Thumbnail

FIFA 21 | ღირს თუ არა ყიდვა - ქართველი მოთამაშეების შეფასება

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ

კომპანია EA-მ თავისი ლეგენდარული საფეხბურთო ფრენჩაიზის ბოლო თამაში, FIFA 21, 6 ოქტომბერს გამოუშვა. თამაშმა ზოგადად კარგი შეფასებები დაიმსახურა: ვიდეოთამაშების ფორუმებსა და ვებ-გვერდებზე მისი საშუალო რეიტინგი 8.5 ქულაა. 

FIFA 21-ს აქვს რამდენიმე ნაკლიც, განსაკუთრებით კი Volta-სა და ქემფეინ მოუდებში. თუმცა, უახლეს თამაშში EA-მ ფანების სურვილები გაითვალისწინა და რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაკლი გამოასწორა; ამის კარგი მაგალითია ცვლილება უპირატესობის წესში. 

პოპსპორტი ქართული კიბერ-ფეხბურთის ცნობილ მოთამაშეებს დაუკავშირდა და სთხოვა, თამაში შეეფასებინათ.

აჩიკო კობაიძე (2020 წლის საქართველოს კიბერ ფეხბურთის თბილისის თასის გამარჯვებული, FIFA 19-ის თასის ვიცე-ჩემპიონი) 
"ფიფას თამაში 2018 წლის ოქტომბრიდან დავიწყე და პირადად მე FIFA 21 ყველა წინა ფიფას მირჩევნია, რაც მითამაშია. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ ფიფა 20 ში 58-ზე ნაკლები პინგი არ ყოფილა, აქ 25-27-ით ვთამაშობ, რასაც გეიმფლეიზე დიდი გავლენა აქვს და შესაბამისად, შედარებით ნაკლებია შეფერხებაც. გეიმფლეიც გაუმჯობესებულია და უფრო სასიამოვნო და რეალურია თამაში. ყველაზე დიდი მინუსი ალბათ აუტობლოკერია: ამ ფიფაში ყველაფერს ბლოკავენ ავტომატურად მცველები, რაც ჩემი აზრით აფდეითების შემდეგ გამოსწორდება."

გიორგი გოგოლი (კიბერ-ფეხბურთის ლიგის  ბრინჯაოს მედლის მფლობელი)
"ჩემთვის პირველი ფიფა FIFA 19 იყო, ანუ, მაინცდამაინც დიდი გამოცდილება არ მაქვს. ახალ FIFA-ში ძალიან მომწონს ის, რომ დაცვაში თამაში გართულებულია და მეტი ძალისხმევა სჭირდება. შედარებით დაბალი დონის მოთამაშეებს, დაცვაში თამაში გაუჭირდებათ. არ მომეწონა ის, რომ ძალიან ბევრი გოლი გადის: მეკარეები ბურთს თითქმის ვერ იგერიებენ, თუ უბრალოდ არ მოხვდათ. სამომავლოდ ვისურვებდი, რომ უფრო 'სქილ-ბეიზდ' თამაში გახდეს ფიფა. ეს ფიფა არაა დამოკიდებული შენს უნარზე, შეიძლება ძალიან სუსტ მოთამაშესთან წააგო და ეს ყველაზე მეტად არ მომეწონა. კიდევ ერთი პრობლემაა ავტო-ბლოკი, რომელსაც, იმედია, აფდეითის შემდეგ გაასწორებენ."

'დაემატა უბურთო მოთამაშის კონტროლის ფუნქცია, რაც უფრო მრავალფეროვანს ხდის თამაშს'

კედლის გათამაშებისას თავად წყვეტ როგორ მოიქცეს პასის მიმცემი მოთამაშე

ნიკა ასათაშვილი: "მხოლოდ 2018 წლიდან ვთამაშობ, თუმცა საქართველოს კიბერ-ფეხბურთის ფედერაციის მიერ ჩატარებულ ისტორიაში პირველ ე-ლიგაში, FIFA 20-ში მე-2 ადგილი დავიკავე. საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაციის ჩატარებულ სასკოლო-საუნივერსიტეტო ჩემპიონატში FIFA 18-ში გავიმარჯვე. ასევე მოვიგე საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაციის მიერ ჩატარებულ კიბერლიგაში FIFA 20-ში. ვარ პირველი ქართველი, რომელმაც მიიღო მონაწილეობა ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს სახელით. საუკეთესო სარეიტინგო შედეგი შედეგი: ტოპ 300 ევროპაში.

