამო ბათუმი

დინამო ბათუმმა ბოლო მატჩი ეროვნულ ლიგაში თელავში ჩაატარა და ულამაზესი გოლებით 3:1 მოიგო. შემდეგ იყო სანაკრებო პაუზა, რომლის დროსაც გია გეგუჩაძის გუნდმა ორი ამხანაგური თამაში ჩაატარა თბილისის მერანისა და სამტრედიას წინააღმდეგ. ბათუმელების მიზანი ჩემპიონობაა და სეზონის დასრულებამდე 6 ტურით ადრე, ყველა ქულა ძვირფასია, მითუმეტეს მთავარ კონკურენტთან დაპირისპირებაში.

📺 თელავი 1:3 დინამო ბათუმი [მიმოხილვა]

საბურთალო კარგ ფორმაშია, ეროვნულ ლიგაში 9 თამაშია არ წაუგია - ანუ, ზუსტად ერთი წრე. ზოგადად, სეზონში ერთხელ დამარცხდა. თბილისურ გუნდს ეროვნულ ლიგაში ლევან კორღალიძე პირველად გაწვრთნის. მან გუნდი დაახლოებით ერთი თვის წინ ჩაიბარა და ამ პერიოდში მხოლოდ საქართველოს თასზე მოუწია გუნდის გაწვრთნა. აღსანიშნავია, რომ წარმატებულად, რადგან საბურთალომ დინამო თბილისი (1:0) და ქუთაისის ტორპედო (2:0) დაამარცხა და ნახევარფინალშია. შესაბამისად, მიმდინარე სეზონში დუბლის შანსი აქვს - ჩემპიონობაც შეუძლია და საქართველოს თასის მოგებაც. დინამო ბათუმი კი სათასო ასპარეზობას 1/8 ფინალში გამოეთიშა და მხოლოდ ჩემპიონატზეა კონცენტრირებული.

პირველ წრეში ამ გუნდების დაპირისპირებამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა - ლევან ნონიკაშვილის გოლს ჯაბა ჯიღაურმა უპასუხა. აღსანიშნავია, რომ დინამო ბათუმს სანაკრებო პაუზაზე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 3 ფეხბურთელი, ჯიღაური, გიორგი ნავალოვსკი და მამუკა კობახიძე ჰყავდა. მიუხედავად ამისა, სავარაუდოა, რომ სამივე ითამაშებს, რადგან ისინი დინამო ბათუმისთვის შეუცვლელი მოთამაშეები არიან.

გიორგი ნიქაბაძე და ვაკო თევდორაძე

მანჯგალაძე: რთული თამაში იქნება

გიორგი გულიაშვილი (საბურთალოს ფეხბურთელი): "უშუალო კონკურენტს ვეთამაშებით და რა თქმა უნდა, კარგად ვემზადებით. გუნდში კარგი განწყობაა, ვიცით, როგორი მნიშვნელოვანი თამაშია და ყველანაირად ვეცდებით მაქსიმუმი გავიღოთ, რომ გამარჯვება მოვიპოვოთ. სანაკრებო პაუზის დროს ახალგაზრდულ ნაკრებში ვიყავი, მაგრამ უკვე დავიწყე გუნდთან ერთად ვარჯიში და ამ თამაშითვის 100%-ით ვემზადები. რაც შეეხება, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში სადებიუტო გოლს: რა თქმა უნდა, ძალიან სახიხარულო და სასიამოვნოა, მითუმეტეს, როცა ეს ერთადერთი და გამარვების გოლია."

გიული მანჯგალაძე (დინამო ბათუმის ფეხბურთელი): "ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია, ისევე, როგორც უკვე ყველა მატჩი, რადგან სეზონის ფინიშია. რთული თამაში იქნება, კარგ განწყობაზე ვართ იმიტომ, რომ ბოლო შეხვედრაში თელავთან მოვიგეთ და ვნახოთ, რა მოხდება. ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ჩვენზე იქნება დამოკიდებული და მაქსიმუმს გავიღებთ. საბურთალო ძალიან კარგი გუნდია, ახალი მწვრთნელი ჰყავს. სანაკრებო პაუზის დროს ორი ამხანაგური თამაში გვქონდა მერანთან და სამტრედიასთან, ნაყოფიერად ჩაიარა ამ პერიოდმა. რაც მთავარია, ტრავმირებული ფეხბურთელები თითქმის არ გვყავს, ყველა ჯანმრთელია."

საინტერესო ფაქტები

⚽ დინამო ბათუმი და საბურთალო ერთმანეთს 14-ჯერ შეხვდნენ და თბილისური გუნდი უპირატესობას ფლობს - 7 მოგება, 4 წაგება, 3 ფრე.

⚽ საბურთალოსთვის ყველაზე დასამახსოვრებელი 2017 წლის 10 სექტემბერს მოგებული მატჩია (5:0), ხოლო დინამო ბათუმმა 2019 წლის 24 აპრილს, ძალიან მაგარ და დრამატულ ბრძოლაში ბათუმში, 4:2 სძლია მეტოქეს.

⚽ ამ გუნდების ბოლო 5 ურთიერთდაპირისპირებაში 2-ჯერ ბათუმელებმა მოიგეს, ერთხელ თბილისელებმა და 2-ჯერ ფრე დაფიქსირდა.

⚽ ზემოხსენებულ 5 შეხვედრაში ერთხელ გავიდა 2.5-ზე მეტი გოლი და 2-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

გამოკითხვა

რამდენი გოლი გავა?

  • 2,5-ზე ნაკლები
  • 2,5-ზე მეტი
  • 3,5-ზე მეტი

⚽ საბურთალომ ბოლო 5 მატჩში ერთხელ წააგო (ევროპალიგაზე აპოლონთან 1:5), ხოლო 2-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და ამდენჯერვე ორივე გუნდმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ საბურთალოელთა ბოლო სამ თამაშში 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა და ორივე გუნდმაც ვერ გაიტანა.

⚽ დინამო ბათუმი სანამ თელავს დაამარცხებდა, მანამდე ზედიზედ ოფიციალური 3 მატჩი ჰქონდა წაგებული.

⚽ გია გეგუჩაძის გუნდის ბოლო 5 თამაშში 4-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და 3-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ საბურთალო საკუთარ მოედანზე არადამაჯერებლად თამაშობს - 2 მოგება, 3 ფრე, 1 წაგება და ამ 6 თამაშში მხოლოდ 4 გოლი გაიტანა. ბოლო სამი საშინაო თამაში კი ფრედ დაასრულა. უკანასკნელად თბილისურმა გუნდმა შინ 10 ივლისს იმარჯვა (თელავთან 1:0).

⚽ დინამო ბათუმი პირიქით, სტუმრად შესანიშნავად თამაშობს - 4 მოგება, 2 ფრე 6 თამაშში და ბოლო 3 საგარეო მატჩიც მოგებული აქვს.

სავარაუდო შემადგენლობები

საბურთალო (4-2-3-1): კუპატაძე - მალი, მარგველაშვილი, გრიგალაშვილი, მაჭარაშვილი - ტერა, ალთუნაშვილი - ბუმალი, ლუმუ, ქავთარაძე - გულიაშვილი
ტრავმა: ტაბატაძე, ჭიჭინაძე

დინამო ბათუმი (4-3-3): ლევჩენკო - მელიავა, ობოაბონა, კობახიძე, ნავალოვსკი - მამუჩაშვილი, ტეიდი, მანჯგალაძე - ჯიღაური, ნიქაბაძე, შერგელაშვილი
ტრავმა: გეგეჭკორი, ჯიჯავაძე
დისკვალიფიკაცია: ვაგნერი

გამოკითხვა

ვინ გახდება საქართველოს ჩემპიონი?

  • დინამო ბათუმი
  • დინამო თბილისი
  • საბურთალო
  • დილა
  • ლოკომოტივი
  • სხვა გუნდი

 

კომენტარები

ბოლო ამბები