FIFA 21-ში პირველ რიგში მომეწონა ის, რომ დაემატა უბურთო მოთამაშის კონტროლის ფუნქცია, რაც უფრო მრავალფეროვანს ხდის თამაშს. ასევე შემცირდა პინგი საქართველოდან, ონლაინში თამაშის დროს. FIFA 20-ში თუ იყო 70-80 პინგი, ახლა 35-40-ია. ეს ჯერჯერობით და იმედია, ასე გაგრძელდება. ასევე დაემატა სტადიონის კოსტუმიზაცია, რასაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია, რადგან მთავარი მაინც ისაა, რა ხდება გეიფლეის დროს, უშუალოდ მოედანზე. მაგრამ მაინც სასიამოვნო სიახლეა. საბოლოო ჯამში FIFA 20-ს მირჩევნია 21 და ვიმედოვნებ, რომ მომავალში უფრო დაიხვეწება თამაში. ამ ეტაპზე ფიფა საკმაოდ სასიამოვნო სათამაშოა. რაიმე მნიშვნელოვანი ნაკლი არ მახსენდება. ალბათ მარტო მენიუს სისწრაფე, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, ადვილი გამოსასწორებელია. ერთი პატჩი და ყველაფერი გასწორდება."

სანდრო ჭურაძე: ფიფას სერიოზულად 2019 წლის მეორე ნახევრიდან ვთამაშობ, საყვარელიც ალბათ 19-ია, იმიტომ, რომ წინა ფიფებთან შედარებით, გარდამტეხი ცვლილებები შეიტანეს და შედარებით ევოლუციური იყო, პანდემიამდე არაერთ ტურნირზე გამოვდიოდი, რომლებიც სხვადასხვა გეიმინგ სივრცეებში ტარდებოდა, სადაც 1-2 გამარჯვება მაქვს მოპოვებული და ფიფა 20-ში კი კიბერსპორტის ფედერაციის თბილისის თასზე გავედი სადაც მე-3 ადგილი დავიკავე და საქართველოს ეროვნულ ლიგაში მოვხვდი.

'თამაშის დასაწყისში ხშირია ხოლმე, როცა მეტოქეს უაზროდ რჩება ბურთი'

ჩემი აზრით, როგორც წინა წლებში, ფიფა 21-შიც, ჯერ ბევრი რაღაც დასახვეწია. პირველ რიგში, თამაშის დასაწყისში ხშირია ხოლმე, როცა მეტოქეს უაზროდ რჩება ბურთი, ან იღებს ბურთს შენი მეკარე და ისევ იმავე თავდასხმელს მისდის უკან ცარიელ კარში, რაც არცთუ ისე იშვიათად ხდება და არის კიდევ პატარ-პატარა დეტალები. სეზონის დაწყებისას რთულია შენთვის იდეალური იყოს ფიფა, დრო გჭირდება, რომ მოერგო. პლუსი ის ვნახე, რომ დახვეწილია მოძრაობა, სუსტი ფეხი, შედარებით დაბალი დარტყმის მაჩვენებელი ვისაც აქვს, გადამწყვეტ ბურთებს ერთი-ერთზე იტანენ - ანუ, იმის თქმა მინდა, რომ რეალობასთამ არის კიდევ უფრო მიახლოებული."

როგორც ხედავთ, FIFA 21 იდეალური თამაში ნამდვილად არ არის, თუმცა, ის საკმაოდ კარგია და ღირს, რომ შეიძინოთ. ის თქვენს მოლოდინს ალბათ არ გადააჭარბებს, თუმცა არც იმედს გაგიცრუებთ: თუ მისგან სწრაფ, დინამიურ ფეხბურთს მოელით, კარგი გეიმფლეითა და ვიზუალით, FIFA 21-ს ეს ყველაფერი ნამდვილად აქვს. თუმცა, Volta-ში დაშვებული შეცდომები, პერსონალიზაციისა და თავდაცვითი სტრატეგიების ნაკლებობა და სხვა მცირე მინუსებიც აღსანიშნავია. იმედია, ახალი თაობის კონსოლებზე, EA კიდევ უფრო უკეთეს საფეხბურთო გამოცდილებას შემოგვთავაზებს.

FIFA 21 უკვე ხელმისაწვდომია PlayStation 4-ზე, Xbox One-ზე, Nintendo Switch-სა და პერსონალურ კომპიუტერზე. მისი სტანდარტული ვერსია 60 $ ღირს, Champions ვერსია 80 $, ხოლო Ultimate ვერსია 100 $.

კომენტარები

ბოლო ამბები